Facebook Twitter

#ბს-1028(2კ-18) 20 ივნისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

კასატორები (მოსარჩელეები) – ც. გ-ა, რ. ჯ-ა, მ. მ-ა, მ. კ-ა, ი. გ-ა, ზ. ა-ა, კ. თ-ა, ვ. ა-ე, რ. ხ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 18 ივლისს ც. გ-ამ, რ. ჯ-ამ, მ. მ-ამ, მ. კ-ამ, ი. გ-ამ, ზ. ა-ამ, კ. თ-ამ, ვ. ა-ემ და რ. ხ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელეთა მითითებით, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს დაარღვია კანონის მოთხოვნები (მ/შ ერთი კვირით ადრე არ გამოაქვეყნა კომისიის სხდომის დღის წესრიგი, კომისიის მუშაობაში მონაწილეობდნენ ის წევრები ვინც გამოიტანა თავდაპირველი გადაწყვეტილება, სრულყოფილად არ ყოფილა შესწავლილი საქმისთვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები, სადავო გადაწყვეტილების გამოცემას საფუძვლად დაედო ის მტკიცებულება, რომლის გამოყენება არ შეიძლებოდა და ა.შ), რის გამოც გამოიცა უკანონო გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეებს ჩამოერთვათ საკუთრების უფლება, რაც დაუშვებელია და აუცილებლად უნდა აღდგეს.

ამდენად, მოსარჩელეებმა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 10 ივნისის #273 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოსარჩელეთა საკუთრების უფლების აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ ც. გ-ა, რ. ჯ-ა, მ. მ-ა, მ. კ-ა, ი. გ-ა,ზ. ა-ა, კ. თ-ა, ვ. ა-ე, რ. ხ-ა ქ. ზუგდიდში ფლობდნენ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, სადაც მოწყობილი ჰქონდათ სახელოსნო და სავაჭრო ობიექტები, ძირითადად რკინის კონსტრუქციით.

მ. კ-ამ 2015 წლის 15 ივნისს განცხადებით მიმართა ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, სადაც აღნიშნა, რომ იგი ქ. ზუგდიდში, ... ქ. #7-ში ფლობდა 110 მ2 მიწის ნაკვეთს, სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა მოწმეთა ჩვენება ხსენებული ნაკვეთის თვითნებურ დაუფლებასთან დაკავშირებით და საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოწმეებმა (პ. შ-ამ, შ. ნ-ემ, გ. ბ-ამ, თ. ჩ-ემ, დ. ა-ამ) ნოტარიუსთან ხელმოწერილი განცხადებით კომისიას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მ. კ-ა ქ. ზუგდიდში, ... ქუჩაზე 1991 წლიდან თვითნებურად ფლობდა 110 მ2 მიწის ნაკვეთს და სარგებლობდა შენობა-ნაგებობით - სახელოსნო ფართით 43,10 მ2 და 50,0 მ2.

სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ზემოხსენებულ ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობაზე საკადასტრო აზომვითი ნახაზები, რომელიც მ. კ-ამ წარუდგინა კომისიას, მომზადებული იყო მ. კ-ას დაკვეთით - 2015 წლის 8 თებერვალს და ასახული ინფორმაცია შეესაბამებოდა მოწმეთა ზემოთნახსენებ განცხადებას.

კომისიამ 2015 წლის 16 ივნისს დაათვალიერა ნაკვეთი და შესაბამის აქტში დააფიქსირა, რომ ნახაზზე არსებული ზომები შეესაბამებოდა რეალობას.

საქმის მასალებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საკითხის გადასაწყვეტად კომისიის პირველი სხდომა დაინიშნა 2015 წლის 9 ივლისს 15:00 საათზე და დაინტერესებული პირი - მ. კ-ა მიწვეულ იქნა სხდომაზე, სადაც საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.

სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ 2015 წლის 14 ივლისს ც. გ-ამ, რ. ჯ-ამ, მ. მ-ამ, მ. კ-ამ, ი. გ-ამ, ზ. ა-ამ, კ. თ-ამ, ვ. ა-ემ, რ. ხ-ამ შეადგინეს მინდობილობა, რომელშიც განაცხადეს, რომ ქ. ზუგდიდში, ... #7-ში ფლობდნენ მიწას მასზე განლაგებული სახელოსნოთი და ამ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარების და რეგისტრაციის უფლებას ანიჭებდნენ მ. კ-ას.

საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ 2015 წლის 15 ივლისს მ. კ-ამ კომისიაში დამატებით წარადგინა მოსარჩელეების მინდობილობები და ახალი 2015 წლის 14 ივლისს შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზები, რომლითაც ადრე წარდგენილ ნახაზზე არსებული ნაკვეთი და სახელოსნოები დაიყო თითოეული მოსარჩელის მიერ დაკავებული ფართის შესაბამისად. ე.ი. ახალი (დამატებით მიწოდებული) ინფორმაციის მიხედვით მ. კ-ა არ წარმოადგენდა ადრე წარდგენილ ნახაზზე მონიშნული ნივთის (110 მ2 მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული 2 სახელოსნოს, შესაბამისად, 43,10 მ2 და 50,0 მ2 ფართობით) თვითნებურად დამკავებელსა და მფლობელს, როგორც ამას დაინტერესებული პირი და მოწმეები მიუთითებდნენ, არამედ - ც. გ-ა ფლობდა -11 მ2, რ. ჯ-ა - 11 მ2, მ. მ-ა - 10 მ2, მ. კ-ა -11,40 მ2, ი. გ-ა - 6 მ2, ზ. ა-ა -7 მ2, კ. თ-ა - 8,3 მ2, ვ. ა-ე - 6 მ2, რ. ხ-ა - 10 მ2. ამასთან, ამგვარ დაზუსტებას არ მოჰყოლია მ. კ-ას მიერ კომისიაზე წარდგენილი მოწმეთა განცხადების დაზუსტება ან ამ წინააღმდეგობის შესწავლა-გამოკვლევა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 23 ივლისის სხდომაზე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება #131 და აღიარა მოსარჩელეების საკუთრების უფლება შესაბამისი ფართის ქონებაზე, გასცა მათზე საკუთრების უფლების მოწმობები. მ. კ-ამ საკუთრების უფლების აღიარების საფასური - 700 ლარი 2015 წლის 24 ივლისს გადაიხადა. აღნიშნული თანხა საკმარისი იყო ყველა მოსარჩელის კუთვნილი მოსაკრებლის გადასახდელად. მინდობილობის საფუძველზე მ. კ-ა უფლებამოსილი იყო გადახდა განეხორციელებინა მათ ნაცვლად მათი სახელით. მოსარჩელეებმა საჯარო რეესტრში დაარეგისტრირეს საკუთრების უფლება.

საქმის მასალებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2016 წლის 10 ივნისს კომისიამ საკუთარი ინიციატივით გადასინჯა 2015 წლის 23 ივლისის #131 გადაწყვეტილების კანონიერება და ბათილად ცნო იგი, რადგან მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოსარჩელეთათვის საკუთრების უფლების გადაცემის (აღიარების) წინაპირობები. კერძოდ, მოსარჩელეებისთვის არ იყო გაგზავნილი შეტყობინება საკუთრების უფლების აღიარების საფასურის გადახდის შესახებ და მათ აღნიშნული თანხა არ ჰქონდათ გადახდილი, ამასთან, შენობა (სახელოსნოები) არ იყო იმგვარი ტიპის, რაც შესაბამის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას განაპირობებდა.

სასამართლომ განმარტა, რომ კანონიერ ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონეა, თუმცა, სასამართლო გადაწყვეტილებებისაგან განსხვავებით ეს კანონიერი ძალა არ არის აბსოლუტური ხასიათის. კანონმდებლობა უშვებს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ასეთი აქტის საკუთარი ინიციატივით და მთელ რიგ შემთხვევებში ვალდებულების სახით გაუქმების შესაძლებლობას.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული მე-601 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საჩივრის და სარჩელის არარსებობის შეთხვევაში, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო. სასამართლომ აღნიშნა, რომ ასეთ ვითარებაში, უსაფუძვლო იყო მოსარჩელე მხარის აპელირება, რომ კომისიის თავდაპირველი გადაწყვეტილების კანონიერების გადასინჯვაში მონაწილეობის მიღების უფლება არ ჰქონდათ კომისიის იმავე წევრებს, რომლებმაც წინა გადაწყვეტილება მიიღეს. პირიქით, საჩივრის და სარჩელის გარეშე აქტის გადასინჯვა მხოლოდ მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო.

სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის სწორად გადაწყვეტისთვის მიზანშეწონილი იყო შემოწმებულიყო კომისიის ა) მოსარჩელეთა საკუთრების უფლების აღიარებისა და ბ) მოსარჩელის საკუთრების აღიარების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებების კანონიერება.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონი ითვალისწინებს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ან თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების შესაძლებლობას კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას.

სასამართლოს მითითებით, საქმის განხილვით დადგენილი იყო, რომ 2015 წლის 15 ივნისს მ. კ-ამ განცხადებით მიმართა კომისიას საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. ამ მომენტისთვის მას სხვა მოსარჩელეების სახელით მოქმედების უფლება არ ჰქონდა. ასეთი უფლებამოსილება მან 2015 წლის 14 ივლისს მიიღო და დამატებით წარადგინა ისინი კომისიაში, თავის (პირად) განცხადებაზე დასართავად, რითაც ფაქტობრივად ტრანსფორმირდა მოთხოვნა და ითვლება, რომ აღნიშნული დღიდან იგი ითხოვდა მისი და სხვა მოსარჩელეების უფლების რეალიზაციას. სასამართლომ განმარტა, რომ ხსენებული დღის შემდეგ მისი სახელით განხორციელებული მოქმედებები ამავე დროს სხვა მოსარჩელეების სახელით განხორციელებულ მოქმედებებად შესაძლოა ყოფილიყო მიჩნეული, თუმცა კომისიის გადაწყვეტილების მიღებამდე არცერთი ჩანაწერიდან არ ჩანდა, რომ მ. კ-ამ შეცვალა მოთხოვნა ან წარადგინა მოსარჩელეთა მიერ სადავო ნაკვეთის თვითნებურად დაკავების შესახებ მოწმეთა განცხადება დაზუსტებული შინაარსით. სადავო ურთიერთობაში მნიშვნელოვანი იყო დადგენილიყო, მოსარჩელეებს ჰქონდათ თუ არა საკუთრების უფლების აღიარების უფლება, რადგან საკუთრება სწორედ მათ მიიღეს. სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებულ კითხვაზე დადებითი პასუხის გასაცემად აუცილებელი იყო სადავო ნაკვეთი ყოფილიყო თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი.

სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ნაკვეთის თვითნებურად დაკავებულად მიჩნევისთვის აუცილებელი პირობების არსებობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა, რასაც მხარემ თავი ვერ გაართვა. სადავო ნაკვეთი მოსარჩელეთა საკუთრების მომიჯნავედ არ მდებარეობდა. ასეთ შემთხვევაში, დაინტერესებული პირის განცხადებაში მითითებულ ნაკვეთზე განთავსებული უნდა ყოფილიყო არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული). მოყვანილი ნორმის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად შენობა არის სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით, გარდა დროებითი შენობისა. განსახილველ შემთხვევაში არც ადმინისტრაციული წარმოების და არც სასამართლო განხილვის დროს მოსარჩელეებს ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცება არ წარმოუდგენიათ.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარი მტკიცების არარსებობის პირობებში, მოსარჩელეთა საკუთრების უფლების აღიარება ყველა შემთხვევაში კანონსაწინააღმდეგო იყო და იძლეოდა მოსარჩელეთა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების ბათილობის წინაპირობას.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, კომისიის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებულ ნაკვეთად მიუჩნევლობის შემთხვევაში, სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეების საკუთრების უფლების აღიარება არ განხორციელდებოდა (ანუ მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება).

ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონსაწინააღმდეგოდ ვერ ჩაითვლებოდა კომისიის კომისიის 2016 წლის 10 ივნისის #273 და ამავე კომისიის 2015 წლის 23 ივლისის #131 გადაწყვეტილებები.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ც. გ-ამ, რ. ჯ-ამ, მ. მ-ამ, მ. კ-ამ, ი. გ-ამ, ზ. ა-ამ, კ. თ-ამ, ვ. ა-ემ და რ. ხ-ამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით ც. გ-ას, რ. ჯ-ას, მ. მ-ას, მ. კ-ას, ი. გ-ას, ზ. ა-ას, კ. თ-ას, ვ. ა-ისა და რ. ხ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ც. გ-ას, რ. ჯ-ას, მ. მ-ას, მ. კ-ას, ი. გ-ას, ზ. ა-ას, კ. თ-ას, ვ. ა-ისა და რ. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2016 წლის 10 ივნისის #273 გადაწყვეტილება ქალაქ ზუგდიდში, ... ქუჩის #7-ში მდებარე მიწის ნაკვეთებსა და მასზე დამაგრებულ შენობა-ნაგებობებზე ც. გ-ას, რ. ჯ-ას, მ. მ-ას, მ. კ-ას, ი. გ-ას, ზ. ა-ას, კ. თ-ას, ვ. ა-ისა და რ. ხ-ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2015 წლის 23 ივლისის #131 გადაწყვეტილებისა და შესაბამისი საკუთრების უფლების მოწმობების ბათილად ცნობის თაობაზე; ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ც. გ-ას, რ. ჯ-ას, მ. მ-ას, მ. კ-ას, ი. გ-ას, ზ. ა-ას, კ. თ-ას, ვ. ა-ისა და რ. ხ-ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2015 წლის 23 ივლისის #131 გადაწყვეტილებისა და შესაბამისი საკუთრების უფლების მოწმობების კანონიერებასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. ამასთან, ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ც. გ-ას, რ. ჯ-ას, მ. მ-ას, მ. კ-ას, ი. გ-ას, ზ. ა-ას, კ. თ-ას, ვ. ა-ისა და რ. ხ-ას სასარგებლოდ დაეკისრა მ. კ-ას მიერ რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 125 (ას ოცდახუთი) ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე გამოიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით. ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. იმავე კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო აცნობებს ყველა დაინტერესებულ მხარეს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში. იმავე მუხლის მე-3 ნაწილით, დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს თავისი მოსაზრება ან შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების ყველა გარემოებასთან დაკავშირებით.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 110-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, დაინტერესებულ მხარეებს უნდა ეცნობოთ ზეპირი მოსმენის შესახებ მის გამართვამდე 7 დღით ადრე მაინც და მოწვეულ იქნენ ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად. 111-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირს, ზემდგომი ორგანოს წარმომადგენელს, დაინტერესებულ მხარეს, განხილვაზე მოწვეულ ექსპერტს, მოწმეს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა ზეპირ მოსმენაზე და დამსწრე დაინტერესებულ მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს განაცხადოს შუამდგომლობა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევასთან დაკავშირებით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას – წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცემა კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას მოსარჩელეები ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, როგორც დაინტერესებული პირები მიწვეულნი არ ყოფილან, რითაც უხეშად დაირღვა ზემოთმოყვანილი სამართლებრივი აქტების მოთხოვნები. მართალია, გასაჩივრებულ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტში კომისია აღნიშნულ დარღვევას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული გადაუდებლობის შემთხვევით ხსნის, თუმცა კომისია არ ასაბუთებდა, კონკრეტულად რა სახის გადაუდებელი აუცილებლობა იყო სახეზე, რომელიც ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ პირთა მოწვევის ვალდებულების საპირწონე გახდებოდა.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ-სამართლებრივი ადმინისტრაციული აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - კომისიის 2016 წლის 10 ივნისის #273 გადაწყვეტილების გამოცემის საფუძველს, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი მიწის ნაკვეთებზე მოსარჩელეთა საკუთრების უფლებით აღიარების შესახებ ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 23 ივლისის #131 გადაწყვეტილება და შესაბამისი საკუთრების უფლების მოწმობები, წარმოადგენდა ის, რომ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით მოსარჩელეთა საკუთრების უფლებით აღიარებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობები არ წარმოადგენდა გრუნტთან მყარად დაკავშირებულ უძრავ ქონებას, რაც გათვალისწინებული იყო „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით, ასევე გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში კომისია უთითებდა მოსარჩელეთა ნაწილის მიერ საკუთრების უფლების აღიარების საფასურის გადაუხდელობის შესახებ.

სააპელაციო პალატის მითითებით, საქმის მასალებით დადგენილი იყო და არც კომისიის წარმომადგენელი ხდიდა სადავოდ იმ გარემოებას, რომ საკუთრების უფლების აღიარების დროისათვის მოსარჩელეთა წარმომადგენლობას კომისიაში ახორციელებდა ერთ-ერთი მოსარჩელე - მ. კ-ა, რომლის მიერ საკუთრების უფლების აღიარების საფასურის სახით გადახდილია 700 ლარი, როცა ყველა განმცხადებლის გადასახდელი თანხა ჯამში შეადგენდა 451.50 ლარს. შესაბამისად, კომისიას გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაურკვევია, მ. კ-ას გადახდილი თანხით ხომ არ ჰქონდა შესრულებული დანარჩენ განმცხადებელთა ვალდებულება საფასურის გადახდის შესახებ.

რაც შეეხება საკუთრების უფლებით აღიარებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის კანონთან შესაბამისობის საკითხს, პალატამ აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიების მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა კომისიის ადმინისტრაციული წარმოების მასალებში არ აღმოჩნდა, შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც საქმეზე არ იყო საპროცესო წესის დაცვით მოპოვებული და დამაგრებული მტკიცებულება, გაურკვეველი იყო კომისიის მიერ ამგვარი დასკვნის გაკეთების საფუძვლიანობა.

ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ შესაბამისი საგამოძიებო ორგანოდან საკუთარი ინიციატივით გამოთხოვილ იქნა ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2016 წლის 25 მაისის საინჟინრო ექსპერტიზის #002565016 დასკვნის თანახმად, მოსარჩელეთა საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთებზე განთავსებული შენობები მიეკუთვნებოდნენ დროებით შენობებს.

სააპელაციო პალატამ აგრეთვე მიუთითა, რომ აპელანტების მიერ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილ იქნა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შპს „...ას“ 2018 წლის 17 იანვრის საინჟინრო ექსპერტიზის #11 დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ექსპერტმა დაასკვნა, რომ მიწის ნაკვეთებზე განთავსებული შენობები არ წარმოადგენდნენ დროებით შენობებს, ამასთან, მათი მინიმალური ასაკი შეადგენდა 15 წელს.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ კომისიას საკუთრების უფლების მოწმობების და მის გაცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების კანონიერების საკითხის შესწავლისას უნდა ეხელმძღვანელა არა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს არსებული ფაქტობრივი გარემოებებით, არამედ სწორედ მიწის ნაკვეთის მოსარჩელეთა საკუთრების უფლებით აღიარების დროისათვის არსებული ფაქტობრივი გარემოებებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით და დაედგინა, რამდენად იყო შესაბამისობაში მითითებული აქტები მისი გამოცემის დროს მოქმედ სამართლებრივ და ფაქტობრივ მდგომარეობასთან. მეტიც, გაურკვეველი იყო, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე სულ რაღაც ერთი წლით ადრე საკუთრების უფლების აღიარების დროს კომისიამ რის საფუძველზე დაასკვნა მიწის ნაკვეთებზე განთავსებული მოსარჩელეთა შენობების შესაბამისობა კანონის მოთხოვნებთან, გასარკვევი იყო არსებობდა თუ არა ამ დროისთვის ადგილზე დათვალიერების აქტი, ფოტოსურათები, საკუთრების უფლების აღიარების შემდგომ ხომ არ განუცდია ცვლილება აღნიშნულ შენობებს და სხვა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები; შეაგროვოს ცნობები; მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; დანიშნოს ექსპერტიზა; გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კანონის მოთხოვნის შესრულებისათვის და იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ყოფილიყო კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვან და სავალდებულო წინაპირობას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და ამ გარემოებათა შეფასების შედეგად გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენდა, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, თუმცა არასრულყოფილად, ვინაიდან მის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, შენობების უძრავ ან მოძრავ ქონებებად მიჩნევის შესაძლებლობა, რის გასარკვევად კომისია უფლებამოსილია დანიშნოს კომისიური ან დამატებითი ექსპერტიზა, დაკითხოს მოწმეები და ჩაატაროს სხვა საპროცესო მოქმედებები. სააპელაციო პალატის განმარტებით, აღსანიშნავი იყო ის გარემოებაც, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კომისიის წარმომადგენელმა მიწის ნაკვეთების მოსარჩელეთა თვითნებურად ფლობის ფაქტიც გახადა სადავოდ და მიუთითა, რომ რკინის ჯიხურების განთავსება განხორციელებული იყო საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს მეშვეობით სახელმწიფოს მიერ, რა გარემოებაზეც გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მსჯელობა განვითარებული არ ყოფილა და რაც დამატებით შეფასებას საჭიროებდა.

შესაბამისად იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰქონდა დადგენილი სადავო საკითხის მართებულად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, აქტი ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე გამოცემულად უნდა ყოფილიყო მიჩნეული.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სრულფასოვნად გამოეყენებინა მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურის ჩატარების მეშვეობით მიეღო. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელეთა მიმართ გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით უნდა შეემოწმებინა, ანუ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა საკითხის იმგვარად გადაწყვეტაზე, რომ არ შელახულიყო ადამიანის ძირითადი უფლებები.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.

საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობა, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (2016 წლის 10 ივნისის #273 გადაწყვეტილება) გამოცემული იყო საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და სათანადო შეფასების გარეშე, რაც სათანადოდ შეფასებული არ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

სააპელაციო პალატას განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ ც. გ-ასა და სხვათა სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას აპელანტების სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 125 (ასოცდახუთი) ლარის ანაზღაურება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს ც. გ-ამ, რ. ჯ-ამ, მ. მ-ამ, მ. კ-ამ, ი. გ-ამ, ზ. ა-ამ, კ. თ-ამ, ვ. ა-ემ და რ. ხ-ამ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ც. გ-ას, რ. ჯ-ას, მ. მ-ას, მ. კ-ას, ი. გ-ას, ზ. ა-ას, კ. თ-ას, ვ. ა-ისა და რ. ხ-ას საკასაციო საჩივრები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ც. გ-ას, რ. ჯ-ას, მ. მ-ას, მ. კ-ას, ი. გ-ას, ზ. ა-ას, კ. თ-ას, ვ. ა-ისა და რ. ხ-ას საკასაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად; ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი და ც. გ-ას, რ. ჯ-ას, მ. მ-ას, მ. კ-ას, ი. გ-ას, ზ. ა-ას, კ. თ-ას, ვ. ა-ისა და რ. ხ-ას საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და აღნიშნულ ნაწილში უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება.

კასატორების - ც. გ-ას, რ. ჯ-ას, მ. მ-ას, მ. კ-ას, ი. გ-ას, ზ. ა-ას, კ. თ-ას, ვ. ა-ისა და რ. ხ-ას მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიხედვით, „იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს არ მოუხდენია სადავო საკითხის მართებულად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების დადგენა - სახეზეა აქტის გამოცემა ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე“, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მოპასუხეს არ დააკისრა პროცესის ხარჯების ანაზღაურება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, დაშვებულ ნაწილში საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც. გ-ას, რ. ჯ-ას, მ. მ-ას, მ. კ-ას, ი. გ-ას, ზ. ა-ას, კ. თ-ას, ვ. ა-ისა და რ. ხ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს დაშვებულ ნაწილში და ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ც. გ-ას, რ. ჯ-ას, მ. მ-ას, მ. კ-ას, ი. გ-ას, ზ. ა-ას, კ. თ-ას, ვ. ა-ისა და რ. ხ-ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მ. კ-ას მიერ რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით ც. გ-ას, რ. ჯ-ას, მ. მ-ას, მ. კ-ას, ი. გ-ას, ზ. ა-ას, კ. თ-ას, ვ. ა-ისა და რ. ხ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ც. გ-ას, რ. ჯ-ას, მ. მ-ას, მ. კ-ას, ი. გ-ას, ზ. ა-ას, კ. თ-ას, ვ. ა-ისა და რ. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2016 წლის 10 ივნისის #273 გადაწყვეტილება ქალაქ ზუგდიდში, ... ქუჩის #7-ში მდებარე მიწის ნაკვეთებსა და მასზე დამაგრებულ შენობა-ნაგებობებზე ც. გ-ას, რ. ჯ-ას, მ. მ-ას, მ. კ-ას, ი. გ-ას, ზ. ა-ას, კ. თ-ას, ვ. ა-ისა და რ. ხ-ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2015 წლის 23 ივლისის #131 გადაწყვეტილებისა და შესაბამისი საკუთრების უფლების მოწმობების ბათილად ცნობის თაობაზე; ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ც. გ-ას, რ. ჯ-ას, მ. მ-ას, მ. კ-ას, ი. გ-ას, ზ. ა-ას, კ. თ-ას, ვ. ა-ისა და რ. ხ-ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2015 წლის 23 ივლისის #131 გადაწყვეტილებისა და შესაბამისი საკუთრების უფლების მოწმობების კანონიერებასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. ამასთან, ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ც. გ-ას, რ. ჯ-ას, მ. მ-ას, მ. კ-ას, ი. გ-ას, ზ. ა-ას, კ. თ-ას, ვ. ა-ისა და რ. ხ-ას სასარგებლოდ დაეკისრა მ. კ-ას მიერ რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 125 (ას ოცდახუთი) ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის საკითხის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ც. გ-ას, რ. ჯ-ას, მ. მ-ას, მ. კ-ას, ი. გ-ას, ზ. ა-ას, კ. თ-ას, ვ. ა-ისა და რ. ხ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების ნაწილში, ხოლო ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი და ც. გ-ას, რ. ჯ-ას, მ. მ-ას, მ. კ-ას, ი. გ-ას, ზ. ა-ას, კ. თ-ას, ვ. ა-ისა და რ. ხ-ას საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში დაუშვებლად იქნა ცნობილი და შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება, რომელიც ხსენებულ ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული.

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობისა და შეფასების საგანს მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემულ დავაზე მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისათვის დაკისრების კანონშესაბამისობა წარმოადგენს.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავით პროცესის ხარჯებთან, მათ შორის, სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილებასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების მიუხედავად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის IV თავი უშუალოდ ადმინისტრაციული პროცესის მიზნებისათვის განსაზღვრავს პროცესის ხარჯების მარეგულირებელ გარკვეულ დანაწესებს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულ სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი არეგულირებს სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების წესს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით ექსკლუზიურად, კონკრეტულად ადმინისტრაციული სამართალწარმოების მიზნებისათვის განსაზღვრული სპეციალური შემთხვევა გამორიცხავს ადმინისტრაციულ დავაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი ზემოხსენებული რეგულაციის გამოყენების შესაძლებელობას, რამდენადაც ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით კონკრეტული საკითხი არ არის მოწესრიგებული. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილებისას სწორედ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით უნდა ეხელმძღვანელა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ც. გ-ას, რ. ჯ-ას, მ. მ-ას, მ. კ-ას, ი. გ-ას, ზ. ა-ას, კ. თ-ას, ვ. ა-ისა და რ. ხ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს დაშვებულ ნაწილში და ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ც. გ-ას, რ. ჯ-ას, მ. მ-ას, მ. კ-ას, ი. გ-ას, ზ. ა-ას, კ. თ-ას, ვ. ა-ისა და რ. ხ-ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მ. კ-ას მიერ რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ც. გ-ას, რ. ჯ-ას, მ. მ-ას, მ. კ-ას, ი. გ-ას, ზ. ა-ას, კ. თ-ას, ვ. ა-ისა და რ. ხ-ას საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში დაკმაყოფილდეს;

2. ცვლილება იქნეს შეტანილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებაში;

3. ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ც. გ-ას, რ. ჯ-ას, მ. მ-ას, მ. კ-ას, ი. გ-ას, ზ. ა-ას, კ. თ-ას, ვ. ა-ისა და რ. ხ-ას სასარგებლოდ დაეკისროს მ. კ-ას მიერ რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი