საქმე №ბს-183(2კ-19) 7 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - ნ. ს-ი, კ. კ-ა, გ. კ-ი (მოსარჩელეები), თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები - ნ. ს-ი, კ. კ-ა, გ. კ-ი (მოსარჩელეები), თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის - მიუღებელი ყოველთვიური ფულადი სარგოს მოპასუხისათვის გადახდევინების დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ს-იმა, კ. კ-ამ და გ. კ-მა 2018 წლის 30 მარტს სარჩელით მიმართეს მცხეთის რაიონული სასამართლოს მოპასუხის - თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 23 იანვრის №47/1 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის შექმნის შესახებ კომისიის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,...ის" წარმომადგენელის თ. ზ-ის შეყვანის ნაწილში, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 23 იანვრის №47/1 ბრძანებით შექმნილი დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის 2018 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და 2018 წლის 01 მარტის N5 ოქმის ბათილად ცნობა, კ. კ-ას, გ. კ-ის და ნ. ს-ის სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 02 მარტის №169/კ,№170/კ და №171/კ ბრძანებების ბათილად ცნობა. მოსარჩელეებმა ასევე მოითხოვეს მოპასუხისათვის დავალება აღადგინოს კ. კ-ა, გ. კ-ი და ნ. ს-ი იმ თანამდებობებზე, რომელთაც მოსარჩელეები იკავებდნენ 2018 წლის 02 მარტამდე და აუნაზღაუროს განაცდურის სახით ყოველთვიურად 900 ლარი თითოეული მოსარჩელეს.
2018 წლის 3 აპრილის განჩინებით, მოსარჩელეების ნ. ს-ის, კ. კ-ას, გ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნა - თიანეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის ბოდიშის მოხდის დავალება იმავე საინფორმაციო საშუალებებში, სადაც გაკეთდა მოსარჩელეების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები - განსჯადობის წესების დაცვით განსახილველად გადაეცა მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
მცხეთის რაიონულის სასამართლოს თიანეთის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ს-ის, კ. კ-ას და გ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექისის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად: ბათილად იქნა ცნობილი თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 02 მარტის ბრძანება №169/კ თანეთის მუნიციპალიტეტში ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის თანამდებობიდან კ. კ-ას გათავისუფლების თაობაზე; ბათილად იქნა ცნობილი თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება 2018 წლის 02 მარტის ბრძანება №170/კ თანეთის მუნიციპალიტეტში ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის თანამდებობიდან გ. კ-ის გათავისუფლების თაობაზე; ბათილად იქნა ცნობილი თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 02 მარტის ბრძანება №171/კ თანეთის მუნიციპალიტეტში ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის თანამდებობიდან ნ. ს-ის გათავისუფლების თაობაზე. მოპასუხე თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ ორგანული კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნის დაცვით, მსჯელობა მოსარჩელეებთან, ნ. ს-თან, გ. კ-სა და კ. კ-ასთან მიმართებაში დისციპლინური გადაცდომების საფუძველზე თანამდებობიდან მათი გათავისუფლების საკითხზე და თითეულ მოსარჩელესთან მიმართებაში ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების გამოცემა ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ს-მა, კ. კ-ამ და გ. კ-მა, რომლებმაც მოითხოვეს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილდება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ნ. ს-ის, კ. კ-ას, გ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს თიანეთის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა მცხეთის რაიონული სასამართლოს თიანეთის მუნიციპალიტეტში მაგისტრატ მოსამართლეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს, როგორც ნ. ს-მა, კ. კ-ამ და გ. კ-მა ასევე თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიამ.
კასატორებმა - ნ. ს-მა, კ. კ-ამ და გ. კ-მა ძირითადად იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებსაც მიუთითებდნენ სააპელაციო საჩივარში, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეებისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორმა - თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინების გაუქმება და თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინებით თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ნ. ს-ის, კ. კ-ასა და გ. კ-ის საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ნ. ს-ის, კ. კ-ასა და გ. კ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორი სამართლებრივი შეფასებები იქნა გაკეთებული მოსარჩელის იურიდიული ინტერესისა და შესაბამისი მოთხოვნის ფორმულირების საჭიროებაზე, ასევე სადავოდ ქცეული თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის 2018 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებისა და 2018 წლის 01 მარტის №5 ოქმის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მიჩნევის გამოკვლევის აუცილებლობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეში წარმოდგენილი არ არის და ასევე მისი არსებობის შემთხვევაშიც კი აღნიშნული აქტები ვერ წარმოშობენ რაიმე სამართლებრივ ურთიერთობას და წარმოადგენენ სამუშაო ჯგუფის მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას შედგენილ დოკუმენტებს, რომელიც არ არის მავალდებულებელი ხასიათის აქტები თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის და ატარებს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს.
რაც შეეხება კასატორების - ნ. ს-ის, კ. კ-ას და გ. კ-ის პრეტენზიას, საქმეზე გამოვლენილი პროცესუალური დარღვევის გამო საკასაციო პალატის მიერ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობის თაობაზე, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს აღნიშნულ მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ არსებითად მნიშვნელოვანია საქმის განხილვისას შენარჩუნებულ იქნეს დავის განხილვის ინსტანციურობა და მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესის გათვალისწინებით მოთხოვნათა ჩამოყალიბების შესაბამისად საქმეს დაერთოს ის სადავო აქტი, რომლის კანონიერებასაც ამოწმებს სასამართლო. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე თავად განსაზღვრავს მოთხოვნას, ამასთანავე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლი ითვალისწინებს სარჩელის ტრანსფორმირების შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ სასამართლოს დახმარება უნდა გაეწია მოსარჩელეთათვის მოთხოვნის ტრანსფორმირებაში, ხოლო მოთხოვნის ტრანსფორმირებაზე მოსარჩელეთა უარის თქმის შემთხვევაში კი სასამართლომ უნდა მიიღოს ადმინისტრაციულ საპროცესო კანონმდებლობასთან შესაბამისი გადაწყვეტილება.
კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ს-ის, კ. კ-ას, გ. კ-ის და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე