Facebook Twitter

590-დად 23 იანვარი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),

ი. ტყეშელაშვილი,

თ. თოდრია

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. გ-ას კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 დეკემბრის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქ. რუსთავის ¹-- სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის წარდგინება მსჯავრდებულ მ. გ-ას სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.

აბაშის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 2 თებერვლის განაჩენით მ. გ-ია, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის «ე» ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან 1 წელი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით. აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 25 მაისის განაჩენით სასჯელის ნაწილში შევიდა ცვლილება. კერძოდ: მსჯავრდებულ მ. გ-ას სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად. სასჯელის მოხდა დაეწყო 2004 წლის 8 იანვრიდან.

2005 წლის 28 ნოემბერს სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის ¹-- დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და იშუამდგომლა მსჯავრდებულ მ. გ-ას სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება იმ მოტივით, რომ მან მოიხადა სასჯელის 3/4, წახალისებულია ერთხელ, იცავს სარეჟიმო მოთხოვნებს, ხასიათდება დადებითად, კავშირი აქვს გამოსწორების გზაზე დამდგარ მსჯავრდებულებთან.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 დეკემბრის დადგენილებით წარდგინება არ დაკმაყოფილდა.

მსჯავრდებული მ. გ-ია საქართველოს სსსკ-ის 553-ე და 623-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საკასაციო საჩივრით მოითხოვს დადგენილების, როგორც უკანონოს, გაუქმებას და სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებას იმ მოტივით, რომ ხასიათდება დადებითად, მოიხადა სასჯელის 3/4, მისი ოჯახი განიცდის მძიმე ეკონომიურ გაჭირვებას.

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: მართალია, მსჯავრდებულ მ. გ-ას, საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელის 3/4, რაც ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გასანთავისუფლებლად, მაგრამ აღნიშნული გარემოება ყოველთვის არ იძლევა მსჯავრდებულის პირობით ვადამდე განთავისუფლების საფუძველს. მოსამართლე, კანონის თანახმად, მოცემულ საკითხს დადებითად წყვეტს, თუ მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა. მსჯავრდებული მ. გ-ია ადრე ნასამართლევია მძიმე ნარკოტიკული დანაშაულისათვის, ხოლო ამჟამად სასჯელს იხდის განსაკუთრებით მძიმე ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისათვის, აღნიშნული კი მან ჩაიდინა პირობითი მსჯავრის საფუძველზე განსაზღვრული გამოსაცდელი ვადის გასვლამდე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მის მიმართ საშეღავათო ზომების გამოყენება ვერ ახდენს სათანადო ზემოქმედებას სასჯელის მიზნის მიღწევის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მსჯავრდებულ მ. გ-ას სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას მიზანშეუწონლად თვლის და მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 დეკემბრის დადგენილება უნდა დარჩეს უცვლელად.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი» 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. გ-ას კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 დეკემბრის დადგენილება მსჯავრდებულ მ. გ-ას სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.