Facebook Twitter

№ბს-1473(კ-18) 25 აპრილი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. და ე. ი-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 8 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 8 აპრილს მ. ი-მა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლითაც იშუამდგომლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 192-ე, 198.2 მუხლის „ბ“ პუნქტისა და 198.3 მუხლების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურის აღსრულების პოლიციის 2015 წლის 24 მარტის A14053403-006/004 განკარგულებით გათვალისწინებული შპს „...ის“ მიერ 2014 წლის 17 ივლისს წარდგენილი №478236 განცხადების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეჩერების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აპრილის განჩინებით მ. ი-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; დავის საბოლოო გადაწყვეტამდე შეჩერდა შპს „...ის“ მიერ 2014 წლის 17 ივლისს წარდგენილი №478236 განცხადების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება უძრავ ქონებზე, მდებარე: დედოფლისწყაროს რ/ნ, სოფ. ...ე ს/კ ... .

2015 წლის 24 აპრილს ე. და მ. ი-ებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ.

მოსარჩელეების განმარტებით, თანასაკუთრებაში გააჩნდათ დედოფლისწყაროს რ/ნ, სოფ. ...ში მდებარე საწყობი (ს/კ ...). აღნიშნული საწყობი მათ მიიღეს მემკვიდრეობით თითოეულმა საწყობის ½ ნაწილი. 2011 წლის 17 მაისს მ. ი-მა გააფორმა ხელშეკრულება შპს „...თან“ და აიღო სესხი. ამავე ხელშეკრულებით იპოთეკით დაიტვირთა საწყობი. მ. ი-ი სრულად იხდიდა თანხას სესხით სარგებლობისთვის, მაგრამ ვერ შეძლო სესხად აღებული ძირი თანხის ნაწილობრივ გადახდა, რის შედეგადაც შპს „...მა“ საწყობი გაიტანა აუქციონზე. აუქციონის შედეგების შედეგად საწყობი გადაეცა შპს „...ს“. 2014 წლის 22 ივლისს ჩაიბარეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის გაფრთხულება სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე.

მოსარჩელეების მითითებით, აუქციონი ჩატარდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 25.12 მუხლისა და „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნების მიუხედავად, თანამესაკუთრეებს არ მიეწოდათ ინფორმაცია იძულებითი აღსრულების დაწყების შესახებ და ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ. ობიექტის იძულებით აუქციონზე რეალიზაცია განხორციელდა მესაკუთრისთვის შეტყობინების გაგზავნის გარეშე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა შპს „...ის“ მიერ 2014 წლის 17 ივლისს წარდგენილი №478236 განცხადების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების, მათ შორის აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის 2015 წლის 24 მარტის A14053403-006/004 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 თებერვლის სასამართლო სხდომაზე დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა და მოსარჩელეებმა მოითხოვეს უკანონოდ იქნეს ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის 2015 წლის 24 მარტის ქმედება, რომლითაც გამოიცა განკარგულება და საჯარო შეტყობინების გზით მოხდა მხარეთა ინფორმირებულება გაფრთხილებასთან დაკავშირებით გამოსახლებასთან მიმართებაში და აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 21 იანვრის განკარგულების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 თებერვლის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „...ი“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 მარტის განჩინებით მოპასუხე მხარის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ადმინისტრაციულ საქმეზე 3/2993-15, მოსარჩელეები - მ. ი-ი, ე. ი-ი, მოპასუხეები - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიურო, დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების უკანონოდ ცნობა, შეწყდა საქმის წარმოება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 21 იანვრის განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ე. ი-ის და მ. ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი, ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - შპს „...ის“ მიერ 2014 წლის 17 ივლისს წარდგენილი №478236 განცხადების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების, უძრავ ქონებაზე, მდებარე დედოფლისწყაროს რაიონი სოფელ ...ე, ს/კ №..., აღსრულების შეჩერების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 აპრილის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 2017 წლის 28 მარტის №3/2993-15 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში შეტანილი იქნა შესწორება და იგი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად - „გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - შპს „...ის“ მიერ 2014 წლის 17 ივლისს წარდგენილი №478236 განცხადების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების, უძრავ ქონებაზე, მდებარე დედოფლისწყაროს რაიონი სოფელ ...ე, ს/კ №..., შეჩერების თაობაზე“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მ. და ე. ი-ებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. და ე. ი-ებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 დეკემბრის განჩინებით მ. ი-ისა და ე. ი-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წელის 28 მარტის განჩინება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 8 მაისის განჩინებით მ. ი-ისა და ე. ი-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 20 ივლისს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის მიერ მოვალე მ. ი-ის და ე. ი-ის მიმართ გამოცემულ იქნა A14053403-005/003 გაფრთხილება სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე. აღნიშნული გაფრთხილების შესაბამისად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მოვალეებს - მ. ი-ს და ე. ი-ს განემარტათ მითითებულ მისამართზე მდებარე ქონების ნებაყოფლობით გამოთავისუფლების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდებოდა მათი იძულებითი გამოსახლება. აღნიშნული გაფრთხილება ჩაიბარა მ. ი-მა პირადად.

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 2 მარტს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის მიერ მოვალე მ. ი-ის და ე. ი-ის მიმართ გამოცემულ იქნა A14053403-005/005 გაფრთხილება სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე. აღნიშნული გაფრთხილების შესაბამისად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მოვალეებს - მ. ი-ს და ე. ი-ს განემარტათ მითითებულ მისამართზე მდებარე ქონების ნებაყოფლობით გამოთავისუფლების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდებოდა მათი იძულებითი გამოსახლება 2016 წლის 16 მარტს 13:00 საათზე. აღნიშნული გაფრთხილება გაეგზავნა მოსარჩელე მხარეს, თუმცა ვერ ჩაბარდა, იმ საფუძვლით, რომ მიმღები არ დახვდათ მისამართზე, მიმღებმა შეიცვალა მისამართი, არასწორი ან არასრული მისამართი. აღსრულების პოლიციელმა რ. გ-ამ, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის საფუძველზე, გამოსცა A14053403-006/004 განკარგულება აღსრულების მხარისათვის და სხვა მონაწილე პირისათვის სააღსრულებო მოქმედების საჯარო შეტყობინების შესახებ. მოვალეებს - ე. ი-ს და მ. ი-ს, საჯარო შეტყობინების გზით მიეცა გაფრთხილება სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე. აღნიშნული განკარგულების შესაბამისად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მოვალეებს - მ. ი-ს და ე. ი-ს განემარტათ მითითებულ მისამართზე მდებარე ქონების ნებაყოფლობით გამოთავისუფლების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდებოდა მათი იძულებითი გამოსახლება 2015 წლის 15 აპრილის 13:00 საათზე. საჯარო შეტყობინება განთავსდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ. გვერდზე. შესაბამისად, იგი ჩაბარებულად ჩაითვალა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილი წესით.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეზე, როდესაც აღსასრულებელი გადაწყვეტილება ითვალისწინებს უძრავი ქონების კრედიტორის მფლობელობაში და სარგებლობაში გადაცემას ან/და უძრავი ქონებიდან პირთა გამოსახლებას (გამოყვანას), აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში კრედიტორისათვის გადაცემას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო მოვალეს, ხოლო ამ კანონის მეორე მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადების შემთხვევაში – განცხადებაში მითითებული უძრავი ქონების მფლობელს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული წესით აბარებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც აღინიშნება: ა) გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების ვადა, რომელიც არის 10 კალენდარული დღე; ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) შესახებ; გ) სააღსრულებო მოქმედების დღეს მოვალის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში მის დაუსწრებლად იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) შესახებ; დ) იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) თარიღი და დრო. ამავე კანონის მე-9 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოებისას უძრავი ქონების მფლობელმა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაფრთხილების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარადგინოს ქონების მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ნებაყოფლობით შეასრულოს აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნა უძრავ ქონებაზე მფლობელობისა და სარგებლობის მიტოვების და მისი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში კრედიტორისათვის გადაცემის შესახებ. აღნიშნული ვადის გასვლამდე, მფლობელის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დამატებით 10 დღემდე გაზარდოს დოკუმენტის წარდგენის ვადა, ხოლო მე-10 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ქონების მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტია: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც მფლობელს ანიჭებს უძრავი ქონების ფლობის და ამ ქონებით სარგებლობის უფლებას.

