Facebook Twitter

543-დად 25 იანვარი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),

დ. სულაქველიძე,

რ. ნადირიანი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. შ-ის კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 22 ნოემბრის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქ. რუსთავის ¹-- სასჯელაღსრულების დაწესებულების წარდგინება მსჯავრდებულ ნ. შ-ის სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით განთავისუფლების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 18 ივლისის განაჩენით ნ. შ-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. თანახმად საქართველოს სსსკ-ის 473-ე მუხლის მე-5 ნაწილისა, ნ. შ-ვს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მესამედით და მას საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდა დაეწყო 2004 წლის 14 აგვისტოდან.

2005 წლის 17 ნოემბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. რუსთავის ¹-- დაწესებულების ---მა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და იშუამდგომლა ნ. შ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება იმ მოტივით, რომ მან მოიხადა სასჯელის 1\2, სარეჟიმო მოთხოვნათა დარღვევაში შემჩნეული არ ყოფილა და ხასიათდება დადებითად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 22 ნოემბრის დადგენილებით წარდგინება არ დაკმაყოფილდა.

მსჯავრდებული ნ. შ-ვი, საქართველოს სსსკ-ის 553-ე და 623-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საკასაციო საჩივრით მოითხოვს დადგენილების, როგორც უკანონოს, გაუქმებას და სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებას იმ მოტივით, რომ მან მოიხადა საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის ნახევარი.

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

ნ. შ-ვი სასჯელის იხდის ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. მან 2005 წლის 14 აგვისტოს მოიხადა საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის 1\2, რაც ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლების საკითხის გადასაწყვეტად. მსჯავრდებული ნ. შ-ვი ქ. რუსთავის ¹-- დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ ხასიათდება დადებითად, სასჯელის მოხდის პერიოდში სარეჟიმო მოთხოვნათა დარღვევაში შემჩნეული არ ყოფილა, ჰყავს ცოლ-შვილი, მოსახდელად დარჩენილი აქვს 7 თვეზე ნაკლები დრო, რაც არ გაითვალისწინა საქალაქო სასამართლომ და გამოიტანა დაუსაბუთებელი დადგენილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 22 ნოემბრის დადგენილება და საქმე გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს ხელახლა განსახილველად.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ნ. შის კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 22 ნოემბრის დადგენილება მსჯავრდებულ ნ. შ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ.

საქმე გაეგზავნოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სხვა მოსამართლეს ხელახლა განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.