№ბს-116(კ-19) 25 აპრილი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 27 აპრილს თ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მე. და მ. გ-ები არიან მისი შვილები, მათ თანასაკუთრებაში ჰქონდათ უძრავი ქონება, მდებარე, გორი, სოფ. ...ი. 2014 წლის 14 ნოემბერს მე. და მ. გ-სა და კ. ხ-ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. სესხის დაბრუნება უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით. იპოთეკის საგანს წარმოადგენდა უძრავი ქონება, მდებარე, გორი, სოფ. ...ი, მიწის ნაკვეთის საერთო ფართი - 952 კვ.მ. შენობა-ნაგებობის საერთო ფართი - 316,10კვ.მ (საკადასტრო კოდი ...). აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, იპოთეკარს შეეძლო მოთხოვნის დაკმაყოფილების უზრუნველყოფა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. კ. ხ-ის მოთხოვნით სააღსრულებო ფურცელი გაიცა 2015 წლის 12 აგვისტოს. უძრავ ქონებაზე იძულებითი აუქციონი გაიმართა 2016 წლის 15 იანვარს. რის შემდეგაც თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 26 იანვრის №A15067842-013/001 განკარგულებით უძრავი ნივთის შემძენი გახდა კ. ხ-ი. კ. ხ-მა ქონება შეიძინა 3000 ლარად.
მოსარჩელის განმარტებით, მისმა შვილმა მ. გ-მა არ იცოდა იძულებითი აუქციონოს შესახებ, იმ დროს იგი იყო მძიმე ავადმყოფი და მკურნალობდა სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში, შესაბამისად, მას არ შეეძლო, როგორც მოვალეს, მონაწილეობა მიეღო აუქციონში, ამასთანავე ასევე არ იქნა გათვალისწინებული მე. გ-ის თხოვნა, აუქციონის დროებით გადადების თაობაზე, ვინაიდან, იგი ვერ მიიღებდა აუქციონში მონაწილებას, რადგან იგი თავზე ადგა ძმას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 26 იანვრის №A15067842-013/001 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით საქმეში მესამე პირად ჩაება ა. შ-ი, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით - კ. ხ-ი.
2016 წლის 21 ოქტომბერს მოსარჩელე თ. გ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლების საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით კ. ხ-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: გორის რაიონი, სოფ. ...ი, ს/კ: ..., ყადაღის დადება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით თ. გ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 26 იანვრის №A15067842-013/001 განკარგულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. ხ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსა და კ. ხ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 14 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე კ. ხ-მა მე. გ-სა და მ. გ-ს, აღნიშნული ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით, სამი თვის ვადით ასესხა 9000 (ცხრა ათასი) აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მე. გ-სა და მ. გ-ის თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობებით - უძრავი ქონება, მდებარე, გორი, სოფ. ...ი, მიწის ნაკვეთის საერთო ფართი - 952 კვ.მ. შენობა-ნაგებობის საერთო ფართი - 316,10 კვ.მ. (საკადასტრო კოდი ...).
ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 12 აგვისტოს გაიცა სააღსრულებო ფურცელი მე. გ-ისა და მ. გ-ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, იპოთეკის საგნის რეალიზაციის მიზნით. აღსასრულებელმა მოთხოვნამ შეადგინა: 9000 აშშ დოლარი - სესხის ძირითადი თანხა, სამი თვის განმალობაში მიუღებელი სარგებელი - 993 აშშ დოლარი და 60 ცენტი, პირგასამტეხლო - 0.1% 9 აშშ დოლარი 181 დღეზე - 1629 აშშ დოლარი. აღნიშნულ თანხას დაემატა სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 107 ლარი. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, კრედიტორს წარმოადგენდა კ. ხ-ი, მოვალეებს კი მე. გ-ი და მ. გ-ი.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს კერძო აღმასრულებლის დ. დ-ის მიერ 2015 წლის 30 აგვისტოს მე. გ-სა და მ. გ-ს გაეგზავნათ წინადადებები გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, მოვალეებს მიეცათ წინადადება ნებაყოფლობით, 7 დღის ვადაში შეესრულებინათ მოთხოვნა და შესრულების დადასტურება წარედგინათ აღმასრულებელთან. აღნიშნული წინადადებები მ. გ-სა და მე. გ-ს ფოსტის მეშვეობით 2015 წლის 1 სექტემბერს ჩაბარდათ.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს კერძო აღმასრულებლის დ. დ-ის 2015 წლის 30 აგვისტოს წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეთხოვა, რეგისტრაციაში გაეტარებინა ყადაღა მე. გ-ისა და მ. გ-ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე, გორის რაიონი, სოფ. ...ი, საკადასტრო კოდი ... . 2015 წლის 4 სექტემბერს შედგა მე. გ-ისა და მ. გ-ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი.
შპს „ვ...ის“ 2015 წლის 7 ოქტომბრის №1/03/52 აუდიტორული დასკვნის თანახმად, მე. გ-ისა და მ. გ-ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე გორის რაიონი, სოფ. ...ი, დაზუსტებული ფართობით 952.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი 36.10 კვ.მ, საბაზრო ღირებულება შეადგენს 60000 (სამოცი ათასი) ლარს.
მე. გ-ისა და მ. გ-ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე გასხვისების მიზნით აუქციონი 2015 წლის 16 ნოემბერს დაიწყო და 2015 წლის 14 დეკემბერს დასრულდა. პირველი აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრა 45000 ლარით, პირველ განმეორებით აუქციონზე - 30000 ლარით, ხოლო მეორე განმეორებით აუქციონზე საწყისი ფასი განისაზღვრა - ნული ლარით. მეორე განმეორებით აუქციონზე უძრავი ნივთი გაიყიდა 3000 ლარად. ვინაიდან 2015 წლის 14 დეკემბერს დასრულებულ იძულებით აუქციონზე მე. გ-ისა და მ. გ-ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შემძენმა - კ. ხ-მა კანონით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხადა აუქციონზე შეძენილი ქონების საფასური, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 6 იანვრის №A15067842-011/001 განკარგულებით გაუქმდა 2015 წლის 14 დეკემბრის დასრულებული აუქციონის შედეგები მე. გ-ისა და მ. გ-ის თანასაკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებაზე.
მე. გ-ისა და მ. გ-ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე გასხვისების მიზნით გამართული აუქციონი 2016 წლის 6 იანვარს დაიწყო და 2016 წლის 15 იანვარს დასრულდა. აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრა ნული ლარით. აღნიშნულ აუქციონზე ნივთი 3000 ლარად გაიყიდა. შედეგად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 26 იანვრის №A15067842-013/001 განკარგულებით მოვალეების - მე. გ-ისა და მ. გ-ის თანასაკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (მდებარე, გორის რაიონი, სოფ. ...ი, მიწის ნაკვეთს ფართი 952 კვ.მ. შენობა-ნაგებობების საერთო ფართი 316.10 კვ.მ. საკადასტრო კოდი №...) შემძენი 2016 წლის 15 იანვარს გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა კ. ხ-ი.
სააპელაციო პალატის განმარტებით, იძულებითი აღსრულების პროცესში მოვალის თუ მესამე პირის ქონების იძულებით აუქციონზე გასხვისებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანონის მოთხოვნათა ზედმიწევნით შესრულება, რამეთუ მხოლოდ ასე არის შესაძლებელი საკუთრების უფლების ხელყოფის თავიდან აცილება და მოვალისა და კრედიტორის კანონიერ ინტერესთა ბალანსის დაცვა. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სანოტარო აქტი. ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით, ხოლო მე-7 პუნქტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ, ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები, გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები, დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები, ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები.
ზემოაღნიშნულ ნორმათა დაცვით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2015 წლის 30 აგვისტოს მე. გ-სა და მ. გ-ს გაეგზავნათ წინადადებები გადაწყვეტილების შესრულების შესახებ და მიეცათ წინადადება ნებაყოფლობით, 7 დღის ვადაში შეესრულებინათ მოთხოვნა, შესრულების დადასტურება კი წარედგინათ აღმასრულებელთან. ასევე, მოვალეები გაფრთხილებულ იქნენ, რომ მათ მიმართ განხორციელდებოდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის თანახმად, იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები, წესი და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. შესაბამისად, სააპელაციო პალატის განმარტებით, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მოცემული დავის გადასაწყვეტად სწორად გამოიყენა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები და წესი“, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირველ აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 75%-ს. უძრავი ქონების წინმსწრებ აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში ქონების საწყისი ფასი შეადგენს მესაკუთრის მიერ განსაზღვრულ საწყის ფასს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თუ პირველ აუქციონზე არ მოხდა ქონების რეალიზაცია, აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი აუქციონის დასრულებისთანავე (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცხადებს პირველ განმეორებით აუქციონს. პირველი განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი. პირველ განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 50%-ს. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, თუ ქონების რეალიზაცია პირველ განმეორებით აუქციონზედაც არ მოხდება, აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი განმეორებითი აუქციონის დასრულებისთანავე (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცხადებს მეორე განმეორებით აუქციონს. მეორე განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი. მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ნულ ლარს.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი სრულად უნდა გადაიხადოს აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნული კანონის 76-ე მუხლის მიხედვით, თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონის 75-ე მუხლით დადგენილ ვადაში, იგი კარგავს აუქციონის ჩატარების დღეს გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას, რომელიც მიექცევა აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთრებაში. აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას ჩატარებული აუქციონის შედეგის გაუქმების შესახებ და მისი გამოცემიდან 3 დღის ვადაში აცხადებს ხელახალ აუქციონს, რომელიც არ ჩაითვლება განმეორებით აუქციონად.
სააპელაციო პალატამ ზემოაღნიშნულ ნორმათა შესაბამისად, განმარტა, რომ კანონმდებლობა ერთმანეთისაგან განასხვავებს ხელახალ და განმეორებით აუქციონს. ამასთან, აუქციონის სახის გამიჯვნას არსებითი მნიშვნელობა აქვს აუქციონის ჩატარების შესაბამისი პროცედურის შერჩევისა და ქონების საწყისი ფასის დადგენის მიზნით. ამიტომ, მითითებული საკანონმდებლო ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განმარტება, რომ 2016 წლის 6 იანვარს მე. გ-ისა და მ. გ-ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე გასხვისების მიზნით გამართული აუქციონის გამოცხადება ნულოვანი საწყისი ფასით ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და იძულებითი აუქციონის ჩატარების წესს, ვინაიდან კ. ხ-ის მიერ შეძენილი ქონების ფასის გადაუხდელობის გამო იძულებითი აუქციონის შედეგების გაუქმებამ იძულებითი აღსრულების პროცესი დააბრუნა საწყის ეტაპზე, როდესაც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 76-ე მუხლის თანახმად, უნდა ჩატარდეს ხელახალი აუქციონი. ხელახალი აუქციონი უნდა დაწყებულიყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები და წესის“ შესაბამისად, პირველი იძულებითი აუქციონის გამოცხადებით და ქონების საწყისი ფასი უნდა განსაზღვრულიყო ღირებულების 75%-ით და არა ნული ლარით, ვინაიდან ქონების საწყისი ფასი ნულ ლარს შეადგენს მეორე განმეორებით აუქციონზე. აუქციონზე გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის გადაუხდელობისას აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულებით ჩატარებული აუქციონის შედეგის გაუქმებიდან 3 დღის ვადაში ჩატარებული ხელახალი აუქციონი კი არ ითვლება განმეორებით აუქციონად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის თანახმად, თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონის 75-ე მუხლით დადგენილ ვადაში, იგი კარგავს აუქციონის ჩატარების დღეს გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას, რომელიც მიექცევა აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთრებაში. აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას ჩატარებული აუქციონის შედეგის გაუქმების შესახებ და მისი გამოცემიდან 3 დღის ვადაში აცხადებს ხელახალ აუქციონს, რომელიც არ ჩაითვლება განმეორებით აუქციონად.
კასატორის მითითებით, უდავოა, რომ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მოვალისა და კრედიტორის უფლებები დაცულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ არ მოხდეს მათ ქონებრივი და უფლებრივი მდგომარეობის გაუმართლებელი შეზღუდვა. სააღსრულებო წარმოების ფარგლებში არ უნდა მოხდეს მოვალის, როგორც მესაკუთრის უფლების ხელყოფა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ კრედიტორის სათანადო წესით დადასტურებული აღსასრულებელი მოთხოვნის შესრულება უნდა განხორციელდეს სწორედ მოვალის ქონების იძულებითი რეალიზაციის გზით, ეს უკანასკნელი ცხადია ნიშნავს მესაკუთრის უფლების შეზღუდვას, თუმცა ექცევა უფლების შეზღუდვის კანონისმიერ ფარგლებში.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტება, რომ მიუხედავად ჩაშლილი აუქციონის რიგითობისა, აუქციონის შედეგების გაუქმების შემდგომ ხელახალი აუქციონი უნდა დაიწყოს არა ჩაშლილი, არამედ აუქციონის საწყისი ეტაპიდან, სრულად უგულებელყოფს კრედიტორის ინტერესებს და წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლის ნამდვილ ნებასთან - დაუსრულებლად არ გაგრძელდეს აღსრულების პროცესი და მისი მიმდინარეობის ვადა დამოკიდებული არ იყოს მოვალის/მესამე პირის მხრიდან აუქციონის ხელოვნურად ჩაშლაზე. სააპელაციო სასამართლომ ყურდაღების მიღმა დატოვა ის გარემოება, რომ მოვალის ქონება ერთხელ უკვე იყო გატანილი პირველ და პირველ განმეორებით აუქციონზე, რომლის ფარგლებშიც უძრავი ნივთის რეალიზაცია ვერ განხორციელდა.
კასატორის მოსაზრებით, სადავო ნორმით კანონმდებელი თანაბრად იცავს მოვალისა და კრედიტორის უფლებებს და ცალსახად ადგენს, რომ ერთ ქონებაზე ერთი და იმავე პირობებით განმეორებით არ უნდა ჩატარდეს იძულებითი აუქციონი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში ((№ბს-116(კ-19) კასატორი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო; მოწინააღმდეგე მხარე - თ. გ-ი; მესამე პირები - კ. ხ-ი; ა. შ-ი; დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა) თ. გ-ის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნეს მე. გ-ი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებულია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 26 იანვრის №A15067842-013/001 განკარგულება. სადავო აქტის ბათილად ცნობას მოსარჩელე ითხოვს იმ საფუძვლით, რომ აუქცინო ჩატარდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესების დარღვევით.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 თავით დადგენილია იძულებითი აუქციონის ჩატარების შესაძლებლობა. აღნიშნული კანონის 71-ე მუხლის თანახმად, იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები, წესი და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები და წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირველ აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 75%-ს. უძრავი ქონების წინმსწრებ აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში ქონების საწყისი ფასი შეადგენს მესაკუთრის მიერ განსაზღვრულ საწყის ფასს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თუ პირველ აუქციონზე არ მოხდა ქონების რეალიზაცია, აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი აუქციონის დასრულებისთანავე (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცხადებს პირველ განმეორებით აუქციონს. პირველი განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი. პირველ განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 50%-ს. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, თუ ქონების რეალიზაცია პირველ განმეორებით აუქციონზედაც არ მოხდება, აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი განმეორებითი აუქციონის დასრულებისთანავე (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცხადებს მეორე განმეორებით აუქციონს. მეორე განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი. მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ნულ ლარს.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი სრულად უნდა გადაიხადოს აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნული კანონის 76-ე მუხლის მიხედვით, თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონის 75-ე მუხლით დადგენილ ვადაში, იგი კარგავს აუქციონის ჩატარების დღეს გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას, რომელიც მიექცევა აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთრებაში. აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას ჩატარებული აუქციონის შედეგის გაუქმების შესახებ და მისი გამოცემიდან 3 დღის ვადაში აცხადებს ხელახალ აუქციონს, რომელიც არ ჩაითვლება განმეორებით აუქციონად.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მე. გ-ისა და მ. გ-ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე გასხვისების მიზნით პირველი აუქციონი 2015 წლის 11 ნოემბერს დაიწყო და 2015 წლის 12 დეკემბერს დასრულდა. პირველი აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრა 45000 ლარით, პირველ განმეორებით აუქციონზე - 30000 ლარით, ხოლო მეორე განმეორებით აუქციონზე საწყისი ფასი განისაზღვრა - ნული ლარით. მეორე განმეორებით აუქციონზე უძრავი ნივთი გაიყიდა 3000 ლარად. 2015 წლის 14 დეკემბერს დასრულებულ იძულებით აუქციონზე მე. გ-ისა და მ. გ-ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შემძენმა, კ. ხ-მა კანონით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხადა აუქციონზე შეძენილი ქონების საფასური. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 6 იანვრის განკარგულებით გაუქმდა 2015 წლის 14 დეკემბრის დასრულებული აუქციონის შედეგები მე. გ-ისა და მ. გ-ის თანასაკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებაზე.
საქმეში დაცული მასალებით ასევე დგინდება ის გარემოება, რომ მე. გ-ისა და მ. გ-ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე გასხვისების მიზნით გამართული აუქციონი 2016 წლის 6 იანვარს დაიწყო და 2016 წლის 15 იანვარს დასრულდა. აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრა 0 ლარით. აღნიშნულ აუქციონზე მოხდა ნივთის გაყიდვა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ხელახალ აუქციონს, რომელიც არ იყო განმეორებითი აუქციონი და იგი უნდა ჩატარებულიყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები და წესის“ თანახმად, პირველი იძულებითი აუქციონის გამოცხადებით და ქონების საწყისი ფასი უნდა განსაზღვრულიყო ღირებულების 75%-ით და არა ნული ლარით, ვინაიდან, კ. ხ-ის მიერ შეძენილი ქონების ფასის გადაუხდელობის გამო იძულებითი აუქციონის შედეგების გაუქმებამ იძულებითი აღსრულების პროცესი დააბრუნა საწყის ეტაპზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ 2016 წლის 6 იანვარს მე. გ-ისა და მ. გ-ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე გასხვისების მიზნით გამართული აუქციონის გამოცხადება ნულოვანი საწყისი ფასით ეწინააღმდეგება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საკანონმდებლო ნორმებს, რაც წარმოადგენს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს საკასაციო საჩივარზე 18.09.2018წ. №14229 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინება;
3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.09.2018წ. №14229 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი