საქმე Nბს-731(კს-19) 17 სექტემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები _ ქ. ჯ-ი (მოსარჩელე), ბ. გ-ე (მესამე პირი)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მესამე პირი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ. ჯ-მა და ბ. გ-ემ 2016 წლის 22 იანვარს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 24 დეკემბრის „რეგისტრაციის შესახებ“ №...-05 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის დავალება - საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის შემდეგ უარი უთხრას თვითმმართველ ერთეულს 497კვ.მეტრი მიწის და მასზე განლაგებული საცხოვრებელი სახლის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე (იხ. სასარჩელო განცხადება; ტომი 1, ს.ფ. 1-49; დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, ტომი 1, ს.ფ. 126-127).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. თბილისის მერია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 თებერვლის განჩინებით ბ. გ-ისა და ქ. ჯ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა. მოპასუხეს- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა თვითმმართველი ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქალაქი თბილისი, ..., საკადასტრო კოდით: №..., ყოველგვარი მოქმედების განხორციელება (მათ შორის განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერის გაცემა, ცვლილების რეგისტრაციის განხორციელება, მესაკუთრის შეცვლა და სხვა მოქმედება, რაც გამოიწვევს უძრავი ნივთის გასხვისებას, იპოთეკით დატვირთვას, ან სხვა სახით რაიმე უფლების შეზღუდვას და ნაკლიანს გახდის უძრავ ნივთს).
2016 წლის 03 ივნისს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 თებერვლის განჩინების გაუქმება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ქ. თბილისი მუნიციპალიტეტის მერიის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 თებერვლისა და ამავე სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისის განჩინებები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 სექტემბრის განჩინებით ბ. გ-ისა და ქ. ჯ-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მესამე პირის - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, დარჩა განუხილველი მხარეთა გამოუცხადებლობის გამო. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 თებერვლის განჩინებით (საქმე №3/436-16) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა თვითმმართველი ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქალაქი თბილისი, ..., საკადასტრო კოდით: №..., ყოველგვარი მოქმედების განხორციელება(მათ შორის განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერის გაცემა, ცვლილების რეგისტრაციის განხორციელება, მესაკუთრის შეცვლა და სხვა მოქმედება, რაც გამოიწვევს უძრავი ნივთის გასხვისებას, იპოთეკით დატვირთვას, ან სხვა სახით რაიმე უფლების შეზღუდვას და ნაკლიანს გახდის უძრავ ნივთს).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 იანვრის განჩინებით ბ. გ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად. ამავე სასამართლოს 2018 წლის 8 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორის - ქ. ჯ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ქ. ჯ-ს გადაუვადდა ბაჟის გადახდა სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 აპრილის განჩინებით ქ. ჯ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმეში მესამე პირად - ბ. გ-ის ჩართვის თაობაზე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ბ. გ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ. ჯ-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მესამე პირების - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ბ. გ-ის მიმართ, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელე ქ. ჯ-მა და მესამე პირმა - ბ. გ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად აპელანტებს განესაზღვრათ 07 (შვიდი) დღე განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან და დაევალათ დაზუსტებული სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა.
აღნიშნული განჩინება გაეგზავნა აპელანტების წარმომადგენელს ნ. გ-ეს და ჩაბარდა ქ. ჯ-ს 2019 წლის 4 იანვარს ფოსტის საშუალებით (ტ. 3, ს.ფ 222). სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, 2019 წლის 8 იანვარს აპელანტებმა განცხადებით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს და იმის გათვალისწინებით, რომ მათ წარმომადგენელს საქმის სიმრავლიდან გამომდინარე არ ეცალა და ამასთან იმყოფებოდა ავად, შესაბამისად დამოუკიდებლად ვერ შეძლებდნენ სააპელაციო საჩივრის დაზუსტებას და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ შეძლებდნენ ხარვეზის აღმოფხვრას, მოითხოვეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული ვადის გაგრძელება ორი კვირით (ტ. 3, ს.ფ 223).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 იანვრის განჩინებით ქ. ჯ-ისა და ბ. გ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და აპელანტებს გაუგრძელდათ 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 10 (ათი) დღით, განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან.
აღნიშნული განჩინება 2019 წლის 21 თებერვალს გაეგზავნა ქ. ჯ-ისა და ბ. გ-ის წარმომადგენელს - ნ. გ-ეს და ჩაბარდა ერთ - ერთ აპელანტს - ქ. ჯ-ს 2019 წლის 22 თებერვალს ფოსტის საშუალებით (ტ.3, ს.ფ 228-229).
2019 წლის 1 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა ქ. ჯ-ისა და ბ. გ-ის განცხადება (ქ. ჯ-ის მიერ განცხადებით ჩაბარდა სააპელაციო სასამართლოს კანცელარიას), სადაც კვლავ მიუთითებდნენ, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ ახერხებენ სააპელაციო საჩივრის დაზუსტებას და ბაჟის გადახდას, შესაბამისად, კიდევ ერთხელ ითხოვენ ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელებას ორი კვირის ვადით (ტ. 3, ს.ფ 230-231).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განჩინებით ქ. ჯ-ისა და ბ. გ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, დატოვებულ იქნა განუხილველად, ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის გამო.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 იანვრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი აპელანტების მხრიდან არ იქნა შევსებული, ამასთან მათ არ გაითვალისწინეს იმავე განჩინების მითითება ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების შესახებ, ასევე არ წარმოადგინეს 2019 წლის 1 მარტის შუამდგომლობაში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი რაიმე საბუთი, სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ 2019 წლის 11 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ქ. ჯ-მა და ბ. გ-ემ.
კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ, რომ შეილახა მათი უფლება - მიიღონ ჯეროვანი მართლმსაჯულება, რადგან სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა გაგრძელდა მხოლოდ ერთხელ, ამდენად არასამართლიანად იქნა დატოვებული განუხილველად სააპელაციო საჩივარი. ხარვეზის შეუვსებლობა განაპირობა იმან, რომ ადვოკატმა ვერ მოიცალა, რათა შეედგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი. რაც შეეხება ბაჟის გადახდის შეუძლებლობას, კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ, რომ აღნიშნული გამოწვეულია მათ მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ქონებაზე ყადაღის არსებობის გამო და ასევე მცირე ხელფასის გამო, თუმცა მათ გააჩნიათ საქმის განხილვის მიმართ ინტერესი, რის გამოც უნდა მიეცეთ შესაძლებლობა დაასაბუთონ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების უსაფუძვლობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 24 ივლისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ქ. ჯ-ისა და ბელა გუბელაძის კერძო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ჯ-ისა და ბ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს, რის გამოც არ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის დაცვით მოხდა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების გაგზავნა, მისი მოთხოვნის საფუძველზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელება და შესაბამისად, ხარვეზის ვადაში გამოუსწორებლობის საფუძვლით გასაჩივრებული განჩინების გამოტანა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2019 წლის 16 იანვრის განჩინებით ქ. ჯ-ისა და ბ. გ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და გაუგრძელდათ 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 10 (ათი) დღით განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. აღნიშნული განჩინება გაიგზავნა აპელანტების წარმომადგენლი მისამართზე და ჩაბარდა ქ. ჯ-ს 2019 წლის 22 თებერვალს ფოსტის საშუალებით, თუმცა მიუხედავად ხარვეზის შესავსებად მიცემული გონივრული ვადისა, მათ მიერ არ იქნა აღმოფხვრილი ხარვეზი და 2019 წლის 1 მარტს განმეორებით წარდგენილი იქნა განცხადება, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. განსახილველ შემთხვევაში, ქ. ჯ-ისა და ბ. გ-ის მიმართვის საფუძველზე სასამართლომ აპელანტებს 2018 წლის 16 იანვრის განჩინებით გაუგრძელა 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად ვადა 10 დღით, შესაბამისად, აპელანტებს მიეცათ შესაძლებლობა წარედგინათ დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი, ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და დაეცვათ მათი უფლება სასამართლო წესით, თუმცა მიუხედავად სასამართლოს მიერ ვადის გაგრძელებისა ხარვეზი შევსებული არ იქნა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ავტორების მიერ საპროცესო უფლება არ იქნა რეალიზებული სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორების არგუმენტს, რომ სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზის გამოუსწორებლობა გამოიწვია ადვოკატის მოუცლელობამ და მწირი შემოსავლების გამო ბაჟის თანხის უქონლობამ, ვინაიდან, საქმეზე წარმოდგენილი არ არის შესაბამის მტკიცებულებები. ამასთან, სააპელაციო საჩივრის ავტორებს ერთხელ უკვე გაუგრძელდათ ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადა, ხოლო 2019 წლის 1 მარტის განცხადებით ვადის გაგრძელების მოთხოვნის საფუძველი წინა შემთხვევის ანალოგიური იყო (ადვოკატის მოუცლელობა), რა დროსაც პროცესის მონაწილე მხარეს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს სხვა ადვოკატის მომსახურებით, რასაც ასევე არ მიმართეს აპელანტებმა. ამდენად, დადასტურებულია, რომ მხარემ არ შეასრულა საპროცესო მოვალეობა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხარვეზის დადგენილ საპროცესო ვადაში შეუვსებლობის გამო, სააპელაციო პალატას გააჩნდა ქ. ჯ-ისა და ბ. გ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქ. ჯ-ისა და ბ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 64-ე, 372-ე, 399-ე, 414-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ჯ-ისა და ბ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე