საქმე №ბს-222(კ-19) 7 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ბ. ჩ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბ. ჩ-მა 2017 წლის 30 ნოემბერს სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ 2014 წლის 20 იანვარს მიღებული №216 დადგენილების პირველი მუხლის და მის საფუძველზე გამოცემული (დანართი) რუკების ბათილად ცნობა, ბ. ჩ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სამშენებლო ზონა1 (ტრ-1)-ში განთავსების ნაწილში, 2014 წლის 25 ივნისს მიღებული №226 დადგენილების ბათილად ცნობა ქალაქი რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ პირველი მუხლი და მის საფუძველზე გამოცემული (დანართი) თვითმმართველი ქალაქ რუსთავის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკის, ბ. ჩ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სამშენებლო ზონა 1 (ტრ-1)-ში განთავსების ნაწილში, 2017 წლის 03 ნოემბრის ინდივიდუალურ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა (02/16164 წერილი), ადმინისტრაციული აქტის- მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. 2016 წლის 23 თებერვლის №231 ბრძანების ბათილად ცნობა 2016 წლის 13 იანვრის მშენებლობის ნებართვის გაგრძელების შესახებ ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის აქტის გამოცემის დავალება მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ, კერძოდ: 2014 წლის 13 ივნისის თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის №7185 ბრძანების საფუძველზე ბ. ჩ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე, მდებარე, ქალაქი რუსთავი, ...ის და ...ის ქუჩების გადაკვეთის ჩრდილოეთით, საკადასტრო კოდი: №..., მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით ბ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ჩ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ბ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. ჩ-მა, რომელმაც იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომელზეც სააპელაციო სასამართლოში მიუთითებდა საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინებით ბ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 13 ივნისს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ №7185 ბრძანების საფუძველზე მოქალაქე ბ. ჩ-ის სახელზე გაიცა მშენებლობის სანებართვო მოწმობა №217. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 23 თებერვლის N231 ბრძანებით, დაინტერესებული მხარის ბ. ჩ-ის მიერ ობიექტის მშენებლობის განხორციელების იურიდიული ინტერესის დაკარგვის გათვალისწინებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა მოსარჩელის სახელზე მშენებლობის სანებართვო მოწმობის ვადის გაგრძელების შესახებ 2016 წლის 13 იანვრის N45 ბრძანება. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას მშენებლობის ნებართვის გაცემაზე თავიდან მიმართა ბ. ჩ-მა 2017 წლის 13 ოქტომბრის №21086/02 განცხადებით, რაზედაც რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 03 ნოემბრის N02/16164 წერილით ბ. ჩ-ს ეცნობა, რომ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი (...) ,,ქალაქ რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2014 წლის 25 ივნისის N226 დადგენილების შესაბამისად, მდებარეობს სატრანსპორტო ზონაში. N226 დადგენილების მიხედვით კი, სატრანსპორტო ზონაში მშენებლობის განხორციელება დაუშვებელია.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული ნორმატიული აქტის - თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის №226 დადგენილებით დამტკიცებული ,,რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების" სადავო ნაწილის მოქმედებით მოცემულ შემთხვევაში იზღუდება ბ. ჩ-ის საკუთრების უფლება, ვინაიდან მშენებლობის ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადებას საფუძვლად დაედო მისი 2017 წლის 13 ოქტომბრის განცხადება, განსხვავებით კასატორის მიერ პრაქტიკის სახით მითითებული საქმისგან (21.11.2017 წლის განჩინება, №ბს-964-962(კ-17), ხოლო ახალი განაცხადის საფუძველზე სანებართვო მოწმობის გაცემა უნდა მომხდარიყო ახალი ადმინისტრაციული წარმოების დაწყებით, რა დროსაც უკვე მოქმედებდა რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის №226 დადგენილება. ამდენად, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის №02/16164 წერილით ბ. ჩ-ს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარი ეთქვა თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის №226 დადგენილებით დამტკიცებული ,,რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების" 21-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის წინაპირობები.
კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინება;
3. კასატორს - ბ. ჩ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 08.04.2019წ. №0 საგადასახადო დავალებით ვ. ტ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე