საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-482(2კ-19) 26 სექტემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - სსიპ შემოსავლების სამსახური; ხ. ქ-ი და შპს ,,...ი"
მოპასუხეები - ლ. ქ-ი; ი/მ თ. ნ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 19 მაისს სსიპ შემოსავლების სამსახურმა სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - ლ. ქ-ის, ხ. ქ-ის, შპს ,,...ისა" და ი/მ თ. ნ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოპასუხეების ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარება მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ი/მ თ. ნ-ი, შპს ,,...ი" და ხ. ქ-ი აღიარებულ იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად; სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი ლ. ქ-ის ცრუმაგიერ პირად აღიარების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ხ. ქ-მა და შპს ,,...მა", რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის, ხ. ქ-ისა და შპს ,,...ის" საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის, ხ. ქ-ისა და შპს ,,...ის" საკასაციო საჩივრები განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგნის -ცრუმაგიერი მფლობელობის სასამართლოს მიერ დადგენის სამართლებრივ საფუძვლებს ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი, რომლის დადგენაც სასამართლოს მიერ ხორციელდებოდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელისთვის ამავე კოდექსით გათვალისწინებული სამართალწარმოების საერთო წესის შესაბამისად. აღნიშნული ითვალისწინებდა მითითებულ დავაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების (განჩინების) საკასაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობას.
2019 წლის 28 ივნისის №4906-IIს საქართველოს კანონით (ამოქმედდა 04.07.2019წ.) განხორციელებული ცვლილების საფუძველზე საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში 2019 წლის 28 ივნისს №4908-IIს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად (ამოქმედდა 04.07.2019წ.), ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს დაემატა VII16 თავი ,,ადმინისტრაციული სამართალწარმოება პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან დაკავშირებით", რომლის 2163 მუხლის შესაბამისად, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე ბრძანებას, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, გამოსცემს გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე. ამავე თავის 2165 მუხლით განისაზღვრა პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების საკითხის გადაწყვეტის წესი, რომლის მე-9 ნაწილის თანახმად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2019 წლის 4 ივლისს ამოქმედებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII16 თავით გათვალისწინებული დავები დაექვემდებარა მხოლოდ ორი ინსტანციით განხილვას და ამ ტიპის დავებზე საკასაციო საჩივარი აღარ დაიშვება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე - 2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს. მითითებული კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის, ხ. ქ-ისა და შპს ,,...ის" საკასაციო საჩივრები განუხილველად უნდა დარჩეს, რამდენადაც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, საკასაციო სასამართლოს აღარ გააჩნია კომპეტენცია გადასინჯოს გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერების საკითხი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან დ. ს-ს ხ. ქ-ისა და შპს ,,...ის" საკასაციო საჩივარზე 25.03.2019წ. #0 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 447-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დ. ს-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 25.03.2019წ. #0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2165 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის, ხ. ქ-ისა და შპს ,,...ის" საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად;
2. დ. ს-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ხ. ქ-ისა და შპს ,,...ის" საკასაციო საჩივარზე 25.03.2019წ. #0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი