ბს-543-543(კ-18) 29 ოქტომბერი, 2019წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.2018წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ზ…მა“ 17.02.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 02.04.2014წ. N1/1-1033 ბრძანებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის 10.04.2013წ. N… და 16.06.2014წ. N… გადაწვეტილებების ბათილად ცნობა.
09.03.2015წ. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.09.2014წ. N… გადაწყვეტილებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 16.01.2015წ. N1-1/10 ბრძძანების ბათილად ცნობა. ამასთანავე, მოპასუხედ დამატებით მიეთითა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.03.2015წ. განჩინებებით შპს „ზ…ის“ სარჩელზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის 10.04.2013წ. N… და 16.06.2014წ. N … გადაწვეტილებების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.09.2014წ. N… გადაწყვეტილებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 16.01.2015წ. N1-1/10 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნების ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.06.2015წ. განჩინებით შპს „ზ…ის“ სარჩელზე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 02.04.2014წ. N1/1-1033 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით, შეწყდა საქმის წარმოება, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.09.2016წ. განჩინებით შპს „ზ…ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.06.2015წ. განჩინება და საქმე სარჩელის დასაშვებობის სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.05.2017წ. გადაწყვეტილებით შპს „ზ…ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 02.04.2014წ. N1/1-1033 ბრძანება, რაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.2018წ. განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.05.2017წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 28.06.2013წ. შპს „ზ…ს“ აცნობა, რომ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ ადასტურებდა ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დროულ და ჯეროვან შესრულებას. კერძოდ, კომპანიის მიერ წარდგენილი წერილების თანახმად, 2006-2007 წლებში მოსახლეობისაგან ყურძნის შეძენა განხორციელდა შპს „ზ…ის“ პარტნიორი სუბიექტების მიერ. ამასთანავე, შპს „ზ…ის“ 07.11.2006წ. წერილში მითითებულია, რომ კომპანიამ ნასყიდობის ხელშეკრულების 2.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით შეიძინა არა 5 000, არამედ 3 000 ტონა ყურძენი. აღნიშნული წერილის პასუხად, სააგენტომ 15.11.2006წ. მიმართა შპს „ზ…ს“ და აცბობა, რომ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ ასახავდა ხელშეკრულების 2.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.
კასატორმა აღნიშნა, რომ საფუძველს მოკლებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება ვალდებულების მესამე პირთა მიერ შესრულების თაობაზე. შპს „ზ…ის“ მიერ მითითებული საწარმოები წარმოადგენდნენ დამოუკიდებელ სუბიექტებს, რომელებიც არ იყვნენ ხელშეკრულების მხარეები. კონკრეტულ შემთხვევაში, ხელშეკრულების საგნისა და სახელშეკრულებო პირობების გათვალისწინებით ვალდებულების შესრულება მოვალეს ეკისრებოდა. ამასთანავე, თუ სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა მესამე პირთა მიერ ვალდებულების შესრულება, მას უნდა გამოეკვლია აღნიშნულ პირთა გაცნობიერებული ნება შპს „ზ…ის“ ნაცვლად ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით. კასატორის მოსაზრებით, შპს „ზ…ის“ მიერ ხელშეკრულება ჯეროვნად და კეთილსინდისიერად არ შესრულებულა. ამასთანავე, დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მსჯელობა მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს შეადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 02.06.2014წ. N1/1-1033 ბრძანების კანონიერება, რომლითაც ცალმხრივად მოიშალა ეკონომიკური განვითარების სამინისტორსა და შპს „ზ…ს“ შორის 01.08.2006წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ 2006 წლის 01 აგვისტოს ერთის მხრივ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (გამყიდველი) და მეორეს მხრივ შპს ,,ზ…ი''-ს (მყიდველი) შორის გაფორმებულ იქნა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ,,გამყიდველი'' მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე გადასცემდა, ხოლო ,,მყიდველი'' პირობადადებულ საკუთრებაში იღებდა გურჯაანის რაიონში, სოფელ …ში მდებარე ,, …ეს'' ღვინის ქარხნის ძირითადი საშუალებების აქტიურ ნაწილს, შენობა-ნაგებობებს (6069,34 კვ.მ.) და მათზე დამაგრებულ 2,87 ჰა მიწის ფართობს. ხელშეკრულების მე-2 მუხლით განისაზღვრა, რომ მყიდველი ვალდებული იყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში გადაეხადა საბოლოო გასაყიდი ფასი და ამავდროულად 2006 წლისთვის ჩაებარებინა 5000 ტონა ყურძენი, სანაცვლოდ შპს „ზ…ს“ საკუთრების უფლება გადაეცემოდა სახელმწიფო ქონების გასაყიდი ფასის სრულად დაფარვის შემდგომ. კონკრეტულ შემთხვევაში, სსიპ საჯარო ქონების ეროვნული სააგენტო მიიჩნევს, რომ 5 000 ტონა ყურძნის ჩაბარების ვალდებულება შპს "ზ…ის" მიერ არ შესრულებულა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 21.11.2006წ. N1-1/1334 ბრძანებით შპს „ზ…ს“ დაუდასტურდა საკუთრების უფლება 01.08.2006წ. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ქონებაზე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების პირობით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საკუთრების მოწმობა N195-კ 22.11.06წ. გაიცა. საქართველოს პრეზიდენტის 18.07.2003წ. N355 ბრძანებულებით დამტკიცებული პრივატიზებული სახელმწიფო ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის თანახმად, მოწმობა ძალაშია ხელშეკრულებასთან და მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად. საქმის მასალების მიხედვით მყიდველის სახელზე 24.11.06წ. ქონების აღრიცხვის საფუძველი იყო 27.07.06წ. მიღება-ჩაბარების აქტი, 01.08.06წ. ნასყიდობის ხელშეკრულება, 22.11.06წ. N195-კ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, ქონებაზე ვალდებულება აღრიცხული არ ყოფილა. ხელშეკრულების თანახმად, ყურძნის ჩაბარება უნდა მომხდარიყო 2006 წელს, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა რთველის დასრულების შემდეგ (22.11.06წ.) გაიცა, 2013 წლამდე უძრავ ქონებაზე რაიმე ვალდებულება აღრიცხული არ ყოფილა. საჯარო რეესტრის 21.05.2010წ. ამონაწერის თანახმად, სადავო ქონება კასატორის სახელზე დარეგისტრირებული იყო ყოველგავრი დამატებითი ვალდებულების მითითების გარეშე, რაც ადასტურებს შპს „ზ…ის“ მიერ 01.08.2006წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 11.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები. კონკრეტულ შემთხვევაში, ამგვარი ვალდებულება 2010 წლის მონაცემებით რეგისტრირებული არ ყოფილა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტორსა და შპს „ზ…ს“ შორის 01.08.2006წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლის თაობაზე“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 02.06.2014წ. N1/1-1033 ბრძანების საფუძვლად მითითებულია ეკონომიკური განვითარების სამინისტორსა და შპს „ზ…ს“ შორის 01.08.2006წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 4.2 მუხლი. აღნიშნული მუხლის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობა და დაწესებულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობა განიხილებოდა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის ინიციატივად ,,გამყიდველის'' მიერ. საქმეში დაცული მასალებით არ დასტურდება შპს „ზ…ის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების განმეორებითი შეუსრულებლობა ან/და დაწესებული ჯარიმის გადაუხდელობა. საქმის მასალებით არ დასტურდება პირობების განმეორებით შეუსრულებლობა ან მყიდველისათვის რაიმე ჯარიმის დაკისრება, არ დგინდება ჯარიმის ოდენობა, ჯარიმის გადასახდელად განსაზღვრული ვადა. მართალია, კასატორის მიერ მოხმობილი 15.11.2006წ. და 28.06.2013წ. წერილებით შპს „ზ…ს“ ეცბობა, რომ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ ასახავდა ხელშეკრულების 2.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების (5 000 ტონა ყურძნის ჩაბარება) შესრულებას, თუმცა აღნიშნულის გამო შპს „ზ…ი“ არ დაჯარიმებულა. ამდენად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 02.06.2014წ. N1/1-1033 ბრძანება მოკლებულია ფაქტობრივ საფუძვლებს. გარდა ამისა, ეკონომიკური განვითარების მინისტრის 19.10.2004წ. N1-1/150 ბრძანებით დამტკიცებული "სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ" დებულების 5.9 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლება სამინისტროს მიერ მყიდველს გადაეცემა სახელმწიფო ქონების გასაყიდი ფასის სრულად დაფარვის შემდეგ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააგენტოს წერილები არ წარმოადგენს საპრივატიზებო დავებზე კანონმდებლობით დადგენილი სამწლიანი ვადის ("სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონის 11.3 მუხ.) შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი