Facebook Twitter

#ბს-1028(2კ-18) 22 ნოემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ც. გ-ას, რ. ჯ-ას, მ. მ-ას, მ. კ-ას, ი. გ-ას, ზ. ა-ას, კ. თ-ას, ვ. ა-ისა და რ. ხ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 18 ივლისს ც. გ-ამ, რ. ჯ-ამ, მ. მ-ამ, მ. კ-ამ, ი. გ-ამ, ზ. ა-ამ, კ. თ-ამ, ვ. ა-ემ და რ. ხ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელეებმა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 10.06.2016წ. #273 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოსარჩელეთა საკუთრების უფლების აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ც. გ-ამ, რ. ჯ-ამ, მ. მ-ამ, მ. კ-ამ, ი. გ-ამ, ზ. ა-ამ, კ. თ-ამ, ვ. ა-ემ და რ. ხ-ამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით ც. გ-ას, რ. ჯ-ას, მ. მ-ას, მ. კ-ას, ი. გ-ას, ზ. ა-ას, კ. თ-ას, ვ. ა-ისა და რ. ხ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ც. გ-ას, რ. ჯ-ას, მ. მ-ას, მ. კ-ას, ი. გ-ას, ზ. ა-ას, კ. თ-ას, ვ. ა-ისა და რ. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2016 წლის 10 ივნისის #273 გადაწყვეტილება ქალაქ ზუგდიდში ...ქუჩის #7-ში მდებარე მიწის ნაკვეთებსა და მასზე დამაგრებულ შენობა-ნაგებობებზე ც. გ-ას, რ. ჯ-ას, მ. მ-ას, მ. კ-ას, ი. გ-ას, ზ. ა-ას, კ. თ-ას, ვ. ა-ისა და რ. ხ-ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2015 წლის 23 ივლისის #131 გადაწყვეტილებისა და შესაბამისი საკუთრების უფლების მოწმობების ბათილად ცნობის თაობაზე; ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ც. გ-ას, რ. ჯ-ას, მ. მ-ას, მ. კ-ას, ი. გ-ას, ზ. ა-ას, კ. თ-ას, ვ. ა-ისა და რ. ხ-ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2015 წლის 23 ივლისის #131 გადაწყვეტილებისა და შესაბამისი საკუთრების უფლების მოწმობების კანონიერებასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. ამასთან, ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ც. გ-ას, რ. ჯ-ას, მ. მ-ას, მ. კ-ას, ი. გ-ას, ზ. ა-ას, კ. თ-ას, ვ. ა-ისა და რ. ხ-ას სასარგებლოდ დაეკისრა მ. კ-ას მიერ რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 125 (ას ოცდახუთი) ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ მოუხდენია სადავო საკითხის მართებულად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, რის გამოც სახეზე იყო აქტის გამოცემა ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს ც. გ-ამ, რ. ჯ-ამ, მ. მ-ამ, მ. კ-ამ, ი. გ-ამ, ზ. ა-ამ, კ. თ-ამ, ვ. ა-ემ და რ. ხ-ამ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორის - ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განმარტებით, კომისიის მიერ 2015 წლის 23 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით, რომლითაც მოსარჩელეებს უღიარა საკუთრება მიწის ნაკვეთებზე, ეწინააღმდეგებოდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ და „დ“ პუნქტებს, მე-5 პრიმა მუხლის პირველ, მე-3 და მე-5 პუნქტებს, მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს და მე-4 პუნქტს, ასევე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის #525 ბრძანებულების მე-11 მუხლის მე-2, მე-4 პუნქტებსა და მე-15 მუხლის მე-2 პუნქტს და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტსა და 96-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.

ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95.6 მუხლზე და აღნიშნა, რომ კომისიისთვის ცნობილი გახდა, რომ მიმდინარეობდა საქმის წარმოება ზუგდიდში, …ას ქუჩა 7-ში მდებარე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, ასევე ცნობილი გახდა, რომ კომისიის მიერ 2015 წლის 23 ივლისის #131 გადაწყვეტილებით გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე განთავსებული შენობები სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს“ მიერ დადებული დასკვნით მიეკუთვნებოდა დროებით შენობებს. ამასთან, კომისიისთვის ცნობილი იყო, რომ ერთმა მესაკუთრემ ჟ. ყ-ამ საკუთრება გადასცა მესამე პირს, რაც ასევე მითითებულია კომისიის გადაწყვეტილებაში. ვინაიდან, არსებობდა საფრთხე, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დაყოვნებას შეიძლება არსებითი ზიანი მიეყენებინა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებისათვის, კერძოდ, შესაძლებელია გასხვისებულ იქნეს და ა.შ. კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება კომისიის სხდომის დაუყოვნებლივ მოწვევაზე, რომლის უფლებაც მას ჰქონდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.3 მუხლის საფუძველზე.

კასატორის მითითებით, იმის მიუხედავად, რომ სააპელაციო პალატამ გამოითხოვა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის“ 2016 წლის 25 მაისის #002565016 დასკვნა, არ გაითვალისწინა ის და უპირატესობა მიანიჭა შპს „...ის“ 2018 წლის 17 იანვრის #11 დასკვნას, რომელმაც დაასკვნა, რომ შენობები არ წარმოადგენს დროებით შენობას, რაც საფუძვლად დაუდო ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებას.

ამასთან, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე იშუამდგომლა.

კასატორების - ც. გ-ას, რ. ჯ-ას, მ. მ-ას, მ. კ-ას, ი. გ-ას, ზ. ა-ას, კ. თ-ას, ვ. ა-ისა და რ. ხ-ას მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებით არ არის დადგენილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ისეთი ფაქტობრივი გარემოება, როგორიცაა მოსარჩელეთა მფლობელობაში არსებული შენობების დროებითი შენობებისათვის მიკუთვნება (კასატორთა მტკიცებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები მოცემული ფაქტის დადგენის შესაძლებლობას იძლევა).

კასატორთა მოსაზრებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში იურიდიულად არ არის დასაბუთებული მოსარჩელეთა კანონიერი ნდობის არსებობა გაუქმებული საკუთრების მოწმობებისადმი, რის გამოც დაუშვებელი იყო მათი გაუქმება გასაჩივრებული აქტით. ამასთან, ვინაიდან კომისია მის მიერ გამოცემული აღმჭურველი აქტის ბათილად ცნობის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებული იყო დაესაბუთებინა აღმჭურველი აქტისადმი დაინტერესებულ მხარეთა (ინდივიდუალურად) კანონიერი ნდობის არსებობა-არარსებობა და ასევე, კანონიერი ნდობის არსებობის შემთხვევაში, რამდენად იყო დაინტერესებულ მხარეთა კანონიერი ნდობა დაცვის ღირსი, ასევე გადაეწყვიტა დაინტერესებულ მხარეთათვის აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი, კომისიის მხრიდან აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოცემული აქტის ბათილად ცნობის საფუძველია. 

ამასთან, კასატორთა მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიხედვით, „იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს არ მოუხდენია სადავო საკითხის მართებულად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების დადგენა - სახეზეა აქტის გამოცემა ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე“, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მოპასუხეს არ დააკისრა პროცესის ხარჯების ანაზღაურება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ც. გ-ას, რ. ჯ-ას, მ. მ-ას, მ. კ-ას, ი. გ-ას, ზ. ა-ას, კ. თ-ას, ვ. ა-ისა და რ. ხ-ას საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ც. გ-ას, რ. ჯ-ას, მ. მ-ას, მ. კ-ას, ი. გ-ას, ზ. ა-ას, კ. თ-ას, ვ. ა-ისა და რ. ხ-ას საკასაციო საჩივრებს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ სამართლებრივ საკითხებთან მიმართებით, რის შემდეგაც მიიჩნევს, რომ ც. გ-ას, რ. ჯ-ას, მ. მ-ას, მ. კ-ას, ი. გ-ას, ზ. ა-ას, კ. თ-ას, ვ. ა-ისა და რ. ხ-ას საკასაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების ნაწილში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების ნაწილში არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი, ვინაიდან, აღნიშნულ ნაწილში საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ც. გ-ას, რ. ჯ-ას, მ. მ-ას, მ. კ-ას, ი. გ-ას, ზ. ა-ას, კ. თ-ას, ვ. ა-ისა და რ. ხ-ას საკასაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების ნაწილში განსახილველად უნდა იქნეს დაშვებული და განხილულ იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე.

ამასთან, საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი და ც. გ-ას, რ. ჯ-ას, მ. მ-ას, მ. კ-ას, ი. გ-ას, ზ. ა-ას, კ. თ-ას, ვ. ა-ისა და რ. ხ-ას საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები მითითებულ ნაწილში არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები მითითებულ ნაწილში არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, მითითებულ ნაწილში საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებულ ნაწილში კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა განიმარტება, როგორც ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, შენობა განმარტებულია, როგორც - სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით, გარდა დროებითი შენობისა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 23 ივლისის #131 გადაწყვეტილებით კომისიამ აღიარა მოსარჩელეების საკუთრების უფლება შესაბამისი ფართის ქონებაზე და გასცა მათზე საკუთრების უფლების მოწმობები. ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 10 ივნისს კომისიამ საკუთარი ინიციატივით გადასინჯა თავისივე გადაწყვეტილების კანონიერება და ბათილად ცნო იგი, რადგან მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოსარჩელეთათვის საკუთრების უფლების გადაცემის (აღიარების) წინაპირობები. კერძოდ, მოსარჩელეებისთვის არ იყო გაგზავნილი შეტყობინება საკუთრების უფლების აღიარების საფასურის გადახდის შესახებ და მათ ეს თანხა არ გადაუხდიათ, ამასთან, შენობა (სახელოსნოები) არ იყო იმგვარი ტიპის შენობა, რაც შესაბამის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას განაპირობებდა.

თავდაპირველად საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას მოსარჩელეები ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, როგორც დაინტერესებული პირები, მიწვეულნი არ ყოფილან.

აღსანიშნავია, რომ სადავო გადაწყვეტილების გამოცემის ერთ-ერთი საფუძველია ის გარემოება, რომ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით მოსარჩელეთა საკუთრების უფლებით აღიარებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობები არ წარმოადგენდა გრუნტთან მყარად დაკავშირებულ უძრავ ქონებას, რასთან დაკავშირებითაც აღსანიშნავია, რომ გამოძიების მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა კომისიის ადმინისტრაციული წარმოების მასალებში არ აღმოჩნდა. შესაბამისად იმ პირობებში, როდესაც საქმეზე არ იყო საპროცესო წესის დაცვით მოპოვებული და დამაგრებული მტკიცებულება, გაურკვევლია კომისიის მიერ ამგვარი დასკვნის გაკეთების საფუძვლიანობა.

სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი საგამოძიებო ორგანოდან საკუთარი ინიციატივით გამოთხოვა ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასვნა. საქმეში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2016 წლის 25 მაისის საინჟინრო ექსპერტიზის #002565016 დასკვნის თანახმად, მოსარჩელეთა საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთებზე განთავსებული შენობები მიეკუთვნება დროებით შენობებს.

სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შპს „...ას“ 2018 წლის 17 იანვრის საინჟინრო ექსპერტიზის #11 დასკვნით კი დგინდება, რომ მიწის ნაკვეთებზე განთავსებული შენობები არ წარმოადგენდნენ დროებით შენობებს, ამასთან მათი მინიმალური ასაკი შეადგენდა 15 წელს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ კომისიას საკუთრების უფლების მოწმობების და მის გაცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების კანონიერების საკითხის შესწავლისას უნდა ეხელმძღვანელა არა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს არსებული ფაქტობრივი გარემოებებით, არამედ სწორედ მიწის ნაკვეთის მოსარჩელეთა საკუთრების უფლებით აღიარების დროისათვის არსებული ფაქტობრივი გარემოებებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით და დაედგინა, რამდენად იყო შესაბამისობაში მითითებული აქტები მისი გამოცემის დროს მოქმედ სამართლებრივ და ფაქტობრივ მდგომარეობასთან. უფრო მეტიც, გაურკვეველია გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე სულ რაღაც ერთი წლის წინ საკუთრების უფლების აღირების დროს კომისიამ რის საფუძველზე დაასკვნა მიწის ნაკვეთებზე განთავსებული მოსარჩელეთა შენობების შესაბამისობა კანონის მოთხოვნებთან, გასარკვევია არსებობდა თუ არა ამ დროისთვის ადგილზე დათვალიერების აქტი, ფოტოსურათები, საკუთრების უფლების აღიარების შემდგომ ხომ არ განუცდია ცვლილება აღნიშნულ შენობებს და სხვა.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში კომისია უთითებს მოსარჩელეთა ნაწილის მიერ საკუთრების უფლების აღიარების საფასურის გადაუხდელობის შესახებ. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საკუთრების უფლების აღიარების დროისათვის მოსარჩელეთა წარმომადგენლობას კომისიაში ახორციელებდა ერთ-ერთი მოსარჩელე მ. კ-ა, რომლის მიერ საკუთრების უფლების აღიარების საფასურის სახით გადახდილია 700 ლარი, როცა ყველა განმცხადებლის გადასახდელი თანხა ჯამში შეადგენდა 451.50 ლარს. შესაბამისად, კომისიას გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაურკვევია მ. კ-ას გადახდილი თანხით ხომ არ შეუსრულებია დანარჩენ განმცხადებელთა ვალდებულება საფასურის გადახდის შესახებ.

აგრეთვე იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კომისიის წარმომადგენელმა მიწის ნაკვეთების მოსარჩელეთა თვითნებურად ფლობის ფაქტიც გახადა სადავოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან აღნიშნულიც დამატებით შეფასებას საჭიროებს.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მითითებულ ნაწილში საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მითითებულ ნაწილში საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

რაც შეეხება კასატორის - ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის შუამდგომლობას საკასაციო საჩივრის ზეპირი განხილვის თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა წარმოებს ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქმის ზეპირი განხილვის საჭიროება.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ც. გ-ას, რ. ჯ-ას, მ. მ-ას, მ. კ-ას, ი. გ-ას, ზ. ა-ას, კ. თ-ას, ვ. ა-ისა და რ. ხ-ას საკასაციო საჩივარზე გ. ფ-ას 04.08.2018წ. (მიღების თარიღი 06.08.2018წ.) №2 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გ. ფ-ას (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ც. გ-ას, რ. ჯ-ას, მ. მ-ას, მ. კ-ას, ი. გ-ას, ზ. ა-ას, კ. თ-ას, ვ. ა-ისა და რ. ხ-ას საკასაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დასაშვებად;

2. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი და ც. გ-ას, რ. ჯ-ას, მ. მ-ას, მ. კ-ას, ი. გ-ას, ზ. ა-ას, კ. თ-ას, ვ. ა-ისა და რ. ხ-ას საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად და აღნიშნულ ნაწილში უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. გ. ფ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ც. გ-ას, რ. ჯ-ას, მ. მ-ას, მ. კ-ას, ი. გ-ას, ზ. ა-ას, კ. თ-ას, ვ. ა-ისა და რ. ხ-ას საკასაციო საჩივარზე 04.08.2018წ. (მიღების თარიღი 06.08.2018წ.) №2 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი