591-დად 23 იანვარი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),
ი. ტყეშელაშვილი,
თ. თოდრია
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. რ-ის კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 დეკემბრის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი განცხადება სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.
გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 იანვრის განაჩენით ი. რ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 239-ე მუხლის მესამე ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2003 წლის 27 ივლისიდან.
2005 წლის 28 ნოემბერს მსჯავრდებულმა ი. რ-მა განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და იშუამდგომლა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება იმ მოტივით, რომ მოიხადა სასჯელის 2/3, აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა, წახალისებულია რამდენჯერმე, იცავს სარეჟიმო მოთხოვნებს, ხასიათდება დადებითად, კავშირი აქვს გამოსწორების გზაზე დამდგარ მსჯავრდებულებთან, ჰყავს ავადმყოფი მეუღლე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 დეკემბრის დადგენილებით განცხადება არ დაკმაყოფილდა.
მსჯავრდებული ი. რ-ლი, საქართველოს სსსკ-ის 553-ე და 623-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საკასაციო საჩივრით მოითხოვს დადგენილების, როგორც უკანონოს, გაუქმებას და სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებას იმ მოტივით, რომ მოიხადა სასჯელის 2/3, წახალისებულია რამდენჯერმე, იცავს სარეჟიმო მოთხოვნებს, ხასიათდება დადებითად, კავშირი აქვს გამოსწორების გზაზე მდგარ მსჯავრდებულებთან, ჰყავს ავადმყოფი მეუღლე.
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: მართალია, მსჯავრდებულ ი. რ-ლს, საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად, მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელის 2/3, რაც ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გასათავისუფლებლად, მაგრამ აღნიშნული გარემოება ყოველთვის არ იძლევა მსჯავრდებულის პირობით ვადამდე განთავისუფლების საფუძველს. მოსამართლე, კანონის თანახმად, მოცემულ საკითხს დადებითად წყვეტს, თუ მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა. მსჯავრდებული ი. რ-ლი ადრე ნასამართლევია, სასჯელს იხდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, ამასთან, სასჯელის მოხდის პერიოდში დადებული აქვს სახდელები რეჟიმის დარღვევისათვის, რის გამოც აუცილებელია, ამ ეტაპზე მის მიმართ გაგრძელდეს დანიშნული სასჯელის მოხდა სასჯელის მიზნის მისაღწევად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მსჯავრდებულ ი. რ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას მიზანშეუწონლად თვლის და მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 დეკემბრის დადგენილება უნდა დარჩეს უცვლელად.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი. რ-ის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 დეკემბრის დადგენილება მსჯავრდებულ ი. რ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.