Facebook Twitter

№ბს-69(კ-19) 11 აპრილი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 3 მაისს ა. ლ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ტერიტორიული ორგანოს 2008 წლის 29 იანვრის მიწის და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №12 ოქმის შესაბამისად შეიძინა 2.08 ჰა მიწის ნაკვეთი და სხვა უძრავი ქონება სარეგისტრაციო ნომრით (ს/კ №...), რომელიც მდებარეობს ახალციხის რაიონში, სოფ. ...ის ტერიტორიაზე. აღნიშნული მიწის ნაკვეთი ამჟამად რეგისტრირებულია სახელმწიფო საკუთრებად. სარეგისტრაციო სამსახურმა მოსარჩელის მიერ წარდგენილი განაცხადის №... საფუძველზე ქონების ეროვნული სააგენტოდან მოითხოვა ინფორმაცია სადავო ქონების განკარგვის შესახებ. სააგენტომ პასუხში გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ ქონების განკარგვა კანონმდებლობით დადგენილი წესით არ მომხდარა, სადავო ქონების მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ოქმი ძალაში შედის საჯარო რეესტრში რეგისტრაციიდან, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულის შემდეგ საჯარო რეესტრმა შეაჩერა №... განაცხადზე სარეგისტრაციო წარმოება და ქონების ეროვნული სააგენტოს წერილის საფუძველზე მოითხოვა გამოსყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა დოკუმენტი და შემდეგ შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 ოქტომბრის №...-08 გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება. აღნიშნული გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრში, რომლის გადაწყვეტილებითაც საჩივარი დარჩა განუხილველად. მოსარჩელემ სადავო უძრავი ქონების რეგისტაციის შესახებ ხელმეორედ კვლავ მიმართა მარეგისტირირებელ ორგანოს, რაზედაც 2018 წლის 19 თებერვლის №...-03 გადაწყვეტილებით ეთქვა უარი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 ოქტომბრის №...-08 გადაწყვეტილებისა და 2018 წლის 19 თებერვლის №...-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის შესაბამისი გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

2018 წლის 18 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარის მიერ დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა და მოსარჩელემ თავდაპირველ მოთხოვნებთან ერთად ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2 აპრილის №... და 2018 წლის 7 მარტის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით ა. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის 2017 წლის 24 ოქტომბრის №...-08 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის 2018 წლის 19 თებერვლის №...-03 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2 აპრილის №... გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისს დაევალა საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 7 მარტის №... გადაწყვეტილება.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება და 2018 წლის 16 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის 2017 წლის 24 ოქტომბრის №...-08 გადაწყვეტილების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 7 მარტის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება; დანარჩენ ნაწილში ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა ძალაში; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ლ-მა 2017 წლის 12 ივლისს №... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით №.... მარეგისტრირებელმა ორგანომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა ინფორმაცია სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის განკარგვის შესახებ. მარეგისტრირებელ ორგანოს ეცნობა, რომ ა. ლ-ის მიერ არ განხორციელებულა 29.01.2008წ. №12 ოქმითა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 23 სექტემბრის №11/1017 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების წესის შესახებ“ დებულებით (09/02/2007-28/09/2010 წწ. მოქმედი რედაქციით) დადგენილ ვადაში საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა მოსარჩელისთვის უფლების რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 სექტემბრის №...-07 გადაწყვეტილებით ა. ლ-ს ეცნობა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პოზიცია და დაევალა წარედგინა სხვა უფლების დამდგენი დოკუმენტი. მოსარჩელის მიერ არ იქნა წარდგენილი სხვა სახის მტკიცებულება. მარეგისტრირებელი ორგანოს 2017 წლის 24 ოქტომბრის №...-08 გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება. გადაწყვეტილებით განიმარტა გასაჩივრების ვადა და წესი. ა. ლ-ს მარეგისტრირებელი ორგანოს 24.10.2017 წლის №...-08 გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია მისი გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში. შესაბამისად, მითითებულმა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივმა აქტმა შეიძინა კანონიერი აქტის სტატუსი და მისი გასაჩივრება აღარ დაიშვებოდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ლ-მა 2018 წლის 2 მარტს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა 24.10.2017 წლის №...-08 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 7 მარტის №... გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ ადმინისტრაციული საჩივარი დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ იქნა აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

განსახილველ შემთხვევაში კი, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან 24.10.2017 წლის №...-08 გადაწყვეტილების მხარისათვის გაცნობის ფორმად შერჩეულ იქნა მისი გამოქვეყნება, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 25 ოქტომბერს, რაც ამოიწურა 30 დღეში, მოსარჩელეს კი მითითებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ ადმინისტრაციული საჩივარი მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი აქვს 5 თვის შემდეგ - 2018 წლის 2 მარტს, კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის დარღვევით, რაც თავის მხრივ, ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნის.

პალატის მითითებით, საყურადღებოა ის გარემოება, რომ 24.10.2017 წლის №...-08 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განხილვაზე უარის თქმის შესახებ 2018 წლის 7 მარტის №... გადაწყვეტილება ა. ლ-ს, ფოსტის მეშვეობით, ჩაბარდა 2018 წლის 13 მარტს. აღნიშნული აქტი მოსარჩელემ სასამართლოში გაასაჩივრა ასევე კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2018 წლის 3 მაისს.

სააპელაციო პალატამ მიუთითა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში.

საპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი 24.10.2017 წლის №...-08 და 2018 წლის 7 მარტის №... გადაწყვეტილებები არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს, რის გამოც საქმის წარმოება აღნიშნულ ნაწილში უნდა შეწყდეს.

რაც შეეხება დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნებს სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულთან მიმართებაში დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 14 თებერვალს ა. ლ-მა კვლავ მიმართა №... განცხადებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. განცხადებას დაერთო მიწის და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 თებერვლის №...-03 გადაწყვეტილებით განმცხადებელს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე. გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტში წარდგენილი იყო №... სარეგისტრაციო განცხადება იმავე მოთხოვნით, რომლის თაობაზეც ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... გადაწყვეტილება. ამასთან, №... სარეგისტრაციო განცხადებაზე დაინტერესებული პირის მიერ არ ყოფილა წარდგენილი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რაც არსებითად შეცვლიდა გარემოებებს. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა სააგენტოში, სადაც 2018 წლის 2 აპრილს მიღებული №... გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები 2018 წლის 19 თებერვლის №...-03 და 2018 წლის 2 აპრილის №... გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და ყურადღება მიაქცია ა. ლ-ის უფლების დამდგენ დოკუმენტს - მიწის და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელ 2008 წლის 29 იანვრის №12 ოქმს, ასევე მიწის ღირებულების - 353,6 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელ 2008 წლის 21 იანვრის საგადახდო დავალებას. პალატის მითითებით, 29.01.2008წ. №12 ოქმით დასტურდება მოსარჩელის უფლების მოპოვება სადავო ქონებაზე, კანონით დადგენილი წესით მიწის ღირებულების გადახდის პირობით, ხოლო 21.01.2008 წ. საგადახდო დავალებით - მიწის ღირებულების 50%-ის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2008 წელს მოქმედი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონის შესაბამისად, პრივატიზებას ექვემდებარებოდა იჯარით გაცემული და იჯარით გაუცემელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მიწებისა. ამავე კანონის მეშვიდე მუხლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სპეციალური აუქციონის, ღია აუქციონის ან იჯარით გაცემული მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით ან საქართველოს მთავრობის სპეციალური გადაწყვეტილების საფუძველზე პირდაპირი უსასყიდლო გადაცემის ფორმით პრივატიზებისას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები ადგენენ მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელ ოქმს, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია. ამავე კანონის მე-12 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოიჯარე წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ერთი თვის ვადაში გადაიხდის მიწის ნაკვეთისა და სხვა უძრავი ქონების საფასურის 50%-ს, მაშინ საფასური სრულად გადახდილად ჩაითვლება. 2008 წელს მოქმედი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 23 სექტემბრის №1-1/1017 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ მე-5 მუხლის 91 პუნქტის თანახმად, თუ სპეციალურ და ღია აუქციონში გამარჯვებული პირი სპეციალურ ან ღია აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მიღებიდან 1 თვის ვადაში გადაიხდის გადასახდელი თანხის 50%-ს და წარუდგენს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, მაშინ გადასახდელი თანხა სრულად გადახდილად ჩაითვლება.

ზემოაღნიშნული სადავო ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების პირობებში, უფლების წარმოშობის შესახებ დოკუმენტის გამოცემიდან ერთი თვის განმავლობაში მიწის ნაკვეთის გამოსასყიდი ღირებულების 50%-ის გადახდის შემთხვევაში, საფასური სრულად გადახდილად მიიჩნეოდა, ხოლო უფლების წარმოშობის დოკუმენტი, მოცემულ შემთხვევაში №12 ოქმი, წარმოადგენდა მარეგისტრირებელ ორგანოში უფლების რეგისტრაციის საკმარის საფუძველს. უფლების დამდგენი დოკუმენტის არსებობის პირობებში, სახელმწიფო არ არის უფლებამოსილი კერძო პირს ჩამოართვას საკუთრება (გარდა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებაში ჩარევის დასაშვები შემთხვევებისა). განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ ა. ლ-ს გადახდილი აქვს სადავო ქონების გამოსასყიდი თანხის 50%, იგი ითვლება გამოსყიდულად, შეძენილად.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამცხეჯავახეთის რეგიონალური ოფისის 2018 წლის 19 თებერვლის №...-03 გადაწყვეტილების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2 აპრილის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე და მიიჩნია, რომ ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მარეგისტრირებელმა ორგანომ №12 ოქმი და მიწის ნაკვეთის გამოსასყიდი თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა შეაფასოს ერთობლიობაში, იმსჯელოს ამგვარი საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის არსებობის პირობებში, რამდენად საფუძვლიანია რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულს სააგენტოს პოზიციაზე დაყრდნობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით ა. ლ-ის მიერ მარეგისტრირებელი ორგანოსათვის მიმართვის შედეგად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკუთარი ინიციატივით გამოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან ინფორმაცია იყო თუ არა განკარგული სახელმწიფოს მიერ ის უძრავი ქონება, რომელზედაც მოთხოვნილი იყო საკუთრების უფლების რეგისტრაცია და იყო თუ არა ძალაში სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ოქმი, რაზედაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 სექტემბრის №6/47322 წერილით ეცნობა, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ტერიტორიული ორგანოს მიერ 2008 წლის 29 იანვარს ახალციხის რაიონში, სოფ. ...ის ტერიტორიაზე არსებული 2.08 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) პრივატიზების მიზნით ა. ლ-ის სახელზე გაცემულ იქნა №12 მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი.

კასატორის განმარტებით, „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის (18/12/2007-15/07/2008 წლებში მოქმედი რედაქცია) მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისას მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემოდა თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. ამასთან, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 23 სექტემბრის №1-1/1017 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების წესის შესახებ“ დებულების (09/02/2007 – 28/09/2010 წლებში მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ადგენდა, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება და იპოთეკის ხელშეკრულება ძალაში იყო მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციიდან. მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი მისი გაცემიდან და იპოთეკის ხელშეკრულება მისი დადებიდან წარდგენილი უნდა ყოფილიყო სარეგისტრაციო სამსახურში სარეგისტრაციოდ 15 სამუშაო დღის ვადაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მითითებით, თუ ა. ლ-ის მიერ არ განხორციელებულა „ოქმითა“ და „დებულებით“ დადგენილ ვადაში „ოქმის“ საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, შესაბამისად, „სააგენტო“ მოკლებული იყო შესაძლებლობას, მიეღო გადაწყვეტილება „ოქმით“ გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის მიზნით, მასზე საკუთრების უფლების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციაზე 2008 წლის 29 იანვარს გაცემული „ოქმის“ საფუძველზე, რომლებიც შესაბამის პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით არ შესულა ძალაში.

კასატორის განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2 აპრილის №... გადაწყვეტილებით ა. ლ-ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, სადაც მითითებულია, რომ საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრებიდან დგინდება, რომ ა. ლ-ის მიერ გადახდილია 354.60 ლარი. შესაბამისად, მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №12 ოქმით გათვალისწინებული უძრავი ნივთის საფასური, დაინტერესებული პირის მიერ სრულად არ იქნა გადახდილი.

ხოლო რაც შეეხება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 19 თებერვლის №...-03 გადაწყვეტილებას, კასატორის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, რადგან სარეგისტრაციო განცხადებაზე დაინტერესებული პირის მიერ არ იყო წარდგენილი ახლად აღმოჩენილი, ან ახლად გამოვლენილი გარემოებების დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომელიც არსებითად ცვლიდა გარემოებებს.

კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნულ მოსაზრებას, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე და განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის მიერ მიღებული 2018 წლის 19 თებერვლის №...-03 გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2 აპრილის №... გადაწყვეტილება გამოტანილია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის 2017 წლის 24 ოქტომბრის №...-08 გადაწყვეტილების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 7 მარტის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება; დანარჩენ ნაწილში ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა ძალაში; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა მხოლოდ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ, მოსარჩელეს - ა. ლ-ს აღნიშნული გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, მის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს მხოლოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის 2018 წლის 19 თებერვლის №...-03 გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2 აპრილის №... გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება წარმოადგენს.

საქმის მასალების შესაბამისად, 2002 წლის 20 ნოემბერს გაფორმდა სასოფლო-სამეურნეო იჯარის ხელშეკრულება ახალციხის რაიონის გამგეობასა და ა. ლ-ს შორის, რომლითაც ა. ლ-ს იჯარით გადაეცა 2.08 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.

საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ტერიტორიული ორგანოს 2008 წლის 29 იანვრის მიწის და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №12 ოქმით დასტურდება, რომ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ა. ლ-მა შეიძინა მიწის ნაკვეთი და სხვა უძრავი ქონება სარეგისტრაციო ნომრით №..., რომელიც მდებარეობს ახალციხის რაიონში, სოფელ ...ის ტერიტორიაზე, მიწის ნაკვეთის ფართობი 2.08 ჰა, გამოსასყიდი თანხა - 707.20 ლარი, გადახდილი თანხა - 359.60 ლარი, რაც შეადგენს გამოსასყიდი თანხის 50%-ს.

2018 წლის 14 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ა. ლ-მა და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია მისამართზე - ახალციხე სოფ. ...ა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 19 თებერვლის №...-03 გადაწყვეტილებით ა. ლ-ს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, რადგან სარეგისტრაციო განცხადებაზე არ იყო წარდგენილი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომელიც არსებითად ცვლიდა გარემოებებს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2 აპრილის №... გადაწყვეტილებით ა. ლ-ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ამასთან, მიეთითა, რომ საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრებიდან დგინდება, რომ ა. ლ-ის მიერ გადახდილია 354.60 ლარი. შესაბამისად, მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №12 ოქმით გათვალისწინებული უძრავი ნივთის საფასური დაინტერესებული პირის მიერ სრულად არ იქნა გადახდილი. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება №...-07 (21.09.2017) და დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთი არ იყო სრულად გამოსყიდული და წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდებოდა საკუთრების უფლების შეძენის ფაქტი, შესაბამისად, 30 კალენდარული დღის ვადაში წარსადგენი იყო სხვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით შედგენილი აღნიშნული ქონების სრულად გამოსყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სარჩელის ობიექტია საკუთრების უფლების დაცვა და, შესაბამისად, იმ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, რომლებითაც მოსარჩელის მოსაზრებით, შეილახა მისი საკუთრების უფლება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის (სარჩელის აღძვრის დროს მოქმედი) 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

საკუთრების უფლება ცალსახად აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული.

ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუზღუდავად სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

საკასაციო პალატის განმარტებით, საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი, უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების უზრუნველყოფის - დაცვას ემსახურება.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, 2008 წელს მოქმედი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონის შესაბამისად, პრივატიზებას ექვემდებარებოდა იჯარით გაცემული და იჯარით გაუცემელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მიწებისა. ამავე კანონის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სპეციალური აუქციონის, ღია აუქციონის ან იჯარით გაცემული მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით ან საქართველოს მთავრობის სპეციალური გადაწყვეტილების საფუძველზე პირდაპირი უსასყიდლო გადაცემის ფორმით პრივატიზებისას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები ადგენენ მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელ ოქმს, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია. ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოიჯარე წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ერთი თვის ვადაში გადაიხდის მიწის ნაკვეთისა და სხვა უძრავი ქონების საფასურის 50%-ს, მაშინ საფასური სრულად გადახდილად ჩაითვლება. 2008 წელს მოქმედი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 23 სექტემბრის №1-1/1017 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების წესის შესახებ დებულების“ მე-5 მუხლის 91 პუნქტის თანახმად, თუ სპეციალურ და ღია აუქციონში გამარჯვებული პირი სპეციალურ ან ღია აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მიღებიდან 1 თვის ვადაში გადაიხდის გადასახდელი თანხის 50%-ს და წარუდგენს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, მაშინ გადასახდელი თანხა სრულად გადახდილად ჩაითვლება.

ზემოაღნიშნულ სადავო ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების პირობებში, უფლების წარმოშობის შესახებ დოკუმენტის გამოცემიდან ერთი თვის განმავლობაში მიწის ნაკვეთის გამოსასყიდი ღირებულების 50%-ის გადახდის შემთხვევაში, საფასური სრულად გადახდილად მიიჩნეოდა, ხოლო უფლების წარმოშობის დოკუმენტი, მოცემულ შემთხვევაში №12 ოქმი, წარმოადგენდა მარეგისტრირებელ ორგანოში უფლების რეგისტრაციის საკმარის საფუძველს. იმის გათვალისწინებით, რომ ა. ლ-ს გადახდილი აქვს სადავო ქონების გამოსასყიდი თანხის 50%, იგი ითვლება გამოსყიდულად, შეძენილად.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 23 სექტემბრის №1-1/1017 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების წესის შესახებ“ დებულების (09/02/2007 – 28/09/2010 წლებში მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტზე მითითებას, რომლის შესაბამისად, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება და იპოთეკის ხელშეკრულება ძალაში იყო მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციიდან. მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი მისი გაცემიდან და იპოთეკის ხელშეკრულება მისი დადებიდან წარდგენილი უნდა ყოფილიყო სარეგისტრაციო სამსახურში სარეგისტრაციოდ 15 სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნულთან მიმართებაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ მართალია, მოცემული კანონქვემდებარე აქტით მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი მისი გაცემიდან წარდგენილი უნდა ყოფილიყო სარეგისტრაციო სამსახურში სარეგისტრაციოდ 15 სამუშაო დღის ვადაში, მაგრამ ბრძანებაში არ არის მითითებული, რომ აღნიშნული ვადის დარღვევა იწვევს ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის იურიდიული ძალის დაკარგვას. ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტები არეგულირებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების კერძო საკუთრებაში აღრიცხვის წესებს და არ ცნობს მოპოვებული კერძო საკუთრების უფლების ხელყოფას, მის ჩამორთმევას.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ-სამართლებრივი ადმინისტრაციული აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი