Facebook Twitter

582-დად 25 იანვარი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),

დ. სულაქველიძე,

რ. ნადირიანი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ო. ო-ის კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 დეკემბრის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. რუსთავის ¹-- დაწესებულების დირექტორის წარდგინება მსჯავრდებულ ო. ო-ის სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით განთავისუფლების შესახებ.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 27 აპრილის განაჩენით ო. ო-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით (1961 წლის რედაქცია) და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 1999 წლის 10 ნოემბრიდან.

2005 წლის 15 ოქტომბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. რუსთავის ¹-- დაწესებულების ---მა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და იშუამდგომლა ო. ო-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება იმ მოტივით, რომ მან მოიხადა სასჯელის 3\4, წახალისებულია ერთხელ, დასჯილი არ ყოფილა, იცავს დაწესებულების შინაგანაწესისა და რეჟიმის მოთხოვნებს, არის წყნარი, ზრდილობიანი, მეგობრობს დადებითი ორიენტაციის მქონე მსჯავრდებულებთან, რაიმე კონფლიქტურ სიტუაციაში შემჩნეული არ ყოფილა, ხასიათდება დადებითად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 დეკემბრის დადგენილებით წარდგინება არ დაკმაყოფილდა.

მსჯავრდებული ო. ო-ვი, საქართველოს სსსკ-ის 553-ე და 623-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საკასაციო საჩივრით მოითხოვს დადგენილების, როგორც უკანონოს, გაუქმებას და სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებას იმ მოტივით, რომ მან ფაქტობრივად მოიხადა შეფარდებული სასჯელის 3\4 და იგი ქ. რუსთავის ¹-- დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ ხასიათდება დადებითად.

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

ო. ო-მა 2005 წლის 10 ნოემბერს მოიხადა საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის 3\4, რაც ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლების საკითხის გადასაწყვეტად. მსჯავრდებული ო. ო-ვი ქ. რუსთავის ¹-- დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ ხასიათდება დადებითად, სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი არ ყოფილა, წახალისებულია ერთხელ, შეგნებული აქვს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დგას გამოსწორების გზაზე, იცავს დაწესებულების შინაგანაწესისა და რეჟიმის მოთხოვნებს, არის წყნარი და ზრდილობიანი, მეგობრობს დადებითი ორიენტაციის მსჯავრდებულებთან, კონფლიქტურ სიტუაციებში შემჩნეული არ ყოფილა, ო. ო-მა მოიხადა სასჯელის მნიშვნელოვანი ნაწილი – 6 წელზე მეტი, ჰყავს ცოლ-შვილი, რაც არ გაითვალისწინა საქალაქო სასამართლომ და გამოიტანა დაუსაბუთებელი დადგენილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 დეკემბრის დადგენილება და საქმე გაეგზავნოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სხვა მოსამართლეს ხელახლა განსახილველად.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ო. ო-ის კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 დეკემბრის დადგენილება მსჯავრდებულ ო. ო-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ.

საქმე გაეგზავნოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სხვა მოსამართლეს ხელახლა განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.