Facebook Twitter

589-დად 23 იანვარი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),

ი. ტყეშელაშვილი,

თ. თოდრია

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ჭ-ის კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 დეკემბრის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქ. რუსთავის ¹-- სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულების ადმინისტრაციის წარდგინება მსჯავრდებულ რ. ჭ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.

გურჯაანის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 11 ივნისის განაჩენით რ. ჭ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, 150-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, 91-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით. სასჯელის მოხდა დაეწყო 1996 წლის 21 თებერვლიდან.

2005 წლის 28 ნოემბერს სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის ¹-- დაწესებულების ---მა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და იშუამდგომლა მსჯავრდებულ რ. ჭ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება იმ მოტივით, რომ მან მოიხადა სასჯელის 3/4, წახალისებულია ერთხელ, იცავს სარეჟიმო მოთხოვნებს, ხასიათდება დადებითად, კავშირი აქვს გამოსწორების გზაზე მდგარ მსჯავრდებულებთან.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 დეკემბრის დადგენილებით წარდგინება არ დაკმაყოფილდა.

მსჯავრდებული რ. ჭ-ლი, საქართველოს სსსკ-ის 553-ე და 623-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საკასაციო საჩივრით მოითხოვს დადგენილების, როგორც უკანონოს, გაუქმებას და სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებას იმ მოტივით, რომ მოიხადა დანიშნული სასჯელის 3/4, არის 60 წელს გადაცილებული, დაავადებულია ტუბერკულოზითა და ეპილეფსიით.

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: მართალია, მსჯავრდებულ რ. ჭ-ლს, საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელის 3/4, რაც ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გასათავისუფლებლად, მაგრამ აღნიშნული გარემოება ყოველთვის არ იძლევა მსჯავრდებულის პირობით ვადამდე განთავისუფლების საფუძველს. მოსამართლე, კანონის თანახმად, მოცემულ საკითხს დადებითად წყვეტს, თუ მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა. მსჯავრდებული რ. ჭ-ლი სასჯელს იხდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, ადრე 3-ჯერ არის ნასამართლევი, მოსახდელად დარჩენილი აქვს დანიშნული სასჯელის მნიშვნელოვანი ნაწილი, რის გამოც ამ ეტაპზე, მისი პიროვნებისა და წარსულის გათვალისწინებით, სასჯელის მიზანი ვერ ჩაითვლება მიღწეულად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მსჯავრდებულ რ. ჭ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას მიზანშეუწონლად თვლის და მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 დეკემბრის დადგენილება უნდა დარჩეს უცვლელად.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ რ. ჭ-ის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 დეკემბრის დადგენილება მსჯავრდებულ რ. ჭ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათნავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.