Facebook Twitter

№ბს-79(კ-19) 11 აპრილი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 12 თებერვალს ვ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 18 დეკემბერს სომხეთის რეპუბლიკიდან მის საკუთრებაში არსებული FORD TRANSIT-ით (სახ. ნომრით ...) შემოვიდა საბაჟო გამშვები პუნქტ ნინოწმინდის ტერიტორიაზე. მებაჟე ოფიცრის მიერ ავტომანქანის დათვალიერებისას აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა დასახელების სომხური წარმოების დამალული უაქციზო 80 კოლოფი სიგარეტი, რაზედაც შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი #EL067597, ვ. მ-ს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის საფუძველზე სანქციის სახით შეეფარდა 1000 ლარი, ასევე ჩამოერთვა საქონელი და სატრანსპორტო საშუალება. მებაჟე ოფიცრის მიერ ასევე შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალდარღვევის ოქმი. აღნიშნული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული სამართალდაღვევათა კოდექსის 1552 მუხლის პირველი ნაწილით შესაბამისად, ვ. მ-ს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 1000 ლარი, რაც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. მოსარჩელის მითითებით, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ადმინისტრაციული წესით ავტომანქანის კონფისკაციის ნაწილში გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში, რომლის 2018 წლის 18 იანვრის №730 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 18 დეკემბრის №EL067597 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 18 იანვრის №730 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 18 დეკემბრის №EL067597 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 18 იანვრის №730 ბრძანება ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში; მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს დაეკისრა ვ. მ-ის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, როგორც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შინაარსი ცხადყოფს, კონკრეტული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა მოიცავს სამი სახის ღონისძიებას - დაჯარიმებას, საქონლის ჩამორთმევას, სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას. საგულისხმოა, რომ მოცემული სახდელები შეიძლება იყოს როგორც ალტერნატიული, ისე კუმულატიური, რომლის განსაზღვრაც ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. აღნიშნული მუხლით საგადასახადო ორგანოს ენიჭება რა დისკრეციული უფლებამოსილება, მან უნდა იმოქმედოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებით. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილია კანონიერების პრინციპით და უნდა იმოქმედოს დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და პირის ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს არა კონკრეტული ვალდებულების შესრულების მიზნით, არამედ კანონით მინიჭებული თავისუფლების ფარგლებში, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ნაკარნახევი კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად მიღებული საუკეთესო შედეგის მქონე გადაწყვეტილების მიღებით.

კონკრეტულ შემთხევაში, სააპელაციო პალატის განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელის მიმართ ჩადენილი საბაჟო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდებისას დაირღვა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რამეთუ მოსარჩელის მიმართ სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარეშეც, სხვა სანქციის შეფარდებით, სამართალდარღვევის საქმეთა განხილვის მიზანი მიიღწეოდა. კონკრეტული ნორმით დადგენილი სანქციის ალტერნატივის არსებობა კი განპირობებულია სამართალდარღვევის შინაარსისა და სამართალდამრღვევის სუბიექტის მაქსიმალური გათვალისწინებითა და მასთან გამოყენებული სანქციის შესაბამისობის დაცვით. მოცემულ შემთხვევაში კი, მოსარჩელის მიერ სამართალდარღვევა ჩადენილია პირველად, მის მიმართ სანქციის სახით გამოყენებულია ჯარიმაც და საქონლის ჩამორთმევაც, შესაბამისად, დამატებით ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას ეძლევა სადამსჯელო, რეპრესიული ხასიათი, ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპსა და საგადასახადო სანქციის გამოყენების მიზნებს, ჩადენილი სამართალდარღვევის სახე და გამოყენებული სანქცია არ არის თანაბარზომიერი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას. იქიდან გამომდინარე, რომ ვ. მ-ის ქმედება წარმოადგენდა საგადასახადო სამართალდარღვევას, საბაჟოს ოფიცრების მიერ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მოსარჩელეს სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა. კასატორის განმარტებით, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოსარჩელე პირველად არ გადაადგილდებოდა საქართველოს საზღვარზე და მისთვის ცნობილი იყო მოქმედი საბაჟო პროცედურები.

კასატორის მითითებით, ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს შეუძლია გამოიყენოს სანქციის შესაძლო 3 ვარიანტიდან ის, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს, ასევე ის არ არის შეზღუდული გამოიყენოს სანქციის სახეები ცალ-ცალკე ან ყველა ერთად. აღნიშნული წარმოადგენს საგადასახადო ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. კასატორის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ საგრძნობლად იმატა მსგავსი სახის სამართალდარღვევებმა, სახელმწიფოს ინტერესების დაცვის მიზნით, შემოსავლების სამსახურმა სამართალდარღვევების თავიდან ასაცილებლად უნდა მიმართოს შესაძლო მკაცრ ზომებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 18 დეკემბერს სგპ „ნინოწმინდის“ საბაჟო კონტროლის ზონაში სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა სამგზავრო ავტომანქანა FORD TRANSIT-ი (სახ. ნომრით ...), რომელსაც მართავდა ფიზიკური პირი ვ. მ-ი. აღნიშნული ავტომანქანით, ასევე, გადაადგილდებოდნენ მგზავრები, რომლებმაც დაადეკლარირეს აქციზურ მარკირებას დაქვემდებარებული საქონელი, კერძოდ, სიგარეტი და სპირტიანი სასმელი. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის შეკითხვაზე, გადააადგილებდა თუ არა საქართველოს საბაჟო საზღვარზე დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს, ვ. მ-მა განაცხადა, რომ საქონელი არ გააჩნდა. ეჭვის საფუძველზე განხორციელდა ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერება, რის შედეგადაც ავტომანქანის სალონში, მძღოლის სავარძლის ქვეშ აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული საქონელი - 1600 ღერი სიგარეტი „GARNI“.

2017 წლის 18 დეკემბერს, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ ვ. მ-ის მიმართ შედგენილ იქნა №EL067597 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მოსარჩელე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის საფუძველზე, დაჯარიმდა 1 000 (ათასი) ლარით, ჩამოერთვა საქონელი და სატრანსპორტო საშუალება, რაზეც შედგენილ იქნა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი №69302014443.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, აღნიშნული სამართალდარღვევისათვის დაწესებულია რამდენიმე ალტერნატიული სანქციის, მათ შორის რამდენიმე სანქციის კუმულატიურად გამოყენების შესაძლებლობა, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ცალკეული გადაცდომა მათი ერთგვაროვანი შინაარსის მიუხედავად, ყოველთვის ხასიათდება კონკრეტული ობიექტური თუ სუბიექტური მახასიათებლებით, გადაცდომის სიმძიმით, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებით, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს გამოყენებული სანქციის ადეკვატურობას.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ნორმაში ალტერნატიული სანქციის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. ამასთან აღსანიშნავია, რომ სახდელის ალტერნატივის დაწესებით კანონი მათი შერჩევის თავისუფლებას კი არ ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოს, არამედ - სახდელის შერჩევა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და სხვა ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორების ადეკვატურად. როდესაც ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას, იგი უნდა აკმაყოფილებდეს კანონით დადგენილ მინიმალურ სტანდარტს, ხოლო კანონით შეთავაზებული არჩევანის გამოყენების მიზანშეწონილობას სასამართლო ვერ შეაფასებს. სახდელის შეფარდებისას კი, ადმინისტრაციული ორგანო შეზღუდულია სახდელის შეფარდებისათვის დადგენილი ზოგადი პრინციპებით. საგადასახადო პასუხისმგებლობა უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის კომპენსირებას, სამომავლოდ სამართალდარღვევის ჩადენის აცილებას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს სამართალდარღვევის შინაარსი, გამოწვეული ზიანი, სამართალდამრღვევი სუბიექტის პიროვნება და საგადასახადო ორგანომ უნდა იმოქმედოს საჯარო და კერძო ინტერესთა შორის პროპორციულობის პრინციპის დაცვით.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილი ქმედებისთვის საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქციის სამივე სახის გამოყენება, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, წარმოადგენს ზედმეტად მკაცრ ღონისძიებას. სანქციის სახით მხოლოდ 1000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრება და საქონლის ჩამორთმევა სრულად უზრუნველყოფს სანქციის მიზნების მიღწევადობას და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა შეუსაბამოდ ამძიმებს სამართალდამრღვევის მდგომარეობას და პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის კანონიერ ინტერესებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი