№ბს-74(კ-19) 11 აპრილი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 24 ივლისს შპს „...ომ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, გ. ჩ-ე, მ. შ-ი, ბ. ბ-ი და ნ. რ-ი არიან „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეები. 2016 წლის ... ივლისს 12:05 საათზე პაციენტმა მ. შ-მა მიმართა გადაუდებელი დახმარების, ობსერვაციისა და ტქოსიკოლოგიის დეპარტამენტს, დიაგნოზით - „ელექტრონული დენის ზემოქმედება T75.4“. პაციენტმა გ. ჩ-ემ კლინიკას მიმართა 2016 წლის ... ივლისს 22:35 საათზე, დიაგნოზით „თავის ტვინის შერყევა S06.0“. პაციენტი მ. შ-ი გაეწერა 2016 წლის ... ივლისს 13:40 საათზე, ხოლო პაციენტი გ. ჩ-ე ... ივლისს 01:00 საათზე. ორივე პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი ამბოლატორიული მომსახურება, გამოიკვეთა ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები და შეთავაზებულ იქნა ჰოსპიტალიზაცია, რაც არ განხორციელებულა, ვინაიდან მშობლებმა განაცხადეს უარი. როგორც ირკვევა პაციენტებმა შეიცვალეს სამედიცინო დაწესებულება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის განმარტებით, ანაზღაურებაზე უარი „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კანონთან შეუსაბამოა, ვინაიდან, მითითებული ნორმის საფუძველზე მომსახურების დაფინანსება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ განხორციელდება, ხოლო მეორე დაწესებულებაში გაწეული მომსახურების დაფინანსება მოხდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი თავისი სურვილით შეიცვლის მომსახურე სამედიცინო დაწესებულებას სტაციონარული სამედიცინო მომსახურებისას და მისი დაყოვნება აღნიშნულ დაწესებულებაში 24 საათზე ნაკლებია.
მოსარჩელის განმარტებით, როდესაც პაციენტი პირველად აკითხავს სამედიცინო დაწესებულებას გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მისაღებად, იღებს შესაბამის მომსახურებას და ეწერება ბინაზე 24 საათამდე დაყოვნებით, არ შეიძლება ჩაითვალოს ჰოსპიტალიზაციად (სტაციონალურ მომსახურებად), ვინაიდან „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის 385-ე დადგენილების #2 დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სტაციონალური სერვისი მოიცავს მომსახურებას, რაც გულისხმობს 24 საათზე მეტი დროით პაციენტის დაყოვნებას. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების #1 დანართის მე-15 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, სტაციონალურ სამედიცინო მომსახურებად ამ სახელმწიფო პროგრამაში განხილულ უნდა იქნეს მხოლოდ ის შემთხვევები, როდესაც საჭიროა პაციენტის სტაციონარში 24 საათზე მეტი დროით მოთავსება. სტაციონარში მკურნალობის 24 საათზე ნაკლები დროით დაყოვნება (გარდა კრიტიკული მდგომარეობის მართვის, ლეტალური გამოსავლის შემთხვევევის და თვალისა და თვალის დანამატების ტრავმებისა და ქუთუთოს ან საცრემლე პარკის აბსცესებისა), პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, არ განიხილება სტაციონარულ სამედიცინო მომსახურების შემთხვევად. თავისი არსით, გადაუდებელი დახმარების, ობსერვაციის და ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტში გაწეული მომსახურება, რაც გულისხმობს პირველადი დახმარების აღმოჩენას დაყოვნების გარეშე, არ შეიძლება ჩაითვალოს ჰოსპიტალიზაციად.
მოსარჩელის მითითებით, ვინაიდან, შპს „...ოში“ პაციენტების - მ. შ-ისა და გ. ჩ-ის დაყოვნება განხორციელდა გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში 24 საათამდე დროით, სადავო გადაწყვეტილებაში მითითებული ნორმა ვერ გავრცელდებოდა მოცემულ შემთხვევაზე. პაციენტების ჰოსპიტალიზაცია არ განხორციელებულა მშობლების უარის გამო, რაც დასტურდება სამედიცინო დოკუმენტაციით. პაციენტებმა სრულად მიიღეს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება და აღნიშული ექვემდებარება ანაზღაურებას 36-ე დადგენილების 1.3 პუნქტის შესაბამისად.
მოსარჩელის განმარტებით, პაციენტმა ბ. ბ-მა შპს „...ოს“ გადაუდებელი დახმარების, ობსერვაციის და ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტს მიმართა 2016 წლის ... ივლისს 15:40 საათზე. პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება. სამედიცინო ბარათში არსებული ჩანაწერებიდან გამომდინარე, პაციენტი ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებდა და ანაზღაურებაზე უარის განცხადებაც ყოველგვარ დასაბუთებას მოკლებულია. იქიდან გამომდინარე, რომ პაციენტს გაეწია ამბულატორიული მომსახურება კლინიკისადმი განმეორებითი მიმართვა არ შეიძლება ჩაითვალოს რეჰოსპიტალიზაციად. ამასთან, ა(ა)იპ ... კავშირი „...ას“ დასკვნის შესაბამისად, პაციენტს გაეწია სათანადო დახმარება, მისი ჰოსპიტალიზაცია არ გამოუწვევია არაჯეროვან მკურნალობას და პაციენტის სტაციონარიზაციისთვის არ არსებობდა არც ერთი საშიშროების ნიშანი.
მოსარჩელის მითითებით, იგივე უნდა აღინიშნოს 7 თვის პაციენტის - ნ. რ-ის შემთხვევაშიც, რომელმაც სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების, ობსერვაციისა და ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტს მიმართა 2016 წლის ... ივლისს, 23:45 საათზე და გაეწერა 2016 წლის ... ივლისს, 03:00 საათზე. პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება. ამ შემთხვევაშიც, სამედიცინო ბარათში არსებული ჩანაწერითა და ინფორმაციით პაციენტი ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებდა. ასევე ა(ა)იპ ... კავშირი „...ას“ დასკვნიდან გამომდინარე, პაციენტის ჰოსპიტალიზაცია გამოწვეული იქნა არა გაწეული მომსახურების შეუსაბამობით, არამედ დაავადების მიმდინარეობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ პაციენტების - გ. ჩ-ის, მ. შ-ის, ბ. ბ-ისა და ნ. რ-ის სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 24 იანვრის №04/3822 გადაწყვეტილებისა და შპს „...ოს“ 2017 წლის 27 მარტის №570/02 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 23 ივნისის №04/40936 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით შპს „...ოს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...ომ“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ოს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობაზე უარის თქმის შესახებ გ. ჩ-ისა და მ. შ-ის სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ამ ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 24 იანვრის №04/3822 გადაწყვეტილება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, პაციენტების: გ. ჩ-ისა და მ. შ-ის სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში; ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 23 ივნისის №04/40936 გადაწყვეტილება, პაციენტების: გ. ჩ-ისა და მ. შ-ის სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. დანარჩენ ნაწილში (ბ. ბ-ისა და ნ. რ-ის სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი) გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა ძალაში. შპს „...ოს“ მიერ სარჩელზე გადახდილი 100 ლარიდან და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 150 ლარიდან, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისი პროცენტული ოდენობის გათვალისწინებით, 125 ლარი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 125 ლარის გადახდა დაეკისრა სსიპ სოციალური მომსახურის სააგენტოს შპს „...ოს“ სასარგებლოდ.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1-ით დამტკიცებულია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა. აღნიშნული დადგენილების დანართი №1-ის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებს პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობის სახეობები განისაზღვრება შემთხვევათა ტიპების შესაბამისად. თავის მხრივ, შემთხვევები კლასიფიცირდება შემდეგ ტიპებად: ა) გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება (ამბულატორიული და სტაციონარული); ბ) გეგმიური ამბულატორიული მომსახურება; გ) გეგმიური სტაციონარული მომსახურება. ამავე დადგენილების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება პაციენტების: ბ. ბ-ისა და ნ. რ-ის საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მართალია, ... კავშირი „...ას“ 2017 წლის 10 აპრილის №04/03 დასკვნით შპს „...ოს“ მიერ ამ პაციენტების მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურება შეფასებულია სათანადო დახმარებად, თუმცა ამავე დასკვნის შინაარსის და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი სამედიცინო ბარათებით, ამ პაციენტებისათვის არასრული სახით გაწეული სამედიცინო მომსახურების შედეგი იყო ის, რომ მათ დასჭირდათ რეჰოსპიტალიზაცია, მაშინ, როცა კლინიკას ჰქონდა შესაძლებლობა დაფიქსირებული მაჩვენებლების გათვალისწინებით, გაწეული ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების ფარგლებში - 24 საათის განმავლობაში, დაკვირვებოდა მათ მდგომარეობას და მხოლოდ ამის შემდგომ მიეღო გაწერის შესახებ გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განმარტებით, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში შპს „...ოს“ მიერ ბ. ბ-ისა და ნ. რ-ის მიმართ განხორციელდა არასრული სამედიცინო მომსახურება, რაც არ შეესაბამება პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. უფრო მეტიც, ამ პაციენტებთან მიმართებაში საავადმყოფოს მიერ გაკეთებულ შეტყობინებებში გაწერის მიზეზად „გამოჯანმრთელების“ და „სტაბილიზაციის“ დაფიქსირება ასევე არ შეესაბამება ამ პაციენტებთან მიმართებაში არსებულ ინფორმაციას. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს მთავრობის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, რაც ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლო პაციენტების გ. ჩ-ესა და მ. შ-თან მიმართებაში განმარტავს, რომ საქმეზე უდავოდ მიჩნეული ფაქტების გათვალისწინებით, განსახილველი დავის სწორად გადასაწყვეტად უმნიშვნელოვანესია გადაწყდეს შემდეგი საკითხი: როდესაც პაციენტი დაწესებულებაში შეყვანილია ემერჯენსის მიმართულებით (გადაუდებელი დახმარების განყოფილება), როდესაც შევსებულია სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი და როდესაც დაყოვნება სამედიცინო დაწესებულებაში 24 საათზე ნაკლებია, ასეთი პაციენტის მიმართ გაწეული მკურნალობა წარმოადგენს გადაუდებელ სტაციონარულს (რომელიც მოცემულ შემთხვევაში არ ექვემდებარება ანაზღაურებას) თუ გადაუდებელ ამბულატორიულს (ექვემდებარება ანაზღაურებას) და ამდენად, საქართველოს მთავრობის №36 დადგენილების ფარგლებში ექვემდებარება თუ არა ანაზღაურებას კონკრეტული სამედიცინო შემთხვევა.
პალატის მითითებით, გ. ჩ-ისა და მ. შ-ის მიმართ გაწეული მომსახურება წარმოადგენს არა გადაუდებელ სტაციონარულს, არამედ გადაუდებელ ამბულატორიულს, შემდეგ გარემოებათა გამო: „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებად ამ სახელმწიფო პროგრამაში განხილული უნდა იქნეს მხოლოდ ის შემთხვევები, როდესაც საჭიროა პაციენტის სტაციონარში 24 საათზე მეტი დროით მოთავსება (გარდა თვალისა და თვალის დანამატების ტრავმებისა და ქუთუთოს ან საცრემლე პარკის აბსცესების დროს გასაწევი გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისა). შესაბამისად, სტაციონარში მკურნალობის 24 სთ-ზე ნაკლები დროით დაყოვნება (გარდა კრიტიკული მდგომარეობების მართვის, ლეტალური გამოსავლის შემთხვევების და თვალისა და თვალის დანამატების ტრავმებისა და ქუთუთოს ან საცრემლე პარკის აბსცესებისა), პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, არ განიხილება სტაციონარული სამედიცინო მომსახურების შემთხვევად.
პალატის მითითებით, უდავოა, რომ გ. ჩ-ე კლინიკაში დაყოვნდა დაახლოებით 3 საათი, ხოლო მ. შ-ი - 2 საათი, ანუ ისინი კლინიკაში დაყოვნდნენ 24 საათზე ნაკლები დროით, რაც, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამორიცხავს მათთვის გაწეული მკურნალობის სტაციონარულად მიჩნევას. ამდენად, სახეზე შესაძლოა იყოს მხოლოდ ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება. სახეზეა გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევა - არასრულწლოვანი პაციენტი გ. ჩ-ე (17 წლის) დაეცა ,,დსპ“, აღენიშნებოდა მრავალჯერადი ღებინება, თავის ტკივილი, ხოლო პაციენტს - მ. შ-ს (11 წლის) მიღებული ჰქონდა ტრამვა, ელექტრო სადენს შეეხო მარჯვენა ზედა კიდურით, აღენიშნებოდა აღგზნება, ემოციურად გამოხატავდა ტირილით. ორივე პაციენტი შეყვანილი იყო ემერჯენსის მიმართულებით, სასწრაფო სამედიციონო ცენტის მიერ. აღნიშნული დადგენილების მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევაა, როდესაც სამედიცინო დახმარების გარეშე პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება გარდაუვალია. მოცემულ შემთხვევაში, პაციენტების მდგომარეობა კლინიკის მიერ ადეკვატურად იქნა შეფასებული გადაუდებლად, რასაც ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ავადმყოფობის მიმდინარეობა იყო მწვავე (გ. ჩ-ეს დაუდგინდა თავის ტვინის შერყევა - S06.0, მ. შ-ს - ელექტრონული დენის ზემოქმედება - T75.4). ამავე დადგენილების დანართი №1.2-ის შესაბამისად, მითითებული ტრამვებით პაციენტები საჭიროებენ გადაუდებელ მომსახურებას. ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში პაციენტების მდგომარეობის შეფასება და სამედიცინო ჩარევის მიჩნევა გადაუდებელ მომსახურებად, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
სააპელაციო პალატის განმარტებით, განხორციელებული სამედიცინო ჩარევის მიჩნევა გადაუდებელ სტაციონალურად მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე კლინიკამ პაციენტზე შეავსო სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი და არა ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი, ვერ გამოდგება სამედიცინო შემთხვევის სტაციონარულად მიჩნევის საფუძვლად, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №108/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის“ დანართი №1-ით დამტკიცებულია სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის ფორმა; ხოლო მინისტრის 2011 წლის 15 აგვისტოს №01-41/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის“ დანართი №1-ით დამტკიცებულია ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის ფორმა. ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, რადგან მოსარჩელე კლინიკამ შეავსო არა ამბულატორიული, არამედ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი, მან ამით აღიარა, რომ შემთხვევა იყო სტაციონარული და არა ამბულატორიული. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აღნიშნულ განმარტება, რადგან №01-41/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის 1-ლი მუხლის თანახმად, ამბულატორიული დოკუმენტაციის წარმოების წესი საერთოა ყველა ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი პირისათვის (გარდა სტომატოლოგიური, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (emergency-ს) სერვისების მიმწოდებლებისა). ამდენად, აღნიშნული ჩანაწერის თანახმად, გადაუდებელი ამბულატორიული შემთხვევების დროს არ უნდა შეივსოს ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი, მისი შევსების ვალდებულებას არც სხვა რომელიმე აქტი ადგენს, რაც იმას გულისხმობს, რომ გადაუდებელი ამბულატორიული პაციენტის ბარათის შევსების საკითხს თავად კლინიკა წყვეტს. მოცემულ შემთხვევები პაციენტების მდგომარეობიდან გამომდინარე, კლინიკის მხრიდან სწორად შეფასდა გასაწევი სამედიცინო მომსახურება სტაციონალურად, შესაბამისად, შეივსო სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათები, თუმცა არასრულწლოვანი პაციენტების მშობლების სურვილით არ მოხდა ამ პაციენტების კლინიკაში განთავსება. მხოლოდ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის შევსება არ გარდაქმნის ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებად, ვინაიდან აღნიშნული უნდა დადგინდეს არა მხოლოდ ბარათით, არამედ გაწეული მომსახურების სპეციფიკით, დროის ხანგრძლივობით და სხვ. რაზეც მიუთითა სააპელაციო სასამართლომ, მიიჩნია რა შემთხვევა გადაუდებელ ამბულატორიულად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში, გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, ძირითად სამართლებრივ აქტს განსახილველ შემთხვევაში წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“. აღნიშნული დადგენილების მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ პაციენტი თავისი სურვილით შეიცვლის მომსახურე სამედიცინო დაწესებულებას და მისი დაყოვნება აღნიშნულ დაწესებულებაში 24 საათზე ნაკლებია, მომსახურების დაფინანსება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ განხორციელდება, ხოლო მეორე დაწესებულებაში გაწეული მომსახურების დაფინანსება მოხდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ამავე დადგენილების შესაბამისად. პაციენტები გ. ჩ-ე და მ. შ-ი მკურნალობდნენ კლინიკაში გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით, გადმოცემულია შესაბამისი შეტყობინებაც, მაგრამ პაციენტების კანონიერმა წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს კლინიკის მიერ შემოთავაზებულ სტაციონარულ მომსახურებაზე და გადავიდნენ სხვა კლინიკაში, შესაბამისად, პაციენტები თავადვე იყვნენ არა ამბულატორიული მომსახურების მოსარგებლეები, არამედ სტაციონარული კომპონენტის ბენეფიციარები.
კასატორის განმარტებით, ბუნებრივია როდესაც პაციენტი უარის ამბობს სამედიცინო მომსახურებაზე ეს არ არის კლინიკის ბრალეული ქმედება, მაგრამ ამ შემთხვევაში პაციენტები თავადვე სტაციონარული მომსახურების კომპონენტის მოსარგებლეები იყვნენ საჭიროებიდან გამომდინარე. კასატორის მოსაზრებით, უდავოა, რომ ადგილი აქვს შემდეგ ნორმატიულ შინაარსს, თუ პაციენტი თავისი სურვილით შეცვლის/დატოვებს მომსახურე სამედიცინო დაწესებულებას და მისი დაყოვნება აღნიშნულ დაწესებულებაში 24 საათზე ნაკლებია, მომსახურების დაფინანსება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ განხორციელდება, ხოლო მეორე დაწესებულებაში გაწეული მომსახურების დაფინანსება მოხდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ამავე დადგენილების შესაბამისად. შესაბამისად, ვინაიდან, პაციენტებმა უარი თქვეს კლინიკის მომსახურებაზე დადგენილების ფარგლებში, თავადვე უნდა აენაღაურებინათ გაწეული მომსახურება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა მოქმედი კანონმდებლობა, ვინაიდან, ის გარემოება, რომ პაციენტები 24 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში იყვნენ კლინიკაში, უპირობოდ არ ნიშნავს იმას, რომ პაციენტები მხოლოდ ამბულატორიული პროფილის მოსარგებლეები არიან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალების შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით შპს „...ოს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ოს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობაზე უარის თქმის შესახებ გ. ჩ-ისა და მ. შ-ის სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ამ ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 24 იანვრის №04/3822 გადაწყვეტილება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტების: გ. ჩ-ისა და მ. შ-ის სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში; ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 23 ივნისის №04/40936 გადაწყვეტილება პაციენტების: გ. ჩ-ისა და მ. შ-ის სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. დანარჩენ ნაწილში (ბ. ბ-ისა და ნ. რ-ის სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი) გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა ძალაში. შპს „...ოს“ მიერ სარჩელზე გადახდილი 100 ლარიდან და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 150 ლარიდან, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისი პროცენტული ოდენობის გათვალისწინებით, 125 ლარი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 125 ლარის გადახდა დაეკისრა სსიპ სოციალური მომსახურის სააგენტოს შპს „...ოს“ სასარგებლოდ. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია შპს „...ოს“, შესაბამისად, გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებლობის, კერძოდ, ბ. ბ-ისა და ნ. რ-ის სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ შესულია კანონიერ ძალაში.
განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს მხოლოდ პაციენტების - გ. ჩ-ისა და მ. შ-ის შემთხვევების ანაზღაურებას დაქვემდებარება წარმოადგენს, რაც არ ანაზღაურდა საქართველოს მთავრობის №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით („თუ პაციენტი თავისი სურვილით შეიცვლის მომსახურე სამედიცინო დაწესებულებას და მისი დაყოვნება აღნიშნულ დაწესებულებაში 24 საათზე ნაკლებია, მომსახურების დაფინანსება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ განხორციელდება“).
დადგენილია, რომ გ. ჩ-ე და მ. შ-ი წარმოადგენენ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების მოსარგებლე პირებს.
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ბ.ა.“ ქვეპუნქტების თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი შემთხვევის მონაცემები არ ემთხვევა პროგრამის განმახორციელებლის მიერ ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე დადგენილ ფაქტებს, მათ შორის, სტაციონარული შემთხვევების დროს, მოსარგებლის სამედიცინო დოკუმენტაციით არ მტკიცდება მოსარგებლის დაწესებულებაში 24 საათზე მეტი დროით მოთავსება, გარდა პროგრამით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად (სადავო აქტის გამოცემის პერიოდში მოქმედი რედაქცია), თუ პაციენტი თავისი სურვილით შეიცვლის მომსახურე სამედიცინო დაწესებულებას და მისი დაყოვნება აღნიშნულ დაწესებულებაში 24 საათზე ნაკლებია, მომსახურების დაფინანსება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ განხორციელდება; მე-7 პუნქტის თანახმად კი, სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებად ამ სახელმწიფო პროგრამაში განხილული უნდა იქნეს მხოლოდ ის შემთხვევები, რომლებიც საჭიროებენ პაციენტის სტაციონარში 24 საათზე მეტი დროით მოთავსებას (გარდა თვალისა და თვალის დანამატების ტრავმებისა და ქუთუთოს ან საცრემლე პარკის აბსცესების დროს გასაწევი გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისა). შესაბამისად, სტაციონარში მკურნალობის 24 სთ-ზე ნაკლები დროით დაყოვნება (გარდა კრიტიკული მდგომარეობების მართვის, ლეტალური გამოსავლის შემთხვევების და თვალისა და თვალის დანამატების ტრავმებისა და ქუთუთოს ან საცრემლე პარკის აბსცესებისა), პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, არ განიხილება სტაციონარული სამედიცინო მომსახურების შემთხვევად.
საქმის მასალების მიხედვით, შპს „...ოს“ 2016 წლის 15 ივლისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №39151 ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) და №14968 სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი - გ. ჩ-ე 2016 წლის ... ივლისს 22:35 საათზე შეიყვანეს შპს „...ოს“ გადაუდებელი დახმარების, ობსერვაციისა და ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტში, სადაც ჩაუტარდა გადაუდებელი ამბოლატორიული მომსახურება. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: S06.0. თავის ტვინის შერყევა Commotio cerebri. მოკლე ანამნეზში მითითებულია, რომ მშობლის გადმოცემით, ბავშვს 18:00 საათზე დაეცა „დსპ“, რის შედეგადაც აღენიშნა მრავალჯერადი ღებინება, თავის ტკივილი, რის გამოც მიყვანილ იქნა კლინიკაში. ავადმყოფობის მიმდინარეობა იყო მწვავე. ჩატარებული მკურნალობა: ორალური რეჰიდრატაცია, მონიტორინგი. მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას იყო უცვლელი. პაციენტი საჭიროებდა სტაციონარულ მკურნალობას, თუმცა დედამ უარი განაცხადა და გაეწერა ბინაზე 2016 წლის ... ივლისს 01:00 საათზე.
შპს ,,...ოს“ 2016 წლის ... ივლისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №42129 ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) და №16077 სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი - მ. შ-ი 2016 წლის ... ივლისს 12:05 საათზე შეიყვანეს შპს ,,...ოს“ გადაუდებელი დახმარების, ობსერვაციისა და ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტში, სადაც ჩაუტარდა გადაუდებელი ამბოლატორიული მომსახურება. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: T75.4. ელექტრული დენის ზემოქმედება. მოკლე ანამნეზში მითითებულია, რომ მშობლის გადმოცემით, ბავშვმა მიიღო ტრავმა ელექტრო სადენს შეეხო მარჯვენა ზედა კიდურით. აღენიშნებოდა აღგზნება, ემოციურად გამოხატავდა ტირილით, რის გამოც მიყვანილ იქნა კლინიკაში. ავადმყოფობის მიმდინარეობა იყო მწვავე. მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას იყო დამაკმაყოფილებელი. მშობელმა უარი განაცხადა ჰოსპიტალიზაციაზე და გაეწერა 2016 წლის ... ივლისს 13:40 საათზე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ განსახილველი დავის სწორად გადასაწყვეტად უმნიშვნელოვანესია გადაწყდეს შემდეგი საკითხი: როდესაც პაციენტი დაწესებულებაში შეყვანილია ემერჯენსის მიმართულებით (გადაუდებელი დახმარების განყოფილება), როდესაც შევსებულია სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი და როდესაც დაყოვნება სამედიცინო დაწესებულებაში 24 საათზე ნაკლებია, ასეთი პაციენტის მიმართ გაწეული მკურნალობა წარმოადგენს გადაუდებელ სტაციონარულს (რომელიც მოცემულ შემთხვევაში არ ექვემდებარება ანაზღაურებას) თუ გადაუდებელ ამბულატორიულს (ექვემდებარება ანაზღაურებას) და ამდენად, საქართველოს მთავრობის №36 დადგენილების ფარგლებში ექვემდებარება თუ არა ანაზღაურებას კონკრეტული სამედიცინო შემთხვევა.
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებად ამ სახელმწიფო პროგრამაში განხილული უნდა იქნეს მხოლოდ ის შემთხვევები, რომლებიც საჭიროებენ პაციენტის სტაციონარში 24 საათზე მეტი დროით მოთავსებას (გარდა თვალისა და თვალის დანამატების ტრავმებისა და ქუთუთოს ან საცრემლე პარკის აბსცესების დროს გასაწევი გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისა). შესაბამისად, სტაციონარში მკურნალობის 24 სთ-ზე ნაკლები დროით დაყოვნება (გარდა კრიტიკული მდგომარეობების მართვის, ლეტალური გამოსავლის შემთხვევების და თვალისა და თვალის დანამატების ტრავმებისა და ქუთუთოს ან საცრემლე პარკის აბსცესებისა), პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, არ განიხილება სტაციონარული სამედიცინო მომსახურების შემთხვევად.
დადგენილია, რომ გ. ჩ-ე კლინიკაში დაყოვნდა დაახლოებით 3 საათი, ხოლო მ. შ-ი 2 საათი, ანუ ისინი კლინიკაში დაყოვნდნენ 24 საათზე ნაკლები დროით, რაც, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამორიცხავს მათთვის გაწეული მკურნალობის სტაციონარულად მიჩნევას. ამდენად, სახეზე შესაძლოა იყოს მხოლოდ ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არასწორად გამოიყენა მოქმედი კანონმდებლობა, ვინაიდან, ორივე პაციენტის შემთხვევაში სახეზე იყო გადაუდებელი სამედიცინი შემთხვევა, ორივე პაციენტი შეყვანილი იყო ემერჯენსის მიმართულებით, სასწრაფო სამედიცინო ცენტის მიერ, ზემოაღნიშნული დადგენილების მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად კი, გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევაა, როდესაც სამედიცინო დახმარების გარეშე პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება გარდაუვალია. მოცემულ შემთხვევაში, პაციენტების მდგომარეობა კლინიკის მიერ ადეკვატურად იქნა შეფასებული გადაუდებლად, რასაც ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ავადმყოფობის მიმდინარეობა იყო მწვავე (გ. ჩ-ეს დაუდგინდა თავის ტვინის შერყევა - S06.0, მ. შ-ს - ელექტრონული დენის ზემოქმედება - T75.4). დასახელებული დადგენილების დანართი №1.2-ის შესაბამისად, მითითებული ტრამვებით პაციენტები საჭიროებენ გადაუდებელ მომსახურებას. ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში პაციენტების მდგომარეობის შეფასება და სამედიცინო ჩარევის მიჩნევა გადაუდებელ მომსახურებად, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, თუ კასატორს წინასწარ არ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივარზე, მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შემთხვევაში, მას დაეკისრება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 90 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 90 ლარის გადახდა;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი