Facebook Twitter

საქმე Nბს-704(კ-19) 2 ივლისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს გენერალური პროკურატურა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - კ. ა-ა (მოსარჩელე)

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 იანვრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. ა-ამ 2018 წლის 8 მაისს სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს მთავარი პროკურატურისა და მესამე პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მატერიალური ზიანის - 39 335 ლარისა და მორალური ზიანის 150 000 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით კ. ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს მთავარ პროკურატურას დაეკისრა კ. ა-ას სასარგებლოდ მატერიალური ზიანის 600 ლარის ოდენობით, ხოლო მორალური ზიანის სახით 10000 ლარის ანაზღაურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, ასევე კ. ა-ამ და მოითხოვეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებით მათ სასარგებლოდ ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 ლის 16 იანვრის განჩინებით, კ. ა-ასა და საქართველოს გენერალური პროკურატურის (საქართველოს მთავარი პროკურატურის უფლებამონაცვლე) სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომელზეც სააპელაციო სასამართლოში მიუთითებდა საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 იანვრის განჩინება საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ხოლო აღნიშნული განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში არ არის გასაჩივრებული კ. ა-ას მიერ. ამდენად, გადაწყვეტილება ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში და მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს მხოლოდ საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლიანობა წარმოადგენს.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს და საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლებზე მითითებით განმარტავს, რომ საჯარო მოხელის ქმედებით ან გადაწყვეტილებით მიყენებული ზიანი სახელმწიფოს მხრიდან ექვემდებარება ანაზღაურების ვალდებულებას, იმ შემთხვევაში თუ ზიანი მიყენებულია განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით და ადმინისტრაციულ ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ განხორციელებულ ქმედებასა (მოქმედება ან უმოქმედობა) და დამდგარ შედეგს (ზიანი) შორის არსებობს პირდაპირი და უშუალო მიზეზობრივი კავშირი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს; ხოლო აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. ამასთან, ამავე კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ივლისის განაჩენის შესაბამისად, კ. ა-ასა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ფ. ს-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 დეკემბრის განაჩენი და კ. ა-ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ და ,,თ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 დეკემბრის N1/-ბ-888-2008 განაჩენით, სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. კ. ა-ას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი, ხოლო ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის N1/184-08 განაჩენის თანახმად, კ. ა-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ 2001 წლის ივლისში მოქმედი საქათველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით, 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ ქმედებებში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით 03 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მოთხოვნათა შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლით, მასვე დაემატა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 სექტემბრის განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 08 (რვა) თვე და საბოლოოდ კ. ა-ას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლითა და 08 (რვა) თვით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის განაჩენით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 დეკემბრის განაჩენში, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით განსაზღვრულ ძირითად სასჯელში შევიდა ცვლილება და კ. ა-ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე- 2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ და 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად შემცირებულმა სასჯელმა - 3(სამი) წლით და 9 (ცხრა) თავისუფლების აღკვეთამ სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად შთანთქა სსკ-ის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული და ამნისტიის გამოყენების შედეგად დანიშნული სასჯელი - 2 (ორი) წელი და 3(სამი)თვე თავისუფლების აღკვეთა და კ. ა-ას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით, აღნიშნულმა სასჯელმა სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად შთანთქა წინა, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი და 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად შემცირებული სასჯელი - 6 (ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, კ. ა-ას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით. მსჯავრდებულ კ. ა-ას სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან - 2008 წლის 2 აპრილიდან. საბოლოო სასჯელში ჩაეთვალა პირველი განაჩენით მოხდილი სასჯელი - 1 წელი და 4 თვე და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში კ. ა-ას მიმართ სისხლის სამართლის საქმის უკანონოდ აღძვრა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ივლისის განაჩენი ერთობლიობაში ქმნის მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს.

საკასაციო პალატა მორალური ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არამატერიალური (მორალური) ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მორალური ზიანის მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების, ობიექტური გარემოებებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ კ. ა-ას მიერ პატიმრობაში გატარებული დროისა და იმ განცდების გათვალისწინებით, რაც მას თან ახლავს უკანონო მსჯავრდებას, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 10 000 ლარის საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის დაკისრება მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციულია.

რაც შეეხება მატერიალური ზიანის ანაზღაურების საკითხს, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი ი/მ ,,ა. ქ-ის“ სს ,,ს… ბანკის“ საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის თანახმად დადგენილია, რომ ა. ქ-ისათვის გადახდილია თანხა - 600 ლარი კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე საადვოკატო მომსახურებისათვის, შესაბამისად, მართებულია სასამართლოს შეფასება, რომ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს მატერიალური ზიანი 600 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე