Facebook Twitter

508-დად 23 იანვარი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),

ი. ტყეშელაშვილი,

თ. თოდრია

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ნ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 30 სექტემბრის დადგენილებაზე, რომლითაც უარი ეთქვა მას (დ. ნ-ეს) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებაზე.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 11 თებერვლის განაჩენით დ. ნ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ» და «გ» ქვეპუნქტებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2003 წლის 25 აგვისტოდან.

2005 წლის 2 სექტემბერს თბილისის ¹-- საპყრობილის მსჯავრდებულმა დ. ნ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 30 სექტემბრის დადგენილებით მსჯავრდებულ დ. ნ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა. მსჯავრდებული დ. ნ-ძე საქართველოს სსსკ-ის 553-ე და 623-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საკასაციო საჩივრით მოითხოვს დადგენილების, როგორც უკანონოს, გაუქმებას და სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებას იმ მოტივით, რომ მოიხადა სასჯელის 2/3, ხასიათდება დადებითად, იცავს სარეჟიმო მოთხოვნებს.

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: მართალია, მსჯავრდებულ დ. ნ-ეს, საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად, მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელის 2/3, რაც ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გასანთავისუფლებლად, მაგრამ აღნიშნული გარემოება ყოველთვის არ იძლევა მსჯავრდებულის პირობით ვადამდე განთავისუფლების საფუძველს. მოსამართლე, კანონის თანახმად, მოცემულ საკითხს დადებითად წყვეტს, თუ მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა. მსჯავრდებული დ. ნ-ძე სასჯელს იხდის მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, ადრე ნასამართლევია იგივე დანაშაულისათვის, ამასთან ახალი დანაშაული ჩაიდინა წინა დანაშაულისათვის ნასამართლობის პერიოდში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სასჯელის მიზნის მისაღწევად საჭიროა ამ ეტაპზე მის მიმართ გაგრძელდეს დანიშნული სასჯელის მოხდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მსჯავრდებულ დ. ნ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას მიზანშეუწონლად თვლის და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 30 სექტემბრის დადგენილება უნდა დარჩეს უცვლელად.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. ნ-ის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 30 სექტემბრის დადგენილება მსჯავრდებულ დ. ნ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.