Facebook Twitter

41-დად 23 მარტი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ი. ტყეშელაშვილი,

ნ. კვანტალიანი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 17 ნოემბრის განჩინებაზე მსჯავრდებულ გ. მ-ის მიერ შეტანილი კერძო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 3 ივნისის განაჩენით გ. მ-ლი მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის «გ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, როგორიცაა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რისთვისაც მას სასჯელის ზომად შეეფარდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე დანიშნული სასჯელი გ. მ-ლს ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი.

2005წ. 5 აპრილს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს წარდგინებით მიმართა იმერეთის პრობაციის ბიუროს უფროსმა გ. მ-ის მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების შესახებ იმ მოტივით, რომ, მიუხედავად მრავალგზის გაფრთხილებისა, პრობაციონერი გ. მ-ლი ჯიუტად თავს არიდებდა მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას და არ ცხადდებოდა ბიუროში.

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ 2005წ. 29 ივლისის დადგენილებით არ დააკმაყოფილა პრობაციის ბიუროს წარდგინება გ. მ-ის მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმების შესახებ.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2005წ. 29 ივლისის დადგენილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასჯელის მოხდის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორმა ო. გ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2005წ. 17 ნოემბრის განჩინებით პროკურორ ო. გ-ის კერძო სააპელაციო საჩივრის საფუძველზე გააუქმა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2005წ. 29 ივლისის დადგენილება, დააკმაყოფილა პრობაციის სამსახურის მოთხოვნა გ. მ-ის მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასამართლოს მიერ განსაზღვრული რეალური სასჯელის მოსახდელად მისი გაგზავნის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. მ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებული გ. მ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განჩინების, როგორც უკანონოს, გაუქმებას და სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2005წ. 29 ივლისის დადგენილების ძალაში დატოვებას იმ მოტივით, რომ, როგორც პრობაციის ბიუროში, ასევე, სააპელაციო სასამართლოში მისი გამოუცხადებლობის მიზეზი იყო ავადმყოფობა და უკიდურესი ეკონომიკური გაჭირვება.

იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტის მცხეთის ბიუროს --- ლ. კ-ძე შესაგებლით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005წ. 17 ნოემბრის განჩინების უცვლელად დატოვებას იმ მოტივით, რომ გ. მ-ლი, მიუხედავად მრავალგზის გაფრთხილებისა, თავს არიდებდა პრობაციის ბიუროში გამოცხადებას, ამასთან, მან თვითნებურად მიატოვა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ, შეისწავლა რა კერძო საკასაციო საჩივარი და ამ საჩივრის თაობაზე სასამართლო წარმოების მასალები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ. მ-ლს უარი უნდა ეთქვას კერძო საკასაციო საჩივრის განხილვაზე შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, რაიონული სასამართლოს მიერ შესაბამისი პრობაციის სამსახურის წარდგინების თაობაზე გამოტანილი დადგენილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მიერ საჩივრის თაობაზე გამოტანილი განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრებას არ ექვემდებარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. მ-ის კერძო საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, როგორც დაუშვებელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 623-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. მ-ის კერძო საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.