Facebook Twitter

575-დად 25 იანვარი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),

დ. სულაქველიძე,

რ. ნადირიანი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს პროკურატურის პროკურორ თ. მ-ის კერძო საკასაციო საჩივარი ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 22 ნოემბრის დადგენილებაზე რომლითაც დაკმაყოფილდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის ¹-- დაწესებულების წარდგინება მსჯავრდებულ ზ. ტ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1998წ. 24 ილისის განაჩენთ ზ. ტ-ძე ცნობილ იქნა დამნაშვედ საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის I ნაწილით, 105-ე მუხლით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, გაძლიერებული რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით, რომელიცრუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 18 აგვისტოს დადგენილებით შეეცვალა მკაცრი რეჟიმით. სასჯელის მოხდა დაეწყო 1998წ. 17 მაისიდან.

2005წ. 17 ოქტომბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის ¹-- დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და იშუამდგომლა ზ. ტ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება იმ მოტივით, რომ მან მოიხადა სასჯელის სამი მეოთხედი, იცავს სარეჟიმო მოთხოვნებს, ხასიათდება დადებითად, კავშირი აქვს გამოსწორების გზაზე მდგარ მსჯავრდებულებთან.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 22 ნოემბრის დადგენილებით, ქ.რუსთავის ¹-- სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინება დაკმაყოფილდა.

პროკურორი თ. მ-ძე კერძო საკასაციო საჩივრით მოითხოვს დადგენილების, როგორც უკანონოს, გაუქმებას და მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოხდას იმ მოტივით, რომ ზ. ტ-ეს ჩადენილი აქვს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, რეჟიმის დარღვევისათვის დასჯილია მრავალჯერ.

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულის პირადი საქმიდან და წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ ზ. ტ-ძე სასჯელს იხდის 1998წ. 17 მაისიდან, მან სასჯელის სამი მეოთხედი, რაც პირობით ვადამდე განთავისუფლების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, მართალია, მოიხადა 2005წ. 17 ნოემბერს, მაგრამ, საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული შეიძლება პირობით ვადამდე მხოლოდ მაშინ განთავისუფლდეს, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა. მსჯავრდებული ზ. ტ-ძე კი სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ რეჟიმის დარღვევისათვის დასჯილია 8-ჯერ, ერთხელ გადაყვანილი ქნა საპყრობილის მკაცრ რეჟიმზე, ჩადენილი აქვს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული და მოსახდელად დარჩენილი აქვს სასჯელის მნიშვნელოვანი ნაწილი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს არ გააჩნდა კანონიერი საფუძველი მსჯავრდებულ ზ. ტ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის, რის გამოც რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 22 ნოემბრის დადგენილება უნდა გაუქმდეს.

პროკურორ თ. მ-ის კერძო საკასაციო საჩივარი სასჯელის მოსახდელად იმავე დაწესებულებაში მსჯავრდებულის დაბრუნების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე გაეგზავნოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სხვა მოსამართლეს ხელახლა განსახილველად.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

პროკურორ თ. მ-ის კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 22 ნოემბრის დადგენილება მსჯავრდებულ ზ. ტ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ გაუქმდეს და საქმე გაეგზავნოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სხვა მოსამართლეს ხელახლა განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.