522-დად 30 იანვარი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),
დ. სულაქველიძე,
რ. ნადირიანი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ო. ბ-ის კერძო საკასაციო საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 21 ოქტომბრის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹-- დაწესებულების წარდგინება მსჯავრდებულ ო. ბ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 9 ნოემბრის განაჩენით ო. ბ-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ", «გ" ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის «გ", «დ" ქვეპუნქტებით, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2001 წლის 11 აპრილიდან.
2005 წლის 17 ოქტომბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹-- დაწესებულების ---მა წარდგინებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს და იშუამდგომლა ო. ბ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება იმ მოტივით, რომ მოიხდა სასჯელის სამი მეოთხედი და ხასიათდება დადებითად.
სასამართლოს 2005 წლის 21 ოქტომბრის დადგენილებით, წარდგინება არ დაკმაყოფილდა.
მსჯავრდებული ო. ბ-ვი კერძო საკასაციო საჩივრით მოითხოვს დადგენილების, როგორც უკანონოს, გაუქმებას და სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებას იმ მოტივით, რომ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უსაფუძვლოდ ეთქვა უარი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მართალია, სსკ-ის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ო. ბ-ვს მოხდილი აქვს სასჯელის სამი მეოთხედი, მაგრამ ეს გარემოება და დადებითი დახასიათება ყოველთვის არ იძლევა მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საფუძველს. მოსამართლე მოცემულ საკითხს დადებითად წყვეტს იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის გამოსწორებისათვის საჭირო აღარაა დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასჯელის მოხდისას ო. ბ-ვი არაა წახალისებული. ამასთან, ორჯერაა ნასამართლევი. ბოლოს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდა და კვლავ ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რაც მეტყველებს, რომ, მიუხედავად არაერთი ნასამართლობისა, არ გამოსწორდა. რაიონული სასამართლოს დადგენილებაში მითითებულია, რომ ო. ბ-ვი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს პიროვნებად, რომელიც მტკიცედ დაადგა გამოსწორების გზას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს არ გააჩნდა კანონიერი საფუძველი მსჯავრდებულ ო. ბ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის, რის გამოც კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 21 ოქტომბრის დადგენილება უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ა" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დაადგინა:
კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 21 ოქტომბრის დადგენილება მსჯავრდებულ ო. ბ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.