Facebook Twitter

537-დად 23 იანვარი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),

დ. სულაქველიძე,

თ. თოდრია

მონაწილეობით,განიხილა მსჯავრდებულ მ. მ-ის ინტერესების დამცველების, ადვოკატების _ ლ. ჭ-ის და კ. კ-ის კერძო საკასაციო საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 ნოემბრის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თბილისის ¹-- სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინება მსჯავრდებულ მ. მ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 7 ივლისის განაჩენით მ. მ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 105-ე მუხლით, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი ქვეპუნქტით, 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდა დაეწყო 1994 წლის 2 ნოემბრიდან.

2005 წლის 3 მაისს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹-- დაწესებულების ---მა წარდგინებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს და იშუამდგომლა სასჯელის მოხდისაგან მ. მ-ის პირობითYვადამდე გათავისუფლება. რაიონული სასამართლოს 6 მაისის დადგენილებით წარდგინება არ დაკმაყოფილდა. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 8 ივლისის განჩინებით დადგენილება დარჩა უცვლელად.

2005 წლის 9 ნოემბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹-- დაწესებულების ---მა წარდგინებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს და იშუამდგომლა მ. მ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება იმ მოტივით, რომ მოიხდა სასჯელის სამი მეოთხედი, წახალისებულია ორჯერ და ხასიათდება დადებითად.

სასამართლოს 2005 წლის 11 ნოემბრის დადგენილებით, წარდგინება არ დაკმაყოფილდა.

ადვოკატები _ ლ. ჭ-ლი და კ. კ-რი კერძო საკასაციო საჩივრით მოითხოვენ დადგენილების გაუქმებას და გამოსაცდელი ვადით სასჯელის მოხდისაგან მ. მ-ის პირობით ვადამდე გათავისუფლებას, შემდეგი მოტივებით:

ის გარემოება, რომ მსჯავრდებულს მოსადელი აქვს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, არ შეიძლება გახდეს პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის საფუძველი. მ. მ-ლი იქცეოდა სანიმუშოდ, ხასიათდება დადებითად, სასჯელის მოხდისას არ შემჩნეულა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქცევაში. ეს იმაზე მიუთითებს, რომ იგი დაადგა გამოსწორების გზას. მსჯავრდებული ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და მისი გამოსწორებისათვის არაა საჭირო სასჯელის მთლიანად მოხდა.

საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა ლ. ჭ-მა მოითხოვა საჩივრის დაკმაყოფილება იმ მოტივით, რომ მ. მ-მა მოიხადა სასჯელის სამი მეოთხედი, გამოსწორდა და საჭირო აღარაა, რომ სასჯელი მთლიანად მოიხადოს. გარდა ამისა, მსჯავრდებული დაავადებულია «ჩ» ჰეპატიტით.

პროკურორმა გ. გ-მა საჩივარს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა მ. მ-ის მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვება იმ მოტივით, რომ იგი მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, სასჯელის მოხდისას მრავალჯერაა დასჯილი და მოსახდელი აქვს სასჯელის მნიშვნელოვანი ნაწილი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, ასევე მხარეთა მოტივები და მივიდა დასკვნამდე, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მართალია, სსკ-ის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, მ. მ-ლს მოხდილი აქვს სასჯელის სამი მეოთხედი, მაგრამ ეს გარემოება ყოველთვის არ იძლევა მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საფუძველს. მოსამართლე მოცემულ საკითხს დადებითად წყვეტს იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის გამოსწორებისათვის საჭირო აღარაა დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა. მ. მ-ლი 1991 წლის 22 ოქტომბერს გაასამართლა მცხეთის რაიონის სასამართლომ 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიუსაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა ვადაზე ადრე _ 1992 წელს და, ამის მიუხედავად, კვლავ ჩაიდინა არაერთი დანაშაული, მათ შორის _ განზრახ მკვლელობა. ამ დანაშაულისათვის მას მოსახდელი აქვს კიდევ ორნახევარ წელზე მეტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს არ გააჩნდა კანონიერი საფუძველი მსჯავრდებულ მ. მ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის, რის გამოც კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 ნოემბრის დადგენილება უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ა" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 ნოემბრის დადგენილება მსჯავრდებულ მ. მ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.