საქმე ¹28აგ-11 თბილისი
26 ივლისი 2011 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ს-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 1 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 14 ივნისის განაჩენით დ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, იმავე კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და დ. ს-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წილს 7 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 14 ივნისის განაჩენი დ. ს-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 28 იანვრის განჩინებით დ. ს-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
2001 წლის 21 მარტს მსჯავრდებულმა დ. ს-მ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 14 ივნისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 აპრილის განაჩენების გადასინჯვა.
შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებად შეიძლება ჩაითვალოს საბაჟო ტერმინალ „-“ ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ მისი დაპატიმრებისას ტერმინალში განთავსებული იყო 400 ათასი ლარის ღირებულების ლამინირებული პარკეტი. ცნობას ერთვის საწყობის იჯარის გადახდის ქვითრები, რომლებიც აგრეთვე არ იყო ხარჯში გათვალისწინებული, რაც შუამდგომლობის ავტორის მითითებით იმის პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ არანაირ მითვისებას არ ჰქონია ადგილი. ამასვე ადასტურებს საგადასახადო ინსპექციაში წარდგენილი დეკლარაციები, რომლებითაც დგინდება, რომ კომპანიამ გასცა დაახლოებით 400 ათასი ლარის ხელფასები.
ახალ აღმოჩენილ გარემოებად შეიძლება ჩაითვალოს ანგარიშფაქტურები, რომლებიც თავის დროზე სასამართლოში არ წარადგინეს და რომლებზეც სასამართლოს არ უმსჯელია და რაც იმის მტკიცებულებაა, რომ სამშენებლო ობიექტზე ელაგა სამშენებლო მასალები და ის გადასცეს იმ კომპანიებს, რომლებმაც მათი დაწყებული სამუშაოები დაამთავრეს. ის, რომ მათ კომპანიას დავალიანება არ ჰქონდა დასტურდება მინისტრის მოადგილე თ. ს-ს 2006 წლის 28 ნოემბერის წერილით, რომლითაც იგი ითხოვს სამშენებლო მასალის ობიექტებიდან გატანას. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით თუკი მათ მართლაც ჰქონდათ დავალიანება, სამინისტრო მათ მასალების გატანას კი არ მოსთხოვდა არმედ კომისიას გამოყოფდა და მასალებს დაიტოვებდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 1 აპრილის განჩინებით დ. ს-ს შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 14 ივნისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 აპრილის განაჩენების გადასინჯვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
მსჯავრდებული დ. ს-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 1 აპრილის განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოსათვის იმის მითითებას, რომ მან განსახილველად დაუშვას ზემოაღნიშნული შუამდგომლობა იმ მოტივით, რომ გასაჩივრებული განჩინება არის ზედაპირული, ხოლო მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელთა გათვალისწინებითაც მას უნდა შეუმსუბუქდეს სასჯელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
საკასაციო პალატამ სრული მოცულობით შეამოწმა რა მოცემული საქმე, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, ხოლო კასატორის მიერ თავის საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ დ. ს-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ დ. ს-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 1 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ დ. ს-ს მიმართ დარჩეს ძალაში.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.