Facebook Twitter

საქმე №ბს-610(კ-19) 25 ივნისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ი/მ ი. ს-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი/მ ი. ს-ემ 2017 წლის 23 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 17 მაისის №CB755258 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 6 ივნისის №15363 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი/მ ი. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 17 მაისის №CB755258 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 6 ივნისის №15363 ბრძანება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი/მ ი. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი/მ ი. ს-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში, უსაფუძვლოდ გაიზიარა სსიპ შემოსავლების სამსახურის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ი. ს-ე 2017 წლის 25 აპრილს, 06:04 საათზე, 2,81 მ3 ფიცარზე გამოწერილი №... სასაქონლო ზედნადებით 2017 წლის 26 აპრილს, 09:15 საათზე, შემოწმებისას ახორციელებდა მეორე გადაზიდვას, იმ დროს, როდესაც ი. ს-ეს ტრანსპორტირება დასრულებული არ ჰქონდა. ტრანსპორტირების განხორციელება მეორე დღეს განაპირობა ავტომანქანის გაუმართაობამ, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებები ზედნადენის გამოწერისა და ტრანსპორტირების დაწყებას შორის არაგონივრული პერიოდის არსებობაზე არ შეესაბამება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის მოთხოვნებს. აღნიშნული ინსტრუქციის 251 მუხლის მე-14 პუნქტი ადგენს, რომ გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მოახდინოს ზედნადების გაუქმება ან მასში შეტანილი მონაცემების კორექტირება (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“, „ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემებისა, ამდენად, ი. ს-ე ვერ განახორციელებდა სასაქონლო ზედნადების კორექტირებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მაისის განჩინებით, ი/მ ი. ს-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი/მ ი. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა 2017 წლის 28 აპრილის №DES 8 17 00029315 წერილით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს და განმარტა, რომ 2017 წლის 26 აპრილს გადამოწმების მიზნით გაჩერებულ იქნა „ფორდის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო სანომრე ნიშნით ..., რომელსაც მართავდა ი. ს-ე. დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ავტომობილი დატვირთული იყო 2,81 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტით - ფიცრით, ელექტრონულ ბაზაში გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ტვირთზე ხე-ტყის სასაქონლო ელექტრონული ზედნადები №... ატვირთული იყო 2017 წლის 25 აპრილს, 06:04 საათზე, ხოლო დეპარტამენტის მიერ ავტომანქანა გაჩერებულ იქნა 2017 წლის 26 აპრილს, 09:15 საათზე. დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ არსებობს გონივრული ეჭვი იმისა, რომ დროის ამ პერიოდში ი. ს-ე ერთი და იმავე ზედნადებით ახორციელებდა მეორე გადაზიდვას.

2017 წლის 17 მაისს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ი. ს-ის მიმართ შედგენილ იქნა №CB755258 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის საფუძველზე. შედეგად, მოსარჩელე დაჯარიმდა 5 000 (ხუთი ათასი) ლარით და ჩამოერთვა ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონელი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 251 მუხლით დადგენილია ზედნადებების შევსების წესი. აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრულია, რომ მე-2 სტრიქონში იწერება ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), ხოლო მე-3 სტრიქონში - ამოქმედების (გააქტიურების) დრო (საათი, წუთი). ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი და დრო ემთხვევა საქონლის მიწოდების ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს და დროს. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გამოწერილი ზედნადების ამოქმედებისა და საქონლის ტრანსპორტირების ვადები არ ემთხვევა ერთმანეთს, რაც მეწარმის მიმართ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველს წარმოადგენს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე დასტურდება ი/მ ი. ს-ის მხრიდან კანონით დადგენილი რეგულაციების უგულვებელყოფა, მან ტრანსპორტირების დაწყებამდე არ გამოწერა სასაქონლო ზედნადები, ამასთან წინა დღეს გამოწერილი სასაქონლო ზედნადებით ტრანსპორტირების განხორციელებამდე, თუ არსებობდა ისეთი გარემოება, რაც შეუძლებელს ხდიდა ტვირთის გადაზიდვას, მოსარჩელეს უნდა გამოეყენებინა 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 251 მუხლის მე-14 პუნქტით გადასახადის გადამხდელისათვის მინიჭებული უფლებამოსილება, რაც მის მიერ არ იქნა გამოყენებული, ამდენად, წინა დღეს გამოწერილი სასაქონლო ზედნადების არსებობის პირობებში, მართებულია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ სამეწარმეო მიზნით საქონლის ტრანსპორტირება განხორციელდა სასაქონლო ზედნადების გარეშე. შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 17 მაისის №CB755258 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 6 ივნისის №15363 ბრძანება გამოცემულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი/მ ი. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. კასატორს - ი/მ ი. ს-ეს (ს/ნ ...) დაუბრუნდეს 23.05.2019წ. №7974159322 საგადახდო დავალებით ნ. კ-ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე