#ბს-1485(კ-18) 25 აპრილი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 22 ივნისს ქ. ლ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ურბანული განვითარების მშენებლობის სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ურბანული განვითარების მშენებლობის სამსახურის მიერ 2016 წლის 7 სექტემბერს გაცემული მითითებისა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 5 მაისის #844 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით ქ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ლ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის განჩინებით ქ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მოსარჩელის მიერ ქალაქ ოზურგეთში, ...ის ქუჩის #25-ში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის განხორციელებისას არ იქნა დაცული „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების მოთხოვნები.
პალატამ მიუთითა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-13 ნაწილზე, საქმეში წარმოდგენილ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ურბანული განვითარების, მშენებლობის სამსახურის 2017 წლის 8 მაისის #26 შემოწმების აქტზე და აღნიშნა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის #844 ბრძანება უნებართვო მშენებლობის წარმოებისათვის ქ. ლ-ის დაჯარიმების შესახებ გამოიცა 2017 წლის 5 ივნისს, ანუ კანონით დადგენილ ორთვიან ვადაში.
სასამართლოს მითითებით, სარჩელზე დართული 2016 წლის 15 ივლისის #15 შემოწმების აქტი გამოცემულია ხ. ლ-ის და ქ. ლ-ის მიმართ და მასში არ არის მოცემული მითითების შესრულები ან შეუსრულებლობის შესახებ, მხოლოდ დაფიქსირებულია ქალაქ ოზურგეთში, ...ის ქუჩის #25-ში პირველ სართულზე უნებართვო მშენებლობის მიმდინარეობის ფაქტი. პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ მოცემულ უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებით, 2016 წლის 20 ივლისის მითითების კანონიერებაზე ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ხ. ლ-ისა და ქ. ლ-ის მიერ აღძრული იყო სარჩელი, რომლითაც აღნიშნული მითითება ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი. ამ გადაწყვეტილებაში სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 20 ივლისის მითითება გამოცემული უნდა ყოფილიყო არა ხ. ლ-ის, არამედ უძრავი ქონების მესაკუთრის ქ. ლ-ის მიმართ. პალატის მოსაზრებით, 2016 წლის 15 ივლისის #15 შემოწმების აქტი, რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენს ფაქტის ფიქსაციის დამადასტურებელ დოკუმენტს და არა შემოწმების აქტს, გამოცემული იყო სწორედ ხ. ლ-ის მიმართ დაწყებულ სამშენებლო სამართალდარღვევის პროცესში, რასაც მისი გამოცემის თარიღთან ერთად ადასტურებს მასში ხ. ლ-ის სახელისა და გვარის მითითება, რომლის მონაცემები მისი შემდგენის მიერ არის სწორი ხაზით მონიშნული.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ლ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, მას მეუღლესთან ერთად თანასაკუთრებაში ჰქონდა საცხოვრებელი ბინა #22 (პირველი სართული) ქალაქ ოზურგეთში, ...ის ქუჩის #25-ში. 1998 წელს მათ განახორციელეს ბინაზე მიშენება, რა დროსაც მათ სარგებლობაში არსებული სარდაფის გასწვრივ გააკეთეს რკინის ბოძები, რომლის საშუალებითაც განახორციელეს მიშენება. პირველ სართულზე ბოძებს შორის არსებულ ფართს დაეუფლნენ ამავე პერიოდიდან და იყენებდნენ მას, როგორც ინდივიდუალურ საკუთრებას. კასატორი აღნიშნავს, რომ 2016 წელს მეორე სართულის მიშენების ქვეშ (მრავალბინიანი სახლის უკანა მხარე) მეორე სართულის მიშენების საყრდენ ბოძებს შორის ამოაშენა ტიხრები და ის გააერთიანა მის სარგებლობაში არსებულ სხვა ფართთან.
კასატორის მოსაზრებით, ფინანსური სანქციის დაკისრება ხანდაზმულია, რადგან ფაქტთან დაკავშირებით 15.07.2016 წელს შედგენილ იქნა #15 შემოწმების აქტი, ხოლო დაჯარიმების შესახებ #844 ბრძანება გამოიცა 2017 წლის 5 ივნისს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. ლ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 5 მაისის #844 სადავო ბრძანებით უნებართვო მშენებლობის წარმოებისათვის ქ. ლ-ეს დაეკისრა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული ტერიტორიისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარით.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ამავე პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, I კლასს განეკუთვნება კიბის, კარის, ფანჯრის და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟი. თუ აღნიშნული სამუშაოები ეხება შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს, ამ დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, დამკვეთი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე მოიპოვოს შესაბამისი დასკვნა განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ. ამავე დადგენილების 66-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. 66.2 მუხლის მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს, ხოლო 66.3 მუხლის შესაბამისად, 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან/და მოსარგებლე ვალდებულია განცხადებას დაურთოს მიწის ნაკვეთის საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 66.7 მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას. ამავე დადგენილების 66.10 მუხლის შესაბამისად, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.
საქმის მასალებით, მათ შორის, ფოტოსურათებით დადგენილია და არც მხარე ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ ქალაქ ოზურგეთში, ...ის ქუჩის #25-ში მე-2 სართულზე საკუთრებაში გააჩნია საცხოვრებელი ბინა #22, რომელზეც განახორციელა მიშენება რკინის ბოძების გამოყენებით. აღნიშნულის შემდგომ (მოსარჩელის განმარტებით 2016 წელს) მოახდინა მე-2 სართულის მიშენების ქვეშ არსებულ საყრდენ ბოძებზე ტიხრების ამოშენება სამშენებლო მასალის გამოყენებით და გაუკეთა ღიობი. სადავო არაა ის გარემოებაც, რომ აღნიშნული მიშენების ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრებას. ასევე დასტურდება, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის განხორციელებისას არ იქნა დაცული ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნები, რის გამოც მართებულად იქნა შეფასებული უნებართვო მშენებლობად.
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25.13 მუხლის შესაბამისად, შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. საქმეში წარმოდგენილია ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ურბანული განვითარების, მშენებლობის სამსახურის მიერ 2017 წლის 8 მაისს შედგენილი #26 შემოწმების აქტი, რომლითაც დაფიქსირებულია 2016 წლის 9 სექტემბერს ამავე სამსახურის მიერ გაცემული მითითების მოსარჩელის მხრიდან შეუსრულებლობა. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - უნებართვო მშენებლობის წარმოებისათვის ქ. ლ-ის დაჯარიმების შესახებ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის #844 ბრძანება გამოიცა 2017 წლის 5 ივნისს, ანუ კანონით დადგენილ ორთვიან ვადაში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ქ. ლ-ეს საკასაციო საჩივარზე 04.02.2019წ. საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ქ. ლ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ლ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის განჩინება;
3. ქ. ლ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 04.02.2019წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი