1073-აპ 26 დეკემბერი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ოშხარელი (თავმჯდომარე),
ზ. მეიშვილი,
დ. სულაქველიძე
განიხილა მსჯავრდებულ ი. წ-სა და მსჯავრდებულ დ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. უ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 15 სექტემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 თებერვლის განაჩენით:
ი. წ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ», «გ» ქვეპუნქტებით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 178-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ», «გ», «დ» ქვეპუნქტებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
დ. ა-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ», «გ», «დ» ქვეპუნქტებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის გამოყენებით მას მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან _ 6 თვე და საბოლოოდ დ. ა-ლს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
ქ. ა-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ», «გ», «დ» ქვეპუნქტებით და მიესაჯა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა. ი. წ-ეს, დ. ა-სა და ქ. ა-ლს ზ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 1200 ლარის სოლიდარულად გადახდა.
განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულების: ი. წ-ის, დ. ა-სა და ქ. ა-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2004 წლის მარტში გამოძიებისათვის დაუდგენელ რიცხვებში, ი. წ-ემ სიღნაღის რაიონის სოფ. ---ის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნა ამავე სოფელში მცხოვრები ა. გ-ის კუთვნილი რკინის წყალსადენი მილი და მისაკუთრების მიზნით მისი მართლსაწინააღმდეგო დაუფლება განიზრახა. აღნიშნული მან დ. ა-სა და ქ. ა-ლს შესთავაზა, რაზედაც ისინი დაითანხმა.
რამდენიმე დღის შემდეგ, დაახლოებით 01.00 საათზე, დ. ა-ლი, ქ. ა-ლი და ი. წ-ძე, ამ უკანასკნელის დროებით სარგებლობაში მყოფი გაზ-53 მარკის ავტომანქანით, და რომელსაც მართავდა ი. წ-ძე, წინასწარი შეთანხმებით, სიღნაღის რ-ის სოფ. --- მიმდებარე, ამ უკანასკნელის მიერ წინასწარ შეთვალიერებულ ტერიტორიაზე მივიდნენ. ისინი აღნიშნულ ტერიტორიაზე სოფ. --- მცხოვრებ ი. ბ-სა და შ. ა-ლს შემთხვევით შეხვდნენ. ისინი ვენახს რწყავდნენ. ი. წ-ემ, დ. და ქ. ა-ებმა მათი იქ ყოფნა არაფრად მიიჩნიეს და მათ მიმართ ძალადობის მუქარა განახორციელეს, რომელიც არ იყო ჯანმრთელობისათვის საშიში. მათ დაქირავებული შემდუღებლის, სოფ. --- მცხოვრები თ. ჯ-ის დახმარებით ა. გ-ის კუთვნილი, შავი ლითონის შემცველი, 150-მმ-იანი დიამეტრის ნაკეთობები და 120 მეტრი სიგრძის რკინის წყალსადენი მილი დაჭრეს. აღნიშნული ნივთები ა/მანქანის საბარგულზე მოათავსეს და მათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლნენ, რასაც შემდეგ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში რეალიზაცია გაუკეთეს. მათ დაზარალებულ ა. გ-ლს აღნიშნული ქმედებით 1800 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს.
ი. წ-ემ, გარდა აღნიშნულისა, არაერთგზის ჩაიდინა სხვა დანაშაულიც:
2004 წლის ივლისში, გამოძიებისათვის დაუდგენელ დროს, ი. წ-ძე სიღნაღის რ-ნ სოფ. --- მიმდებარე, ე.წ. ქ-ის მეურნეობის ტერიტორიაზე არსებულ ტბაზე სათევზაოდ იმყოფებოდა. მან ტბის მახლობლად მეურნეობის ტერიტორიაზე შენიშნა ვენახის სამკუთხა ამოსაყენებლები და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მათი დაუფლება განიზრახა.
2004 წლის 16 ივლისს, დაახლოებით 22 საათზე, იგი თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ზემოაღნიშნული მანქანით ე.წ. ქუმბათის მეურნეობასთან მივიდა, მეურნეობის ტერიტორიაზე შესასვლელ ჭიშკართან ა/მანქანის საბარგულზე დააწყო ქ. სიღნაღში მცხოვრებ ზ.ა ა-ის კუთვნილი, შავი ლითონის შემცველი ნაკეთობები: სულ 952 ლარის ღირებულების 952 ცალი ვაზის ამოსაყენებელი. ი. წ-ძე აღნიშნულ ნივთებს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა.
იმავდროულად, დ. ა-მა სხვა დანაშაულიც ჩაიდინა, კერძოდ, მან გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში კანაფის ნედლი მცენარე მოკრიფა, რომელიც გაახმო და მისგან ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა დაამზადა. იგი აღნიშნულ ნივთიერებას სიღნაღის რაიონის სოფ. --- არსებულ თავის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, მისაღებ ოთახში უკანონოდ ინახავდა. 2004 წლის 16 სექტემბერს, მისი ბინის ჩხრეკისას, აღნიშნული ნივთიერება შს სიღნაღის რაიგანყოფილების თანამშრომლების მიერ იქნა ამოღებული. საქართვლეოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, დ. ა-ის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული მწვანე ფერის, გამხმარი მცენარეული მასა წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება „---ს“, წონით _ 18 გრამი.
მანვე გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან ერთი ცალი „ფ-1“E ტიპის ხელყუმბარა, თავისივე ფალიით მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, რომელსაც 2004 წლის 16 სექტემბრამდე სიღნაღის რაიონის სოფ. --- მდებარე, თავისი საცხოვრებელი ბინის მეორე სართულზე, მისაღებ ოთახში მდგარ დივანში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა. 2004 წლის 16 სექტემბერს, დ. ა-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, შს სიღნაღის რაიგანყოფილების თანამშრომლების მიერ ხელყუმბარა იქნა ამოღებული.
საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, დ. ა-ის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული ხელყუმბარა, თავისი ფალიით, წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ „ფ-1“ ტიპის ხელყუმბარას „უზრგმ“ ფალიით, მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 15 სექტემბრის განაჩენით, კვალიფიკაციის ნაწილში, შევიდა ცვლილება, კერძოდ:
მსჯავრდებულ ი. წ-ეს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტი. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ», «გ» ქვეპუნქტებით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 178-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «გ», «დ» ქვეპუნქტებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ ქ. ა-ლს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტი. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «გ», «დ» ქვეპუნქტებით და მიესაჯა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ დ. ა-ლს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტი. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «გ», «დ» ქვეპუნქტებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის გამოყენებით მას მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან _ 6 თვე და საბოლოოდ დ. ა-ლს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული ი. წ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «გ», «დ» ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებასა და მისი ქმედების დაკვალიფიცირებას სსკ-ის 177-ე მუხლით, ხოლო ქურდობის ეპიზოდში თავს დამნაშავედ ცნობს და ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
მსჯავრდებულ დ. ა-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. უ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და დ. ა-ის გამართლებას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო, იგი ემყარება კანონით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე სასამართლო განხილვა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, საქმეზე დადგენილია კანონიერი განაჩენი, რომლის შეცვლის ან გაუქმების საფუძველი პალატას არ გააჩნია.
მსჯავრდებულ ი. წ-ის საკასაციო საჩივრის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მას არ ჩაუდენია სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «გ», «დ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, უსაფუძვლოა.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს ადვოკატ მ. უ-ის საკასაციო საჩივარს იმის თაობაზე, რომ განაჩენი არის უკანონო, დ. ა-ლს არ ჩაუდენია მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებები.
პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულების _ ი. წ-სა და დ. ა-ის ბრალეულობა დადასტურებულია არა მხოლოდ დაზარალებულების _ ზ. ა-ის, ა. გ-სა და მისი უფლებამონაცვლე ზ. გ-ის მიერ მიცემული ჩვენებებით, არამედ აგრეთვე მოწმეების _ თ. ჯ-ის, მ. ა-ის, ბ. ბ-ის, ი. ბ-სა და სხვათა ჩვენებებით; ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთმტკიცებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ქიმიური და ბალისტიკური ექსპერტიზების დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულთა ქმედებებს და სასჯელის ზომაც სამართლიანად განუსაზღვრა.
საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
რაც შეეხება ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ქ. ა-ლს, რომელსაც განაჩენი საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, სრული მოცულობით შეამოწმა საქმე მსჯავრდებულ ქ. ა-ის მიმართაც და მიიჩნია, რომ დადგენილი განაჩენი მის მიმართ კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ი. წ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «გ» ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» ქვეპუნქტი (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, რაც წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი. წ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «გ» ქვეპუნქტის სახით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» ქვეპუნქტთან, რადგან, მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება, ხოლო დანიშნული სასჯელი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა», «დ” ქვეპუნქტებით, 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 15 სექტემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ ი. წ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «გ» ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» ქვეპუნქტზე.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულების _ ი. წ-ის, დ. ა-სა და ქ. ა-ის მიმართ დანიშნული სასჯელები, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.