Facebook Twitter

567-დად 25 იანვარი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),

დ. სულაქველიძე,

რ. ნადირიანი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ადვოკატ კ. ხ-ის კერძო საკასაციო საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 ნოემბრის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹-- დაწესებულების დირექტორის წარდგინება მსჯავრდებულ ზ. ა-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.

ქარელის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 22 ივლისის განაჩენით ზ. ა-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით, 228-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით, გაძლიერებული რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 1996 წლის 23 ოქტომბრიდან.

სასჯელის მოხდის პერიოდში ზ. ა-ძე კვლავ გასამართლდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 2004 წლის 22 მარტს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის I ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹-- დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ ზ. ა-ძე წარდგენილ იქნა მცხეთის რაიონულ სასამართლოში სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლების თაობაზე, რაზეც მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 6 მაისის დადგენილებით ეთქვა უარი.

2005 წლის 9 სექტემბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის ¹-- დაწესებულების დირექტორმა განმეორებით მიმართა წარდგინებით მცხეთის რაიონულ სასამართლოს და იშუამდგომლა ზ. ა-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება იმ მოტივით, რომ მან მოიხადა სასჯელის 3\4, წახალისებულია სამჯერ, სასჯელი არ აქვს, იცავს კანონით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ჰყავს მეუღლე და ერთი მცირეწლოვანი შვილი, ხასიათდება დადებითად.

მცხეთისრაიონულისასამართლოს 2005 წლის 25 ნოემბრის დადგენილებით წარდგინება არ დაკმაყოფილდა.

ადვოკატი კ. ხ-ლი, საქართველოს სსსკ-ის 553-ე და 623-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საკასაციო საჩივრით მოითხოვს დადგენილების, როგორც უკანონოს, გაუქმებას და სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებას იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულმა ზ. ა-ემ ფაქტობრივად მოიხადა შეფარდებული სასჯელის 3\4, ანუ 9 წელზე მეტი, მოსახდელი დარჩა 2 წელზე ნაკლები, იგი ქსნის ¹-- დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ ხასიათდება დადებითად და მეორედაა წარდგენილი ვადამდე პირობით განთავისუფლებაზე, წახალისებულია სამჯერ, ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, გამოსწორდა და აღარ არის აუცილებელი მისი პატიმრობაში ყოფნა.

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

ზ. ა-ძე სასჯელის იხდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. მან 2005 წლის 23 იანვარს მოიხადა საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის 3\4, იგი ქსნის ¹-- დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ ხასიათდება დადებითად და მეორედაა წარდგენილი ვადამდე პირობით განთავისუფლებაზე, წახალისებულია სამჯერ, ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, დგას გამოსწორების გზაზე, რაც არ გაითვალისწინა რაიონულმა სასამართლომ და გამოიტანა დაუსაბუთებელი დადგენილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 ნოემბრის დადგენილება და საქმე გაეგზავნოს მცხეთის რაიონული სასამართლოს სხვა მოსამართლეს ხელახლა განსახილველად.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ადვოკატ კ. ხ-ის კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 ნოემბრის დადგენილება მსჯავრდებულ ზ. ა-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ.

საქმე გაეგზავნოს მცხეთის რაიონული სასამართლოს სხვა მოსამართლეს ხელახლა განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.