Facebook Twitter

საქმე ¹23აგ-11 თბილისი

27 ივლისი, 2011 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ფ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 18 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1 დეკემბრის განაჩენით მ. ფ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და იმავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტების საფუძველზე, რის გამოც მას, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით, აგრეთვე ჯარიმა _ 6500 (ექვსი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულმა მ. ფ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 1 დეკემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 აპრილის განაჩენების გადასინჯვა იმ მოტივით, რომ, თუმცა, სისხლის სამართლის საქმეში არის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის სახელზე ორი ერთეული „-“ სისტემის იარაღის რეგისტრაციის ფაქტს, მაგრამ არ არის დადასტურებული, იარაღი მის მიერაა დარეგისტრირებული თუ არა. მას იარაღი არ დაურეგისტრირებია და არც არავისთვის გადაუცია უფლება მინდობილობის სახით, რომ იარაღი დაერეგისტრირებინა მის მაგივრად. სასამართლო და წინასწარი გამოძიება აუცილებლად უნდა დაინტერესებულიყო, ვის მიერ დარეგისტრირდა საქმეში არსებული იარაღი. როგორც შუამდგომლობის ავტორი განმარტავს, იარაღი მისი მონაწილეობის გარეშეა დარეგისტრირებული და აქედან გამომდინარე, ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო მის მიმართ გამოტანილ განაჩენს. სისხლის სამართლის საქმის მასალების შესაბამისად, არა თუ არ დასტურდება მისი ბრალეულობის ფაქტი, არამედ მტკიცდება გამომძიებლის მიერ საქმის გარემოებების გაყალბება. ობიექტურ გამოძიებასა და სასამართლოს უნდა გამოეკვლია ყველაფერი, სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრულიყო იარაღების პირვანდელი მფლობელების, როგორც იარაღის უკანონო გამსაღებლების, მიმართ. სისხლის სამართლის საქმეში არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოს ანკეტა, რომელშიც არ არის შევსებული მისი ყველა მოთხოვნა, ამიტომ გაუგებარია, რას ემსახურება ეს ანკეტა. სისხლის სამართლის საქმეში არსებული შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს უფროსის მიმართვით აღნიშნული იარაღები ტყვიამასროთეკაში აღრიცხვაზე აყვანილია ვინმე მ. ფ-ს მიერ. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ გამოიკვლია შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს უფროსის მიმართვა სახელმწიფო-ოპერატიული დეპარტამენტის გამომძიებლის მიმართ. აღნიშნული მტკიცებულების გამოკვლევის შესახებ შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოში დააყენა დაცვის მხარემ, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა, მაგრამ შემდეგ ყოველგვარი მოტივაციის გარეშე აღარ გამოიკვლია. სასამართლო არც კი დაინტერესებულა, სად დაიკარგა იარაღის შენახვის მოწმობა და რატომ არ იყო იგი სისხლის სამართლის საქმის მასალებში. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 ნოემბრის განაჩენი ი. ჯ-ს მიმართ ბრალდების მხარემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოადგინა, როგორც პრეიუდიციული მტკიცებულება. აღნიშნული განაჩენის შესაბამისად, ი. ჯ-მა საქმეში ფიგურირებული იარაღები 2007 წლის იანვრში გაიტანა საქართველოდან და გაყიდა რუსეთის ფედერაციის ქალაქ ნ-ში. გაუგებარია, რამდენად არის შესაძლებელი 2007 წლის იანვარში საქართველოდან გატანილი იარაღის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტყვიამასროთეკაში ბალისტიკურ აღრიცხვაზე აყვანა 2007 წლის 1 თებერვალს, თუნდაც ვინმე მოქალაქე მ. ფ-ს მიერ.

შუამდგომლობის ავტორი მიიჩნევს, რომ ყველა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის დანაშაულს, მის სახელზე სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებული იარაღების გაფორმებისა და რეგისტრაციის ფაქტს, ყალბია და, კანონის შესაბამისად, ვერ იქნება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მ. ფ-ს მეუღლის – ბ. ფ-ს შუამდგომლობა ფარული აუდიოჩანაწერის გამოკვლევის შესახებ. აუდიოკასეტა ჩაწერა ბ. ფ-მა ე.წ. „დაზარალებულებთან“ ერთად. სასამართლოსათვის უცნობი დარჩა ის ფაქტობრივი გარემოება, რაც ამ „ფარულ აუდიოჩანაწერში“ იყო მოცემული. ეს გარემოება კი ფაქტობრივი გარემოებაა, რომელიც არ შეიძლება სცოდნოდა სასამართლოს განაჩენის გამოტანისას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 1 დეკემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 4 აპრილის განაჩენების გადასინჯვა და შესაბამისი მტკიცებულებების ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 18 მარტის განჩინებით მ. ფ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1 დეკემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 აპრილის განაჩენების გადასინჯვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

მსჯავრდებული მ. ფ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს 2011 წლის 18 მარტის განჩინების გაუქმებას, და სააპელაციო სასამართლოსათვის იმის მითითებას, რომ მან განსახილველად დაუშვას ზემოაღნიშნული შუამდგომლობა იმავე მოტივებით, რაზეც მას მითითებული ჰქონდა შუამდგომლობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

საკასაციო პალატამ სრული მოცულობით შეამოწმა რა მოცემული საქმე, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, ხოლო კასატორის მიერ თავის საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ მ. ფ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ მ. ფ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 18 მარტის განჩინება მსჯავრდებულ მ. ფ-ს მიმართ დარჩეს ძალაში.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.