საქმე ბს-899(უს-19) 16 ივლისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე; მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - მ. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, შპს „...“
მესამე პირი - ლ. ბ-ი
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ. ა-ის სარჩელი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის მოსარჩელე მ. ა-ის სასარგებლოდ ზიანის სახით 16 172 ლარის დაკისრების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. ა-მა, რომელმაც მოითხოვა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივნისის განჩინებით მ. ა-ის სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში. მ. ა-მა 2019 წლის 21 მარტს შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება - კერძოდ, ყადაღა დაედოს შპს ,,..."-ია საბანკო ანგარიშებს 10000 აშშ დოლარის ფარგლებში 7 წლის განაცდურის გათვალისწინებით. მ. ა-მა განცხადებაში მიუთითა, რომ შპს ,,..."-მა გადამალა ქონება და კრედიტორი მ. ა-ის ვალი ისევ დარჩება უზრუნველყოფის გარეშე და მას მიადგება ზიანი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის განჩინებით მ. ა-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, იმ საფუძვლით, რომ მ. ა-მა საქმის წარმოების მოცემულ ეტაზე ვერ დაასაბუთა კონკრეტული და სარწმუნო მტკიცებულებებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა რის გამოც არ არსებობდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წინაპირობები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას 2019 წლის 17 აპრილს მ. ა-მა საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა 2019 წლის 10 აპრილის განჩინების ბათილად ცნობა. საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მ. ა-ი ითხოვს შპს ,,..."-ის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებას იმ კონკრეტული თანხის ფარგლებში, კერძოდ, 10 000 დოლარის ფარგლებში, რითაც შპს ,,...მა" ზიანი მიაყენა კრედიტორ მ. ა-ს 7 წლის განაცდურის გათვალისწინებით, თუმცა სააპელაციო პალატამ არასწორად მიუთითა, რომ თითქოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით ხელი შეეშლება შპს ,,..."-ის საქმიანობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის განჩინებით მ. ა-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ა-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ თუ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი თავისი არსით წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მნიშვნელოვან სამართლებრივ საშუალებას, რომლის გამოყენებაც დაიშვება მოსარჩელის განცხადების საფუძველზე იმ მიზნით, რომ არ გაძნელდეს ან შეუძლებელი არ გახდეს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფა დროებითი ხასიათის ღონისძიებაა, რომელიც სასამართლოს მიერ სასარჩელო სამართალწარმოების წესით დადგენილი უფლების რეალიზებას უწყობს ხელს, იგი სასარჩელო მოთხოვნის დაცვასა და ეფექტურად განხორციელებას ისახავს მიზნად და გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც განმცხადებლის მიერ წარდგენილია დასაბუთებული და არგუმენტირებული პოზიცია კონკრეტული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის თაობაზე, ასევე განმცხადებელმა უნდა დაასაბუთოს კონკრეტული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში შესაძლო უარყოფითი გავლენა გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან შეუძლებლობის თაობაზე. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაა უზრუნველყოფის ღონისძიების მართებულობის, მხარეთა ინტერესების შესაძლო შელახვისა და სარჩელის საფუძვლიანობის წინაპირობების ურთიერთშეჯერება და ერთობლივად განხილვა-გადაწყვეტა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უკავშირდება სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის რეალიზაციის უზრუნველყოფას. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით მ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მიერ განცხადებაში კონკრეტულად და რეალურად ვერ იქნა მითითებული იმ კანონშეუსაბამობის თაობაზე, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელებას ან შეუძლებლობას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, რაც გამოიწვევდა გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნებოდა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 მაისს მ. ა-ის სარჩელზე მიღებულია გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება გავლენას ვერ მოახდენს შედეგზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ა-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ა-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილისა და 2019 წლის 20 ივნისის განჩინებები;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე