#ბს-1605(კ-18) 25 აპრილი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა რ. წ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 25 აპრილს რ. წ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე, კერძოდ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სს „...ას“ სახელზე რეგისტრირებულ ბინაზე (მდებარე: ქ. თბილისი, ... ქ. #13, პირველი სართული, 45,19 კვ.მ ფართი (ს/კ ...) ყადაღის დადებასა და გამოსახლების პროცესის შეჩერებაზე იშუამდგომლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 აპრილის განჩინებით რ. წ-ის განცხადება სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; განსახილველ საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერდა აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის (დელეგირებული ფუნქცია) სამმართველოს ქ. თბილისის განყოფილების წარმოებაში არსებული რ. წ-ის წინააღმდეგ მიმდინარე სააღსრულებო წარმოება; რ. წ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების - ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
2014 წლის 8 მაისს რ. წ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ და მესამე პირის - სს „...ას“ მონაწილეობით.
მოსარჩელემ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის ლ. ყ-ის 2013 წლის 22 თებერვლის #12066100-017/001 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, განხორციელდა მისი ქონების, ერთადერთი საცხოვრებელი ბინის იძულებითი წესით გასხვისება. აღნიშნულთან დაკავშირებით აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა აუქციონი ისე, რომ აუქციონის დანიშვნის, ქონების შეფასების ან ქონების აუქციონის წესით გასხვისების შესახებ მას არც წერილობითი და არც სატელეფონო შეტყობინება არ მიუღია. მოსარჩელის განმარტებით, იძულებითი აუქციონის ერთადერთი მონაწილე გახლდათ სს „...ა“, რომლის სახელზეც არის რეგისტრირებული აღნიშნული ქონება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება სს „...ა“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით რ. წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 აპრილის განჩინებით სარჩელის უზრუნველსაყოფად მიღებული ღონისძიება - აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის (დელეგირებული ფუნქცია) სამმართველოს ქალაქ თბილისის განყოფილების წარმოებაში არსებული რ. წ-ის წინააღმდეგ მიმდინარე სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. წ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინებით რ. წ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.
სს „...ას“ მიერ ხარვეზის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2012 წლის 22 ნოემბრის გაფრთხილებით განსაზღვრული ერთთვიანი ვადის დარღვევით წარდგენასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ საქმეზე სააღსრულებო ბიუროდან გამოთხოვილი სააღსრულებო წარმოების მასალების შესწავლის საფუძველზე დგინდება, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2012 წლის 22 ნოემბრის გაფრთხილება კრედიტორ სს „...ას“ ჩაჰბარდა 2012 წლის 26 ნოემბერს; სასამართლოს მითითებით, საქმეში დაცულია სს „...ას“ წარმომადგენლის ნ. დ-ის 2012 წლის 26 დეკემბრით დათარიღებული განცხადება, რომელშიც განმცხადებელი შესწორებული სააღსრულებო ფურცლისა და განჩინების საფუძველზე ითხოვდა საქმის წარმოების განახლებას. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 1 მარტის #20964 და 2016 წლის 4 მარტის #22026 წერილებზე, რომლებშიც აღნიშნულია, რომ კრედიტორის წარმომადგენლის განცხადება, შესწორებული სააღსრულებო ფურცელი და განჩინება სააღსრულებო ბიუროს წარედგინა დადგენილი 1-თვიანი ვადის დაცვით - 2016 წლის 26 დეკემბერს, ხოლო დასკანირებული დოკუმენტი ელექტრონულად აიტვირთა 2012 წლის 29 დეკემბერს.
სასამართლომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ყურადღება გაამახვილა მტკიცებულებათა წარდგენის გზით ფაქტის მტკიცების საპროცესო მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ აპელანტმა თავი ვერ გაართვა მტკიცების ტვირთს და ვერ წარადგინა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გამომრიცხავი მტკიცებულებები, რამაც მისი სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებლად აქცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. წ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული რ. წ-ესა და სს „...ას“ შორის ხელშეკრულების დადების მომენტში არსებული გარემოებები, საკრედიტო იპოთეკის ხელშეკრულების მე-8 და მე-9 მუხლების ბათილობის შესახებ. ამასთან, აღმასრულებლის მიერ არ განხორციელებულა ქონების დათვალიერება და შეფასება კანონის შესაბამისად, მეტიც, აღმასრულებელი ქონების დათვალიერებისა და შეფასების ოქმში უთითებს, რომ მეზობლების განმარტებით აღნიშნულ მისამართზე რ. წ-ე არ ცხოვრობს, თუმცა ოქმზე არ არის არც ერთი მეზობლის ხელმოწერა.
კასატორის მითითებით, არ მოხდა მისი სათანადო ინფორმირება. მას არ ჩაჰბარებია წერილობითი თუ სიტყვიერი გაფრთხილება მოსალოდნელი შედეგების შესახებ. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მისი ინფორმირება მოხდა საჯარო შეტყობინების გზით, რომელიც კასატორის მოსაზრებით, არის უკიდურესი გზა ინფორმაციის მისაწოდებლად. კასატორი ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ კრედიტორისათვის დადგენილი ხარვეზის გამოსწორების ბოლო დღე იყო 2012 წლის 26 დეკემბერი, თუმცა კრედიტორმა აღსრულების ფურცელი სააღსრულებო ბიუროში შეიტანა 29 დეკემბერს, რაც ემთხვევა არასამუშაო დღეს. კასატორის მითითებით, მის მიმართ დაირღვა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 47.4 მუხლი, ვინაიდან აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი ორგანოს შეფასების დასკვნა გაიცა 2013 წლის 25 იანვარს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ. წ-ის საკასაციო საჩივარი. ამავე განჩინებით, კასატორს – რ. წ-ეს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. წ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის ლ. ყ-ის 2013 წლის 22 თებერვლის #12066100-017/001 განკარგულების კანონიერება. კასატორი სადავოდ ხდის აღმასრულებლის მოქმედების კანონიერებას. კერძოდ, განმარტავს, რომ არ მომხდარა მისი სათანადო ინფორმირება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ იმ გარემოებებზე, რომ გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ 2012 წლის 29 დეკემბრისა და 2013 წლის 11 იანვრის წინადადებები რ. წ-ეს გაეგზავნა სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მისამართზე, თუმცა მას წინადადება ვერ ჩაჰბარდა. ამასთან, საქმეში არსებული, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 21 იანვრის სააღსრულებო მოქმედებების განხორციელების შესახებ ოქმებით დასტურდება, რომ სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, აღმასრულებელი გამოცხადდა სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, ქუჩა - ..., #13, მოვალე რ. წ-ისთვის გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადების ჩაბარების მიზნით. წინადადების ჩაბარება მოვალისათვის ვერ მოხერხდა, მისამართზე მისი არყოფნის გამო.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების საფუძველზე აღმასრულებელი უფლებამოსილი იყო მიეღო განკარგულება სააღსრულებო წარმოების მოვალის - რ. წ-ის მიმართ აღსრულების ღონისძიების - გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადების საჯაროდ შეტყობინების თაობაზე, რაც გამოქვეყნდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებ გვერდზე. აღნიშნულით კი, უზრუნველყოფილ იქნა რ. წ-ის ინფორმირება აღსასრულებელი გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შედეგების შესახებ. ამდენად, მოსარჩელეს წინადადება ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით.
ამასთანავე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-8 პუნქტზე, რომლის თანახმად, მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, სს „...ას“ მიერ ხარვეზის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2012 წლის 22 ნოემბრის გაფრთხილებით განსაზღვრული ერთთვიანი ვადის დარღვევით წარდგენასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეზე სააღსრულებო ბიუროდან გამოთხოვილი სააღსრულებო წარმოების მასალების შესწავლის საფუძველზე მართებულად შეაფასა ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ წერილობითი მტკიცებულების წარდგენის გზით დაადასტურა კრედიტორის მხრიდან ხარვეზის გამოსწორების მიზნით განსაზღვრული ვადის დაცვის ფაქტი, ხოლო რ. წ-ემ თავი ვერ გაართვა მტკიცების ტვირთს და ვერ წარადგინა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გამომრიცხავი მტკიცებულებები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, თუ კასატორს წინასწარ არ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივარზე და ასევე მას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადავადებული აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შემთხვევაში, მას დაეკისრება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორს - რ. წ-ეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კასატორს - რ. წ-ეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 90 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. წ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინება;
3. რ. წ-ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 90 ლარის გადახდა;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი