საქმე ბს-1095(უს-19) 24 სექტემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე; მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი - მ. ხ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, კერძო აღმასრულებელი ვ. მ-ი (მოპასუხეები)
მესამე პირი - სს „...ი“
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 04 აპრილს მ. ხ-ამ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, კერძო აღმასრულებელ ვ. მ-ისა და მესამე პირის - სს „...ის“ მიმართ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 20 ივნისის №A18018281-020/001 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. წარმოდგენილ სარჩელთან ერთად მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოითხოვა სს ,,...ის“ საკუთრებაში არსებულ, ქ. ზუგდიდში, ...ის ქ. №1-ში მდებარე და საჯარო რეესტრში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 აპრილის განჩინებით მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო სს „...ის“ საკუთრებაში არსებულ ქონებას, მდებარე - ქ.ზუგდიდი, ...ის ქ.№1, ს.კ ... .
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილს საჩივარი, ხოლო 2019 წლის 14 მაისს კი დაზუსტებული საჩივარი წარადგინა სს ,,...ის“ წარმომადგენელმა ბ. რ-ამ და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ 2019 წლის 04 აპრილის განჩინების გაუქმება.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განჩინებით სს „...ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინებით, სს „...ის“ საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 აპრილის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, რომლითაც ყადაღა დაედო სს ,,...ის“ საკუთრებაში არსებულ ქონებას, მდებარე- ქ.ზუგდიდი, ...ის ქ.№1, ს.კ ... . განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში მიეთითა, რომ განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინება საჩივრით გაასაჩივრა მ. ხ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განჩინებით შეიზღუდა მისი ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა და საქართველოს კონსტიტუციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც გულისხმობს მის წინააღმდეგ გამოტანილი განჩინებების ზემდგომ სასამართლოში გასაჩივრების უფლებას. საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული კანონშეუსაბამო განჩინების გამო ადგება ზიანი, რადგან სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების გაუქმებით ილახება მისი კონსტიტუციით დაცული და გარანტირებული საკუთრების უფლება.
საჩივრის ავტორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სარჩელის უზრუნველყოფის სამართლებრივი ბუნება არ მოიცავს მესამე პირის ქონების დაყადაღების შესაძლებლობას და აღნიშნავს, რომ სს ,,...ი“, მართალია, საქმეში ჩართულია მესამე პირად, თუმცა წარმოადგენს იმ სამართალურთიერთობის მონაწილეს, რომელთან დაკავშირებითაც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საჩივრის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ხ-ას საჩივარი დატოვებული უნდა იქნეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ თუ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გასაჩივრება დასაშვებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლით დადგენილი წესით, ამასთან სასამართლოს მიერ საჩივრის წარმოებაში მიღებისა და განხილვის საჩივრისა და საქმის მასალების ზემდგომ სასამართლოში გადაგზავნის პროცედურას განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლი, რომლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. საკასაციო პალატა მიუთითებს კერძო საჩივრის განხილვის წესსა და პირობებზე, რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-420-ე მუხლები. მითითებული კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
მოცემულ შემთხვევაში მ. ხ-ას მიერ საჩივარი წარმოდგენილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინებაზე, რომელიც წარმოადგენს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 აპრილის განჩინების გასაჩივრების შედეგად მიღებულ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ განჩინებას. შესაბამისად, საკასაციო პალატას არ გააჩნია მ. ხ-ას საჩივრის განხილვის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობა.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილისა და და 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შემდგომ გასაჩივრებას არ ექვემდებარება, რის გამოც მ. ხ-ას საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 420-ე, 284-ე 372-ე, 399-ე 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველად დარჩეს მ. ხ-ას საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინებაზე, დაუშვებლობის გამო;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე