Facebook Twitter

¹1078აპ 11 თებერვალი, 2008 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),

ლევან მურუსიძე, მაია ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ვ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 აპრილის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ახმეტის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 დეკემბრის განაჩენით დ. ვ-ი, _ დაბადებული .... წელს, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, უცოლშვილო, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ქ. ახმეტაში, .........ში, _ ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. იგი სასჯელს იხდის 2006 წლის 15 აპრილიდან.

განაჩენის მიხედვით, დ. ვ-ს მსჯავრი დაედო თაღლითობისათვის, ჩადენილი დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2006 წლის თებერვალში მან განიზრახა თაღლითური გზით დაუფლებოდა მოქალაქეების კუთვნილ ფულად თანხებს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იგი დაუკავშირდა ქ. ახმეტაში მცხოვრებ შ. მ-ს, მოიპოვა მისი ნდობა და შესთავაზა მას შეეკრიბა საზღვარგარეთ წასვლის მსურველთა თერთმეტკაციანი ჯგუფი, რომლებსაც, თითოეულის მიერ 2 700 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში, წაიყვანდა იტალიაში. ამასთან, შ. მ-ს შეჰპირდა, რომ გაწეული მუშაობისათვის მას უფასოდ გაგზავნიდა იტალიაში. დ. ვ-მა შ. მ-ს მოსთხოვა, რომ იტალიაში გამგზავრების მსურველთა ჯგუფის თითოეულ წევრს წინასწარ მიეტანა 1 400 აშშ დოლარი და პასპორტი. შ. მ-ი დაუკავშირდა ნაცნობ პირებს: გ. მ-ს, ლ. ბ-ს, კ. ა-ს, ო. პ-ს, მ. ჯ-ს, ზ. გ-ს, გ. ქ-ს, ლ. რ-ს, ნ. მ-ს, ნ. გ-ს და ვ. გ-ს, რომლებმაც გადასცეს მას თავიანთი პასპორტები და თითოეულმა _ 1 400 აშშ დოლარი. ამის შემდეგ, დ. ვ-ის მოთხოვნის თანახმად, შ. მ-მა შეგროვილი თანხა შესანახად მიუტანა თავის ახლობელს, თბილისში მცხოვრებ ნ. მ-ს, რომლისგანაც ეს თანხა წაიღო დ. ვ-მა, დაეუფლა მას და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აღნიშნულის შემდეგ, მეტი დამაჯერებლობისათვის, დ. ვ-მა ჯგუფის წევრებს შ. მ-ის სახელით მოსთხოვა თითოეულის პირად ანგარიშზე ,,თი ბი სი“ ბანკში შეეტანათ 1 300 აშშ დოლარი. ამავე დროს შეჰპირდა, რომ 2006 წლის 11 აპრილს ის ყველა მათგანს შეიყვანდა იტალიის საელჩოში. აღნიშნულის შემდეგ დ. ვ-ი დაემალა შ. მ-ს, რომელმაც, ვეღარ შეძლო რა მასთან დაკავშირება და მიხვდა მის თაღლითურ ქმედებას, განცხადებით მიმართა პოლიციას.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ. ვ-მა, რომელიც თავისი საჩივრით ითხოვდა ახმეტის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 დეკემბრის განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ საფუძვლით, რომ მას არ ჩაუდენია განაჩენით მისთვის შერაცხული ქმედება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 აპრილის განაჩენით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ხოლო ახმეტის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულ დ. ვ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ. ვ-მა, რომელიც თავისი საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ნოემბრის განაჩენის გაუქმებასა და მისი ბრალდების საქმის გაგზავნას ახალი სასამართლო განხილვისათვის იმ მოტივით, რომ საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარდა არაობიექტურად და ტენდენციურად, რა დროსაც დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო ნორმებით დადგენილი მოთხოვნები, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოებები, რომლებიც მას ამართლებდნენ მისთვის წარდგენილ ბრალდებაში, არ დაუკითხავთ ის მოწმე, რომლის ჩვენება ნათელს მოჰფენდა საქმის არსს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ დ. ვ-ის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლით უტყუარად დგინდება, რომ მსჯავრდებულმა დ. ვ-მა ნამდვილად ჩაიდინა განაჩენით მისთვის შერაცხული ქმედება _ თაღლითობა, რაც დადასტურებულია სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც მოპოვებულია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დაცვით. კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ წინასწარი გამოძიება და სასამართლო ტენდენციური იყო მის მიმართ, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან მას არ გააჩნია რეალური საფუძველი, ამასთან, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, არ შეინიშნება ისეთი საპროცესო დარღვევები, რომელთა გამო ეჭვის ქვეშ დადგებოდა ბრალდების მტკიცებულებათა კანონიერება, ხოლო ეს მტკიცებულებები არ არიას გაბათილებული სხვა, საწინააღმდეგო და უტყუარი მტკიცებულებებით, რის გამოც კასატორის მოთხოვნა განაჩენის გაუქმებისა და საქმის ახალი განხილვისათვის დაბრუნების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამასთან ერთად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ დ. ვ-ის მიმართ უნდა დაზუსტდეს ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში. გასაჩივრებული განაჩენით დ. ვ-ის მიერ ჩადენილი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (მითითებულია რედაქცია), ე.ი. როგორც თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით. აღნიშნული კვალიფიკაცია სააპელაციო სასამართლომ დაადგინა იქიდან გამომდინარე, რომ დ. ვ-ს მიერ თაღლითური გზით მითვისებულმა თანხებმა მთლიანობაში შეადგინა 13690 აშშ დოლარი და 2950 ლარი, რაც, ერთად აღებული, 10000 ლარზე მეტია. საკითხის ამგვარად გადაწყვეტა არასწორია, რადგან, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში თერთმეტი დაზარალებულია, ხოლო თითოეული მათგანისათვის დ. ვ-ის ქმედებით მიყენებული ზიანი, ცალკე აღებული, არ აღწევს 10000 ლარს. კანონის თანახმად, ზემოაღნიშნული კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, რომ თუნდაც ერთი დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი მაინც აღემატებოდეს ათი ათას ლარს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს, რადგან რეალურად თითოეულ დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ დ. ვ-ის მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტიდან (მითითებული რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობისათვის, უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტზე (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) და იგი უნდა განისაზღვროს როგორც თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენი უნდა გადაისინჯოს სასჯელის ნაწილშიც. დ. ვ-ის მიერ ქმედების ჩადენის დროს მოქმედი სისხლის სამართლის კანონის მიხედვით, ამ ქმედებისათვის სასჯელის მაქსიმალურ ზომად გათვალისწინებული იყო თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. იმის გათვალისწინებით, რომ დ. ვ-ი პირველად არის სამართალში და იგი წარსულში არ ხასიათდება უარყოფითად, სასჯელის მაქსიმუმის დანიშვნის საფუძველი არ არსებობს, რის გამოც, ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან და შედეგებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას საკმარის ზომად მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ დემეტრე ვარდოშვილს სასჯელად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 აპრილის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილებები მსჯავრდებულ დ. ვ-ის სასიკეთოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 აპრილის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ დ. ვ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტიდან (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტზე (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) და ამ დანაშაულისათვის მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.