პალატის მითითებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 24 მარტის სადავო სააღსრულებო ქმედება ე. ი-ის და მ. ი-ის მიმართ კანონის მოთხოვნათა დაცვით განხორციელდა დედოფლისწყაროში, სოფ. ...ში მდებარე №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებასთან მიმართებაში, ვინაიდან დადგენილი არ არის, რომ აღნიშნული ქონება ნებაყოფლობით გამოთავისუფლებულია მათი ყოფილი მესაკუთრისაგან, რომელიც წარმოადგენს სააღსრულებო წარმოების მონაწილე მხარეს. ამავდროულად არ არის დადგენილი, რომ მათ მითითებულ ქონებასთან მიმართებაში გააჩნიათ რაიმე უფლება - არ არის წარმოდგენილი მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც მფლობელს ანიჭებს უძრავი ქონების ფლობის და ამ ქონებით სარგებლობის უფლებას, ამასთან, მათ არაერთხელ გაეგზავნათ შეტყობინებები, თუმცა სხვადასხვა მიზეზებით ვერ ჩაბარდათ, ამიტომ სასამართლომ მიიჩნია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის (დელეგირებული ფუნქცია) ქმედება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის ქმედება - 2015 წლის 24 მარტის განკარგულება, საჯარო შეტყობინების გზით ე. ი-ისა და მ. ი-ისათვის გაფრთხილების - მოვალეთა მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე ასევე კანონიერია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 8 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. და ე. ი-ებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვეს.

კასატორების განმარტებით, შპს „...მა“ 2013 წელს ჩუმად ჩაატარა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული აუქციონი, ვინაიდან საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შპს „...მა“ შპს „დ...ის“ მეშვეობით აღნიშნული ქონება 2011 წლის 6 დეკემბერს კერძო აღმასრულებლის საშუალებით გაიტანა აუქციონზე, სადაც „ბე“ გადაიხადა და აუქციონში მონწილეობა მიიღო მ. ი-თან ერთად ქ. გ-მა. უძრავი ქონების ½ წილის მფლობელს ე. ი-ს, შპს „...გან“ სესხი არ ჰქონია აღებული და მისი ქონება ისე გაიტანეს აუქციონზე, რომ შეტყობინება არ გაუგზავნიათ.

კასატორების განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 8 მაისს სხდომა ჩაატარა აპელანტების დასწრების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში იყო წარმოდგენილი ე. ი-ის მიერ წარდგენილი განცხადება სხდომის გადადების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. და ე. ი-ების საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. და ე. ი-ების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ აღმასრულებლის 2015 წლის 24 მარტის ქმედების კანონიერების შეფასება, რომლითაც გამოიცა განკარგულება და საჯარო შეტყობინების გზით მოხდა მხარეთა ინფორმირება გამოსახლების გაფრთხილებასთან დაკავშირებით, ვინაიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 მარტის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 21 იანვრის განკარგულების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, აღსრულების დაწყების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ხდება სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება (მე-6 პუნქტი), აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება თავისი უფლებების, სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგების, იძულებითი აღსრულებისათვის შესაძლო გასატარებელი ღონისძიებების, აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესისა და საშუალებების შესახებ ხორციელდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, როდესაც მოვალეს ეგზავნება 7 დღის ვადაში ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადება (მე-7 პუნქტი). მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება (მე-8 პუნქტი). მითითებული ნორმატიული აქტის 25-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაჰბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. როდესაც კორესპონდენციის მიღება დასტურდება მიმღების ხელმოწერით, ასეთი ხელმოწერა ჩაითვლება ნამდვილად, მაშინაც, თუ იგი შესრულებულია ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალების გამოყენებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე. ამავე კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში - მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით. სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2014 წლის 20 ივლისს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის მიერ მოვალე მ. ი-ის და ე. ი-ის მიმართ გამოცემულ იქნა A14053403-005/003 გაფრთხილება სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე. აღნიშნული გაფრთხილების შესაბამისად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მოვალეებს - მ. ი-ს და ე. ი-ს განემარტათ მითითებულ მისამართზე მდებარე ქონების ნებაყოფლობით გამოთავისუფლების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდებოდა მათი იძულებითი გამოსახლება. აღნიშნული გაფრთხილება ჩაიბარა მ. ი-მა პირადად.

ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 2 მარტს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის მიერ მოვალე მ. ი-ის და ე. ი-ის მიმართ გამოცემულ იქნა A14053403-005/005 გაფრთხილება სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე. აღნიშნული გაფრთხილების შესაბამისად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მოვალეებს - მ. ი-ს და ე. ი-ს განემარტათ მითითებულ მისამართზე მდებარე ქონების ნებაყოფლობით გამოთავისუფლების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდებოდა მათი იძულებითი გამოსახლება 2016 წლის 16 მარტს 13:00 საათზე. აღნიშნული გაფრთხილება გაეგზავნა მოსარჩელე მხარეს, თუმცა ვერ ჩაბარდა, იმ საფუძვლით, რომ მიმღები არ დახვდათ მისამართზე, მიმღებმა შეიცვალა მისამართი, არასწორი ან არასრული მისამართი.

აღმასრულებლის 2015 წლის 24 მარტის A14053403-006/004 განკარგულებით მოვალეებს - ე. ი-ს და მ. ი-ს, საჯარო შეტყობინების გზით მიეცა გაფრთხილება სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე. აღნიშნული განკარგულების შესაბამისად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მოვალეებს - მ. ი-ს და ე. ი-ს განემარტათ მითითებულ მისამართზე მდებარე ქონების ნებაყოფლობით გამოთავისუფლების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდებოდა მათი იძულებითი გამოსახლება 2015 წლის 15 აპრილის 13:00 საათზე. საჯარო შეტყობინება განთავსდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ.გვერდზე. შესაბამისად, იგი ჩაბარებულად ჩაითვალა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილი წესით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, აღსრულების ეროვნული ბიურო მოვალეს, ხოლო ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადების შემთხვევაში - განცხადებაში მითითებული უძრავი ქონების მფლობელს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული წესით აბარებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც აღინიშნება: ა) გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების ვადა, რომელიც არის 10 კალენდარული დღე; ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) შესახებ; გ) სააღსრულებო მოქმედების დღეს მოვალის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში მის დაუსწრებლად იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) შესახებ; დ) იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) თარიღი და დრო. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად კი, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოებისას უძრავი ქონების მფლობელმა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაფრთხილების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარადგინოს ქონების მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ნებაყოფლობით შეასრულოს აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნა უძრავ ქონებაზე მფლობელობისა და სარგებლობის მიტოვების და მისი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში კრედიტორისათვის გადაცემის შესახებ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 24 მარტის სადავო სააღსრულებო ქმედება ე. ი-ის და მ. ი-ის მიმართ კანონის მოთხოვნათა დაცვით განხორციელდა უძრავ ქონებასთან მიმართებაში, ვინაიდან დადგენილი არ არის, რომ აღნიშნული ქონება ნებაყოფლობით გამოთავისუფლებულია მათი ყოფილი მესაკუთრისაგან, რომელიც წარმოადგენს სააღსრულებო წარმოების მონაწილე მხარეს. ამავდროულად არ არის დადგენილი, რომ მათ მითითებულ ქონებასთან მიმართებაში გააჩნიათ რაიმე უფლება - არ არის წარმოდგენილი მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც მფლობელს ანიჭებს უძრავი ქონების ფლობის და ამ ქონებით სარგებლობის უფლებას, ამასთან, მათ არაერთხელ გაეგზავნათ შეტყობინებები, თუმცა სხვადასხვა მიზეზებით ვერ ჩაბარდათ, რის გამოც აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის (დელეგირებული ფუნქცია) ქმედება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

რაც შეეხება კასატორების პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის სასამართლო სხდომა ჩატარდა მათი დასწრების გარეშე და სასამართლომ არ გაითვალისწინა მათი განცხადება საქმის სხვა დროისთვის გადადების თაობაზე, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან, საქმე გადაწყვეტილია სამართლებრივად სწორად და საქმის ხელახლა განხილვით სხვაგვარი გადაწყვეტილება ვერ მიიღება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მ. და ე. ი-ების საკასაციო საჩივარზე მ. ი-ს 11.02.2019წ. №4 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მ. ი-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ... და ე. ი-ების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 8 მაისის განჩინება;

3. მ. ი-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 11.02.2019წ. №4 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი