Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-1097(კ-18) 27 სექტემბერი,2019წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.03.2018წ. განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ შემოსავლების სამსახურმა 20.02.2017წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ი/მ ნ. ჭ-ას, ნ. კ-ას და შპს „…ას“ მიმართ მოპასუხეთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების მოთხოვნით.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 27.09.2017წ. გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.03.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომელიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის დადგენილი პრაქტიკის მიხედვით (იხ. მაგ.: სუსგ 01.10.2015წ. Nბს-408-402(კ-15), 31.05.2018წ. Nას-614-614-2018, 10.09.2019წ. Nბს-939(3კ-19), 10.09.2019წ. Nბს-371(კ-19), 10.09.2019წ. Nბს-1007(2კ-19)), საპროცესო კანონმდებლობაში ისეთი სახის ცვლილების შეტანა, რომელიც კონკრეტულ დავებს საკასაციო პალატის ქვემდებარობიდან გამორიცხავს, იწვევს საკასაციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების დასრულებას, საჩივრის განუხილველად დატოვებას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანია ცრუმაგიერ პირებად ცნობა. საგადასახადო კოდექსის როგორც ცვლილებამდე, ასევე ამჟამად მოქმედი რედაქციიდან გამომდინარე ცრუმაგიერი პირების დადგენა სასამართლოს პრეროგატივას შეადგენს, თუმცა კანონმდებლობაში 28.06.2019წ. განხორციელებული ცვლილებების შედეგად არსებითად შეიცვალა სასამართლოს მიერ მსგავსი დავების განხილვის, გადაწყვეტისა და გასაჩივრების წესი. 28.06.2019წ. ცვლილებების განხორციელებამდე საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელის განხილვის განსხვავებულ, სპეციალურ წესს. აღნიშნულ სარჩელებს პირველი ინსტანციის სასამართლო იხილავდა სასარჩელო წარმოების წესით, სასკ-ის 25-ე მუხლის საფუძველზე და სადავო საკითხთან დაკავშირებით იღებდა არსებით გადაწყვეტილებას, რომელიც საჩივრდებოდა როგორც სააპელაციო, ასევე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში. აღნიშნული წესი შეიცვალა 28.06.2019წ. საგადასახადო და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად.

საგადასახადო კოდექსში 28.06.2019წ. №4906-IIს საქართველოს კანონით (ამოქმედდა 04.07.2019წ.) განხორციელებული ცვლილებისა და დამატებების საფუძველზე საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და განისაზღვრა, რომ პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით (მე-3 ნაწ.). საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს 28.06.2019წ. N4908-IIს კანონის (ამოქმედდა 04.07.2019წ.) პირველი მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კოდექსს დაემატა VII​​​16 თავი - „ადმინისტრაციული სამართალწარმოება პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან დაკავშირებით“. ახალი მოწესრიგებით განისაზღვრა პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების საკითხის გადაწყვეტის სპეციალური, სასარჩელო წარმოებისაგან განსხვავებული წესი, დადგინდა, რომ ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო იღებს ბრძანებას და არა გადაწყვეტილებას (2163 მუხ.). აღნიშნული ბრძანება საჩივრდება ერთჯერადად სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება (2165.9 მუხ.). ამდენად, 04.07.2019წ. ამოქმედებული ცვლილებების შედეგად, ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ დავების განხილვა აღარ შედის საკასაციო სასამართლოს კომპეტენციაში. შესაბამისად, საპროცესო ნორმების დროში მოქმედების წესის გათვალისწინებით, საკასაციო პალატის წარმოებაში არსებული აღნიშნული დავის საგნის მქონე საქმეები განუხილველი უნდა დარჩეს, რადგან სასამართლო მოკლებულია მისი არაქვემდებარე დავის განხილვის პროცესუალურ შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, რამდენადაც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, საკასაციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს სცილდება ცრუმაგიერ პირებად აღიარებასთან დაკავშირებულ დავებზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2165 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.03.2018წ. განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი