Facebook Twitter

ბს-201 (კს-19) 27 სექტემბერი, 2019წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მოწინააღმდეგე მხარე - კ. მ-ე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2018წ. განჩინება

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. მ-ემ 21.11.2017წ. სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, მის ნაწილში ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 26.12.2011წ. №19 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.05.2018წ. გადაწყვეტილებით კ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2018წ. განჩინებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარი გასაჩივრებისთვის დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით იქნა სასამართლოში წარდგენილი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა მოპასუხეს და ჩაბარდა 01.11.2018წ., მისი მხრიდან სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა ამოიწურა 15.11.2018წ.. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილია აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ - 21.11.2018წ.. სააპელაციო პალატის მითითებით საჩივარი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება, რადგან სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2018წ. განჩინების გაუქმების მოთხოვნით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ კერძო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სასამართლოს მითითებას გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 07.11.2018წ. და არა 01.11.2018წ., როგორც ეს მიიჩნია სასამართლომ. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიუთითებს კერძო საჩივარზე თანდართულ სასამართლოს გზავნილის ასლზე, რომელზეც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საქმისწარმოების განყოფილებისთვის გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღად მითითებულია 07.11.2018წ.. აღნიშნულ დოკუმენტზე მითითებით კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანისას დაცულია გასაჩივრების ვადა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.05.2018წ. გადაწყვეტილება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გაეგზავნა სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო გზავნილის მხარისთვის ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე ეგზემპლარზე და უბრუნდება სასამართლოს (სსკ-ის 73.5 მუხ.). სწორედ აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება გზავნილის მხარისათვის ჩაბარება და შესაბამისად, ამავე დოკუმენტით ხელმძღვანელობს სასამართლო მხარისათვის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების ათვლისას. საქმეში დაცულ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი უკუგზავნილზე ჩაბარების თარიღად მითითებულია 01.11.2018წ., მასზე დასმულია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭედი და ფიქსირდება შესაბამისი ხელმოწერა (ტ.84). ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მითითებულ უკუგზავნილზე განთავსებულია სსკ-ის 73.8 მუხით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო რეკვიზიტი და არ არსებობს მათ სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის სსკ-ის 369.1 მუხლით დადგენილი გასაჩივრების 14 დღიანი ვადა ამოიწურა 15.11.2018წ. 24 საათზე, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეტანილი იქნა 21.11.2018წ. (ს.ფ.85), რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად იქნა მიჩნეული გასაჩივრების ვადის დარღვევად და საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველად.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ითხოვს კერძო საჩივარზე თანდართულ გზავნილზე მითითებით. აღნიშნული დოკუმენტით განჩინების ჩაბარება ფიქსირდება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის, კერძოდ, საქმისწარმოების განყოფილებისთვის, სადაც ჩაბარების თარიღად მითითებულია განსხვავებული დრო - 07.11.2018წ.. საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს სხვადასხვა რგოლს შორის დოკუმენტის გადაადგილებისას დაფიქსირებულ თარიღს, რომელსაც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისთვის გზავნილის ჩაბარების დოკუმენტთან შედარებით უპირატესობა არ აქვს. სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას მართებულად იხელმძღვანელა სასამართლოში დაბრუნებული ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისთვის გზავნილის ჩაბარების დოკუმენტით. საპროცესო კანონმდებლობა მნიშვნელობას ანიჭებს გზავნილის ჩაბარებას ორგანიზაციისათვის და არა ორგანიზაციაში არსებული საკითხის გადაწყვეტაზე პასუხისმგებელი რომელიმე შიდა სტრუქტურული ერთეულისათვის (სსსკ-ის 73.8). ამდენად, კერძო საჩივარზე დართული შიდაუწყებრივი გადაადგილების შედეგად გზავნილზე განთავსებული თარიღი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისთვის რელევანტური არ არის.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია კანონით განსაზღვრული 14-დღიანი ვადის დარღვევით, რაც საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა ()სსსკ-ის 63-ე მუხ.). ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნები სადავო საკითხთან მიმართებით, რის გამოც კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2018წ. განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი