Facebook Twitter

533-დად 23 იანვარი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),

ი. ტყეშელაშვილი,

თ. თოდრია

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. ღ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ-ის კერძო საკასაციო საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 ნოემბრის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქსნის ¹-- სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის წარდგინება მსჯავრდებულ ე. ღ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 3 დეკემბრის განაჩენით ე. ღ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ», «გ» ქვეპუნქტებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 11 თვე და 2 დღე და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 3 თვის ვადით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2002 წლის 26 აგვისტოდან.

2005 წლის 8 ნოემბერს სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის ¹-- დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს და იშუამდგომლა ე. ღ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება იმ მოტივით, რომ მან მოიხადა სასჯელის 3/4, წახალისებულია ორჯერ, იცავს სარეჟიმო მოთხოვნებს, ხასიათდება დადებითად, კავშირი აქვს გამოსწორების გზაზე მდგარ მსჯავრდებულებთან.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 ნოემბრის დადგენილებით წარდგინება არ დაკმაყოფილდა.

ადვოკატი მ. მ-ძე, საქართველოს სსსკ-ის 553-ე და 623-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საკასაციო საჩივრით მოითხოვს დადგენილების, როგორც უკანონოს, გაუქმებას და მსჯავრდებულ ე. ღ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებას იმ მოტივით, რომ იგი ხასიათდება დადებითად.

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: მართალია, მსჯავრდებულ ე. ღ-ლს, საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელის 3/4, რაც ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გასათავისუფლებლად, მაგრამ აღნიშნული გარემოება ყოველთვის არ იძლევა მსჯავრდებულის პირობით ვადამდე განთავისუფლების საფუძველს. მოსამართლე, კანონის თანახმად, მოცემულ საკითხს დადებითად წყვეტს, თუ მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა. მსჯავრდებული ე. ღ-ლი სასჯელს იხდის მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, ადრე სამჯერ არის ნასამართლევი, მეოთხედ დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელ ვადაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მსჯავრდებულ ე. ღ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას მიზანშეუწონლად თვლის და მიაჩნია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 ნოემბრის დადგენილება უნდა დარჩეს უცვლელად.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ე. ღ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ-ის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 ნოემბრის დადგენილება მსჯავრდებულ ე. ღ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.