Facebook Twitter

#ბს-1012(კ-18) 20 ივნისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

კასატორი (მოსარჩელე) – ა. ტ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მესამე პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 8 მაისის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 13 ნოემბერს ა. ტ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი 2011 წლის 9 მაისიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის სხვადასხვა განყოფილებებში, ხოლო 2016 წლიდან მუშაობდა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის ... განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად, საიდანაც პირადი პატაკის საფუძველზე განთავისუფლდა და აყვანილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში.

მოსარჩელის მითითებით, მან 2017 წლის 23 ოქტომბერს წერილობითი განცხადებით (პატაკით) მიმართა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის დეპარტამენტს და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის ... განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე დანიშვნა (ამ პერიოდში ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის ... განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობა იყო ვაკანტური), თუმცა 2017 წლის 28 ოქტომბრის #2600222 წერილობითი პასუხით ეცნობა, რომ მისი მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა, შესაბამისი ვაკანსიის არარსებობის გამო.

მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 31 ოქტომბერს მან კვლავ მიმართა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის დეპარტამენტს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის შესაბამის განყოფილებაში არსებული უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მოთხოვნით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 31 ოქტომბერს #2619538 ბრძანებით მოსარჩელე ა. ტ-ი დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ხოლო 2017 წლის 1 ნოემბრის წერილობითი მომართვით მიეცა რეკომენდაცია, რომ ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში უფლება ჰქონდა მიეღო მონაწილეობა მისთვის სასურველი პოზიციის დასაკავებლად.

ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 31 ოქტომბრის #2619538 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის ა. ტ-ის გათავისუფლებამდე დაკავებულ ან სხვა ტოლფას თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენის დავალება და ა. ტ-ის სასარგებლოდ იძულებით განაცდური ხელფასის, თვეში 898 ლარის ანაზღაურების, ასევე განაცდურ პერიოდზე 2017 წლის 30 ოქტომბრიდან (იმ პერიოდიდან, როდესაც უნდა მომხდარიყო მისი აღდგენა) გადაწყვეტილების აღსრულებამდე (თანამდებობაზე აღდგენის მომენტამდე) დარიცხული დანამატების/პრემიების ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის … განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, პოლიციის ლეიტენანტმა ა. ტ-მა 2017 წლის 27 ივნისს პატაკით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და მისი დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლება და შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში აყვანა მოითხოვა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის #1557348 ბრძანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის ... განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, პოლიციის ლეიტენანტი ა. თ. ტ-ი გათავისუფლდა თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში.

სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ა. ტ-მა 2017 წლის 23 ოქტომბერს #2552294 პატაკით მიმართა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს და განმარტა, რომ 2017 წლის 30 ივნისიდან იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში, მზად იყო გაეგრძელებინა სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში. ამდენად, ა. ტ-მა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის ... განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა მოითხოვა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 28 ოქტომბრის #2600222 წერილობითი პასუხით ა. ტ-ს მისი 2017 წლის 23 ოქტომბრის #2552294 პატაკის საფუძველზე ეცნობა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის ... განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე ვაკანტური ადგილი არ არსებობდა.

2017 წლის 31 ოქტომბერს ა. ტ-მა პატაკით მიმართა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს და მიუთითა, რომ ოჯახური პირობების გამო 2017 წლის 1 ივლისიდან იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში, მზად იყო გაეგრძელებინა სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. ამდენად, ა. ტ-მა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის ... განყოფილებაში არსებულ უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა მოითხოვა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 31 ოქტომბრის #2619538 ბრძანების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში მყოფი, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის ... განყოფილების ყოფილი უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, პოლიციის ლეიტენანტი ა. თ. ტ-ი დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 1 ნოემბრის #2634964 წერილით ა. ტ-ს მისი 2017 წლის 31 ოქტომბრის #2621073 პატაკის საფუძველზე ეცნობა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი პერიოდულად აცხადებდა კონკურსს დეპარტამენტში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად. ამავე განცხადებით ა. ტ-ს მიეთითა, რომ სპეციალური კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში შეეძლო დარეგისტრირებულიყო სპეციალურ საიტზე და მონაწილეობა მიეღო მისთვის სასურველი პოზიციის დასაკავებლად კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი.

სასამართლომ იქვე განმარტა, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მითითებული კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.

საქალაქო სასამართლოს აღნიშვნით, დადგენილი იყო, რომ ა. ტ-ი, წოდებით პოლიციის ლეიტენანტი, მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის ... განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.

სასამართლომ მიუთითა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, საპოლიციო ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივ ფორმებს, პოლიციაში სამსახურის გავლის წესს, პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, პოლიციის საქმიანობის კონტროლს. ამავე მუხლის მესამე ნაწილით, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციაში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტებით.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #995 ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში (შემდგომში - სამინისტრო) სამსახურის გავლის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომში - სსიპ) სამსახურის გავლის წესსა და პირობებს.

ამასთან, სასამართლომ მიუთითა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #995 ბრძანების 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე.

სასამართლომ განმარტა, რომ ანალოგიური მოწესრიგებას ითვალისწინებდა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. პოლიციელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის #337 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, მინისტრი აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს.

სასამართლოს მითითებით, დადგენილი იყო, რომ 2017 წლის 27 ივნისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის ... განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, პოლიციის ლეიტენანტმა ა. ტ-მა პატაკით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და პირადი განცხადების საფუძველზე მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში აყვანა მოითხოვა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის #1557348 ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის ... განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, პოლიციის ლეიტენანტი ა. თ. ტ-ი გათავისუფლდა თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში. ასევე, დადგენილი იყო, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 31 ოქტომბრის #2619538 ბრძანებით, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მოტივით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში მყოფი, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის ... განყოფილების ყოფილი უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, პოლიციის ლეიტენანტი ა. თ. ტ-ი დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ა. ტ-მა განცხადების წარდგენით გამოხატა ნება კადრების განყოფილებაში გადაყვანის შესახებ, რაზეც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემულ იქნა შესაბამისი ბრძანება 2017 წლის 30 ივნისს. სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #995 ბრძანების 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კადრების განკარგულებაში ყოფნის დროდ განსაზღვრავს მხოლოდ ოთხ თვეს და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება, რაც ნიშნავდა იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი კადრების განკარგულებაში მყოფი მისი თანამშრომელი ოთხთვიანი ვადის გასვლის შემდგომ სამართლებრივად იმავე მდგომარეობისათვის დაექვემდებარებინა. აქედან გამომდინარე, უნდა გამოცემულიყო შესაბამისი ბრძანება მისი კონკრეტულ თანამდებობაზე დანიშვნის ან თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. სასამართლოს მითითებით, დადგენილი იყო, რომ ა. ტ-მა ორჯერ, 2017 წლის 23 ოქტომბერს და 31 ოქტომბერს პატაკით მიმართა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის ... განყოფილებაში არსებულ უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ 2017 წლის 1 ივლისიდან, ოჯახური პირობების გამო იმყოფებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში, მიმართვის მომენტისათვის კი მზად იყო გაეგრძელებინა სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. სასამართლოს მითითებით, ასევე, დადგენილი იყო, რომ ა. ტ-ის დანიშვნა სასურველ თანამდებობაზე არ მომხდარა, მეტიც, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოიცა 2017 წლის 31 ოქტომბრის #2619538 ბრძანება კადრების განკარგულებაში მყოფი ა. ტ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანების გამოცემის დროისათვის - 2017 წლის 31 ოქტომბრისათვის გასული იყო კადრების განკარგულებაში ყოფნის ოთხთვიანი ვადა. შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილი არ იყო გამოეცა სხვაგვარი შინაარსის ბრძანება ა. ტ-ის მიმართ, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა არ იძლეოდა სხვაგვარი სამართლებრივი მოწესრიგების შესაძლებლობას.

სასამართლომ აგრეთვე მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას საქმე არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული საფუძვლიანად, ასაბუთებდა სასამართლოსათვის მიცემული ზეპირი ახსნა-განმარტებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნებოდა გაზიარებული.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ წარდგენილი სარჩელი უსაფუძვლო იყო, რადგან ადგილი არ ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდა მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 31 ოქტომბრის #2619538 ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

ამასთან, საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი უარს ამბობს აღდგენაზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებდა მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა, შესაბამისად, არ არსებობდა მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

სასამართლომ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ვინაიდან განაცდური ხელფასი ანაზღაურდებოდა დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო რამდენადაც სასამართლომ ბათილად არ ცნო გასაჩივრებული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 31 ოქტომბრის #2619538 ბრძანება, არ არსებობდა საფუძველი მოპასუხისათვის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრებისა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ტ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 8 მაისის განჩინებით ა. ტ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივრით ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დამატებით ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტის მითითებით, გასაჩივრებული ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის ... განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობა, რომელიც ეკავა მოსარჩელეს, იყო ვაკანტური. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია, რომლის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 26 ოქტომბრის #2585416 ბრძანების თანახმად, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის … განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის 4 ვაკანტურ თანამდებობაზე დაინიშნენ მ. თ-ე, უ. კ-ე, პ. გ-ი, ი. ხ-ა.

ამდენად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გასაჩივრებული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 31 ოქტომბრის #2619538 ბრძანების გამოცემის დროისათვის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის ... განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობა ვაკანტური არ იყო, რაც ასევე დასტურდებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 28 ოქტომბრის #2600222 წერილით.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება მასზედ, რომ წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლო იყო, რადგან ადგილი არ ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდა მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 31 ოქტომბრის #2619538 ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 8 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ტ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, მან 2017 წლის 23 ოქტომბერს მიმართა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის თხოვნით, რაზეც 2017 წლის 28 ოქტომბერს მიიღო უარი, იმ მოტივით, რომ თავისუფალი ვაკანსია არ არსებობდა, თუმცა ამავდროულად, სასამართლოს მიერ მისი შუამდგომლობის საფუძველზე გამოთხოვილ იქნა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, 2017 წლის 26 ოქტომბერს იმავე თანამდებობებზე დაინიშნენ: მ. თ-ე, უ. კ-ე, პ. გ-ი, ი. ხ-ა. დასახელებულმა პირებმა დანიშვნის თაობაზე პატაკით მიმართეს 2017 წლის 24 ოქტომბერს. შესაბამისად, კასატორის მითითებით, შსს-მ არასწორად აცნობა, რომ ვაკანტური თანამდებობა არ არსებობდა. კასატორის განმარტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებული იყო მისი განცხადება განეხილა პრიორიტეტულად სხვა პირებთან შედარებით; ამ ქმედებით ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი, რომელიც ცალსახად მიუთითებს დასაქმებულის უფლებათა დაცვის თაობაზე, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე და 23-ე მუხლები, ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონები.

კასატორის განმარტებით, გათავისუფლების ბრძანების უკანონობა დასტურდება ასევე 2017 წლის 23 ოქტომბრის პატაკით, რომლითაც არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნას ითხოვდა და რომ არა ვაკანსიის დამალვა, ვერ გაათავისუფლებდნენ სამსახურიდან, ვინაიდან, პატაკი იყო ვადაში და შესაბამისად, ვადაშივე იყო შესაძლებელი მისი დანიშვნა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ტ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ა. ტ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ტ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 8 მაისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ტ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ბათილად იქნეს ცნობილი „შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 31 ოქტომბრის #2619538 ბრძანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა დაევალოს ა. ტ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში დასაქმების საკითხის განხილვა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის … განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, პოლიციის ლეიტენანტმა ა. ტ-მა 2017 წლის 27 ივნისს პატაკით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და მისი დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლება და შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში აყვანა მოითხოვა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის #1557348 ბრძანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის ... განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, პოლიციის ლეიტენანტი ა. თ. ტ-ი გათავისუფლდა თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში.

ა. ტ-მა 2017 წლის 23 ოქტომბერს #2552294 პატაკით მიმართა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს და განმარტა, რომ 2017 წლის 30 ივნისიდან იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში, მზად იყო გაეგრძელებინა სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში. ამდენად, ა. ტ-მა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის ... განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა მოითხოვა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 28 ოქტომბრის #2600222 წერილობითი პასუხით ა. ტ-ს მისი 2017 წლის 23 ოქტომბრის #2552294 პატაკის საფუძველზე ეცნობა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის ... განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე ვაკანტური ადგილი არ არსებობდა.

2017 წლის 31 ოქტომბერს ა. ტ-მა პატაკით მიმართა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს და მიუთითა, რომ ოჯახური პირობების გამო 2017 წლის 1 ივლისიდან იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში, მზად იყო გაეგრძელებინა სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. ამდენად, ა. ტ-მა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის ... განყოფილებაში არსებულ უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა მოითხოვა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 31 ოქტომბრის #2619538 ბრძანების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში მყოფი, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის ... განყოფილების ყოფილი უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, პოლიციის ლეიტენანტი ა. თ. ტ-ი დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 1 ნოემბრის #2634964 წერილით ა. ტ-ს მისი 2017 წლის 31 ოქტომბრის #2621073 პატაკის საფუძველზე ეცნობა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი პერიოდულად აცხადებდა კონკურსს დეპარტამენტში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად. ამავე განცხადებით ა. ტ-ს მიეთითა, რომ სპეციალური კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში შეეძლო დარეგისტრირებულიყო სპეციალურ საიტზე და მონაწილეობა მიეღო მისთვის სასურველი პოზიციის დასაკავებლად კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკასაციო სასამართლო უპირველესად განმარტავს, რომ შრომითი უფლების სრულყოფილი რეალიზების გარანტიები გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 30-ე მუხლით (ამჟამად მოქმედი რედაქციის 26-ე მუხლი), კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია. შრომის თავისუფლება, ე.ი. უფლება თავისუფალ შრომაზე, მოიცავს როგორც ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებას, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება #2/4-24, 28.02.1997), ასევე, „სახელმწიფოს ვალდებულებას, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება #2/2-389, 26.10.2007). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებითვე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება #2/2-389, 26.10.2007), კონსტიტუციის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტით „დაცულია არა მარტო უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო”.

საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების (ამჟამად მოქმედი რედაქციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი) თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიზნებისთვის სახელმწიფო სამსახური არის პროფესიული საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სხვა საჯარო ფუნქციის განხორციელების მიზნით ჩამოყალიბებულ ინსტიტუციებში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის #1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი „მოიცავს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივ კომპონენტს, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის #3/2/717 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ანალოგიური პოზიცია აქვს დაფიქსირებული საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 2017 წლის 17 მაისის #3/3/600 გადაწყვეტილებაში (იხ. გადაწყვეტილების მე-20 და 21-ე პარაგრაფები). „სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების დაცვით საქართველოს კონსტიტუცია ესწრაფვის, ერთი მხრივ, უზრუნველყოს მოქალაქეთა თანაბარი დაშვება სახელმწიფო სამსახურში გონივრული და კონსტიტუციური მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო, მეორე მხრივ, დაიცვას სახელმწიფო მოსამსახურე მის საქმიანობაში გაუმართლებელი ჩარევისგან, რათა მან შეძლოს კონსტიტუციითა და კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის #1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).

საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულება „გულისხმობს, რომ საჯარო მოსამსახურეთა სტატუსი, თანამდებობის დაკავების წესი, მოხელეთა უფლება-მოვალეობები, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები უნდა განისაზღვროს კანონით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 15 ივნისის #1/4/419 განჩინება საქმეზე „ბესიკ გვაჯავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ამასთანავე, თავად ეს კანონი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციურ სტანდარტებს, ანუ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რაც გულისხმობს სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისა და ამ თანამდებობისათვის გონივრული პირობების დადგენას, ასევე უზრუნველყოფას იმისა, რომ გაუმართლებლად არ შეიზღუდება მოქალაქის უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო მართვაში და განახორციელოს საჯარო მნიშვნელობის ფუნქცია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით რეგლამენტირებული თავისუფალი შრომისა და 29-ე მუხლით დაცული სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებათა სამართლებრივი დაცვის გარანტიები გათვალისწინებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითაც. კერძოდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. ამასთან, 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში, ხოლო ამავე დეკლარაციის 23-ე მუხლის თანახმად კი, ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.

საკასაციო სასამართლო, აგრეთვე, მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევებში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ: ა) ყველა მუშაკის უფლება არ შეუწყდეთ დასაქმება ასეთი შეწყვეტის თაობაზე საპატიო მიზეზების გარეშე, რაც დაკავშირებული უნდა იყოს მათ შესაძლებლობასთან ან ქცევასთან ან განპირობებული უნდა იყოს შრომითი დაწესებულების, საწარმოს ან სამსახურის ოპერატიული მოთხოვნებით; ბ) მუშაკთა უფლება, რომელთა დასაქმება შეწყვეტილი იქნება საპატიო მიზეზების გარეშე, სათანადო კომპენსაციაზე ან სხვა შესაბამის დაკმაყოფილებაზე.

ამ მხრივ მხარეები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ, მუშაკის, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი დასაქმება შეწყდა საპატიო მიზეზების გარეშე, მიუკერძოებელ ორგანოში საჩივრის შეტანის უფლება.

აღნიშნულ დანაწესთა გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში ინდივიდთა შრომითი უფლებების დაცვისათვის ქმედითი მექანიზმების შექმნა სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს. ხსენებული ვალდებულების ზედმიწევნითი განხორციელების საჭიროება სახელმწიფოს მხრიდან თავს იჩენს მით უფრო საჯარო სექტორში, სადაც სახელმწიფო ეროვნული საკანონმდებლო ბაზის, კერძოდ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, ერთი მხრივ, თავად ქმნის დასაქმებულ საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებების დაცვის გარანტიებს, ხოლო, მეორე მხრივ, იგი თავად გვევლინება დამსაქმებლის როლში, რაც საგრძნობლად ზრდის მისი მხრიდან დასაქმებულ საჯარო მოხელეთა უფლებების, განსაკუთრებით კი, შრომითი უფლებების დაცვის სავალდებულოობის ხარისხს.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამსახური არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. მითითებული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება არის სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანაა საჯარო ხელისუფლების განხორციელება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს და განსაზღვრავს იმ დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო საქმიანობად, კერძოდ, „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ასეთ დაწესებულებებს წარმოადგენენ: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის დასახელებული რედაქციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, საპოლიციო ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივ ფორმებს, პოლიციაში სამსახურის გავლის წესს, პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, პოლიციის საქმიანობის კონტროლს. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

მითითებული კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.

ამასთან, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციაში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტებით.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #995 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესზე“, რომელიც განსაზღვრავს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სამსახურის გავლის წესსა და პირობებს. აღნიშნული წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო აგრეთვე მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, პოლიციელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის #337 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, მინისტრი აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს.

საკასაციო სასამართლო განმეორებით მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, 2017 წლის 27 ივნისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის …. განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, პოლიციის ლეიტენანტმა ა. ტ-მა პატაკით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და პირადი განცხადების საფუძველზე მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში აყვანა მოითხოვა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის #1557348 ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის … განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, პოლიციის ლეიტენანტი ა. თ. ტ-ი გათავისუფლდა თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 31 ოქტომბრის #2619538 ბრძანებით, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მოტივით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში მყოფი, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის … განყოფილების ყოფილი უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, პოლიციის ლეიტენანტი ა. თ. ტ-ი დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა სამართლებრივ შეფასებებს მასზედ, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #995 ბრძანების 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კადრების განკარგულებაში ყოფნის დროდ განსაზღვრავს მხოლოდ ოთხ თვეს და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და არც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტი არ ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, კადრების განკარგულებაში საჯარო მოხელის ყოფნის ოთხთვიანი ვადის ამოწურვამდე აუცილებლად უზრუნველყოს მისთვის ვაკანტური თანამდებობის გამონახვა ან გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე მისი დაბრუნების მიზნით ხსენებულ პოზიციაზე გამოცხადებულ ვაკანსიაში კადრების განკარგულებაში მყოფი კონკრეტული მოხელისათვის მონაწილეობის მიღების შესაძლებლობის სავალდებულო წესით მიცემა. შესაბამისად, ამგვარი მოცემულობა მიუთითებს კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მოხელეთა ხელახალ დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის მიმართ საჯარო სამსახურის მხრიდან არსებულ დისკრეციულ უფლებამოსილებაზე, რომელიც ვრცელდება არა მხოლოდ მოხელის უშუალოდ საჯარო სამსახურის ინიციატივით დანიშვნასთან მიმართებით, არამედ ისეთ შემთხვევებშიც, როდესაც კადრების განკარგულებაში მყოფი მოხელე თავად გამოთქვამს ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის სურვილს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია მოქმედების ფართო, თუმცა კანონმდებლობით შეზღუდული არეალი, რომ შეაფასოს და გადაწყვიტოს მოხელის კადრების განკარგულებიდან გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე ხელახალი დანიშვნის საკითხი. თუმცა რამდენადაც არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა, ადმინისტრაციული ორგანოს თავისუფალი მოქმედების სფერო შებოჭილია კანონით და მთავრდება იქ, სადაც იწყება კანონით დადგენილი შეზღუდვები.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

საკასაციო სასამართლო ზემოხსენებულ სამართლებრივ დანაწესებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას წაეყენება დასაბუთების ვალდებულება იმდენად, რამდენადაც აღნიშნული გადაწყვეტილების სწორედ ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრები იძლევა საშუალებას შემოწმდეს დისკრეციის გამოყენების კანონიერება. გადაწყვეტილების სწორედ რელევანტური მოტივირება განაპირობებს მის მიმართ აქტის ადრესატის მხრიდან კანონიერების განცდის ჩამოყალიბებას. ამასთან, საგულისხმოა, რომ ადმინისტრაციული კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის დასაბუთების მხოლოდ ფორმალურად არსებობა. გადამწყვეტია, რომ დასაბუთება იყოს შედეგის მიმართ შინაარსობრივად ადეკვატური, სათანადო, რელევანტური, რომელიც ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოსა თუ სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას, შეამოწმოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერება.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაზე, რომლის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 26 ოქტომბრის #2585416 ბრძანების თანახმად, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის … განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის 4 ვაკანტურ თანამდებობაზე დაინიშნენ მ. თ-ე, უ. კ-ე, პ. გ-ი, ი. ხ-ა. აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 31 ოქტომბრის #2619538 ბრძანების გამოცემის დროისათვის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის … განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობა ვაკანტური არ იყო, რაც ასევე დასტურდებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 28 ოქტომბრის #2600222 წერილით.

საკასაციო პალატა ხაზგასმით მიუთითებს გამოთხოვილი ბრძანებითვე დადასტურებულ არსებით ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ, მ. თ-ის, უ. კ-ის, პ. გ-ისა და ი. ხ-ას „თანამდებობაზე დანიშვნის და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 26 ოქტომბრის #2585416 ბრძანების მიხედვით, დასახელებული ბრძანების გამოცემის საფუძველს წარმოადგენდა შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თ. მ-ის, მ თ-ის, თ. თ-ას, პ. გ-ისა და ი. ხ-ას 2017 წლის 24 ოქტომბრის #2565386 პატაკები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არსებით მნიშვნელობას იძენს ის გარემოება, რომ მოსარჩელე ა. ტ-ს პატაკი 2017 წლის 23 ოქტომბერს, კერძოდ, ინსპექტორ-გამომძიებლის 4 ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნული პირების მიმართვამდე აქვს წარდგენილი. ყურადსაღებია თავად გასაჩივრებულ აქტში მოხმობილი არგუმენტაციაც, რომლის შესაბამისად, ა. ტ-ს პასუხი გაეცა, რომ თანამდებობა, რომელზეც მას სურდა დანიშვნა, ბრძანების გამოცემის დროისათვის ვაკანტური არ იყო.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოთხოვილ ინფორმაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ დასკვნებს და განმარტავს, რომ აღნიშნული ფაქტობრივი მოცემულობა ადასტურებს იმას, რომ ა. ტ-ის მიერ პატაკის წარდგენის დროს როგორც მოსარჩელისათვის, ასევე, 24 ოქტომბერს წარდგენილი პატაკის ავტორებისათვის, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის … განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობა ვაკანტური იყო. შესაბამისად, გაუმართლებელია, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შეუძლებლობა მოტივირებული ყოფილიყო იმით, რომ თანამდებობა არ იყო ვაკანტური, მაშინ, როდესაც 24 ოქტომბერს წარდგენილი პატაკის ავტორებისათვის იმავე თანამდებობა ვაკანტურად იქნა მიჩნეული. ვაკანტური თანამდებობის არარსებობის პირობებში, ვერც მ. თ-ის, უ. კ-ის, პ. გ-ისა და ი. ხ-ას მოთხოვნილ თანამდებობებზე დანიშვნა იქნებოდა შესაძლებელი. ამდენად, სამართლებრივ წინააღმდეგობას ქმნის ის ვითარება, რომ აღნიშნულ პირთა მიმართ დადებითი გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი წინაპირობა აბსოლუტურად იმავე სამართლებრივ სივრცეში მყოფი ა. ტ-ისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად იქცა, რამაც შემდგომში სადავო ბრძანების გამოცემა განაპირობა. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ა. ტ-ის პატაკი ზემოხსენებულ პირთა პატაკებზე ერთი დღით ადრე იქნა წარდგენილი, რაც ხაზს უსვამს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ მოსარჩელისათვის გაცემული წერილობითი პასუხის უსაფუძვლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ა. ტ-ის საკითხის სათანადოდ განხილვას შესაძლოა მისი ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა მოჰყოლოდა. ამდენად, სადავოდ გამხდარი ბრძანების გამოცემას ფაქტობრივად ხელი შეუწყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ა. ტ-ის დასაქმების საკითხის არასათანადო განხილვამ, რასაც შემდგომში მოჰყვა მოსარჩელის მიერ 2017 წლის 23 ოქტომბერს წარდგენილ #2552294 პატაკზე არასათანადო, რელევანტურ დასაბუთებას მოკლებული წერილობითი პასუხის გაცემა იმდენად, რამდენადაც იგი დაემყარა აღნიშნული პასუხის მომენტისათვის და არა ა. ტ-ის მიერ პატაკით მიმართვის დროისათვის არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას. ფაქტია, რომ 2017 წლის 26 ოქტომბერს ვაკანტურ თანამდებობებზე პირთა დანიშვნის ფონზე, ამავე წლის 28 ოქტომბრისათვის თანამდებობა ვაკანტური აღარ იქნებოდა. ამდენად, მითითებული არგუმენტი ვერ იქნება მიჩნეული მოსარჩელის დასაქმების შეუძლებლობის სათანადო გამამართლებელ ფაქტობრივ გარემოებად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ მოსარჩელისათვის გაცემული 2017 წლის 28 ოქტომბრის #2600222 წერილობითი პასუხი მიუთითებს იმაზე, რომ ა. ტ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ხელახალი დასაქმების საკითხი არ იქნა სათანადოდ განხილული, რამდენადაც რელევანტურ დასაბუთებას მოკლებული, ფაქტობრივ გარემოებებთან შეუსაბამო წერილობითი პასუხით მიღებული შედეგი არ აკმაყოფილებს დასაბუთების იმ სტანდარტს, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედების მოტივირებისათვის ადმინისტრაციული კანონმდებლობით წარედგინება.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული მოცემულობის არსებობის პირობებში და თავად წერილობითი პასუხის შინაარსობრივი მხარის გათვალისწინებითაც კი, არ გამოირიცხება დისკრეციის ფარგლებში მიღებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპირო, ა. ტ-ის სასარგებლო შედეგის დადგომის შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო მოხელის ხელახალი დასაქმების საკითხის შეფასება-გადაწყვეტა ადმინისტრაციული ორგანოს, როგორც საჯარო დაწესებულების, დისკრეციის სფეროს მიეკუთვნება, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არც ა. ტ-ის კონკრეტულ თანამდებობასთან შეუსაბამობის, არც აღნიშნული თანამდებობის დაკავებისათვის საჭირო მისი პიროვნული თვისებების, კვალიფიკაციისა თუ უნარ-ჩვევების არარსებობის მოტივით არ აქვს გამორიცხული მოსარჩელის დასაქმების შესაძლებლობები, რაც ავტომატურად მიუთითებს იმაზე, რომ ხსენებული საკითხის სათანადო შეფასებას შესაძლოა ა. ტ-ისათვის საპირისპირო შედეგი, ანუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში დასაქმება გამოეწვია.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ კონკრეტულად არ იქნა დასაბუთებული ის, თუ რატომ არ იქნა განხილული პატაკით მოთხოვნილ თანამდებობაზე ა. ტ-ის დანიშვნის საკითხი სხვა პირთა მოთხოვნებთან ერთობლიობაში, კონკრეტულად რა ფაქტობრივმა გარემოებებმა განაპირობა მოსარჩელის მიმართვიდან ერთი დღის შემდგომ წარდგენილი პატაკების ა. ტ-ის პატაკთან შედარებით უპირატესი განხილვა. საკასაციო სასამართლო, აგრეთვე, მიუთითებს, რომ პირის კადრების განკარგულებაში ყოფნა არ წარმოადგენს იმ საპატიო გარემოებას, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს და, მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში არსებულ საჯარო დაწესებულებებსაც, მოუხსნიდა ვალდებულებას, დაესაბუთებინა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით მოტივირებული მოქმედებისა თუ ამ ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და მიზანშეწონილობა. მეტიც, კადრების განკარგულებაში მყოფ პირს გააჩნია აბსოლუტურად ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომ პირველივე შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება გამოიჩენს მზაობასა და უპირველეს ინტერესს შესაბამის თანამდებობაზე მისი დასაქმების მიმართ. აღნიშნულის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული ორგანო ასეთი პირების გათავისუფლებამდე და კადრების განკარგულებაში გადაყვანამდე დაკავებულ პოზიციაზე დანიშვნისა და, მით უფრო, კონკრეტულ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით წარდგენილი მოთხოვნის განხილვისას, მოხელის უფლებათა დაცვის მიმართ აღიჭურვება განსაკუთრებული პასუხისმგებლობით. კერძოდ, ასეთ ვითარებაში, ადმინისტრაციულ ორგანოს წაეყენება მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების მაღალი სტანდარტი, რომელიც მართებულად განხილვის შედეგად დადებითი თუ უარყოფითი, თუმცა მოტივირებული და მყარად დასაბუთებული პასუხის გაცემაში უნდა ჰპოვებდეს ასახვას. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კადრების განკარგულებაში ყოფნა არც ერთ შემთხვევაში არ იწვევს საჯარო დაწესებულების მხრიდან ამგვარ მოხელეთა მიმართ არსებულ პასუხისმგებლობათა შემცირებას, პირიქით, ასეთი მოცემულობა ზრდის კიდეც ამგვარი პირების მიმართ გატარებულ კონკრეტულ სამართლებრივ ღონისძიებათა კანონიერების დასაბუთების ხარისხს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კადრების განკარგულებაში მყოფი პირის მიერ კონკრეტულ თანამდებობაზე დანიშვნის საკითხის შეფასებისას, საჯარო დაწესებულება ვალდებულია იმსჯელოს და საბოლოოდ მიღებულ გადაწყვეტილებაში ასახოს მოხელის მიერ კონკრეტული თანამდებობის დაკავების შესაძლებლობები, მისი აღნიშნულ თანამდებობასთან შესაბამისობა, ამასთან, მოხელის კომპეტენციის, უნარ-ჩვევებისა თუ პიროვნული თვისებების მიმოხილვის ფონზე დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების და, მით უფრო, უარყოფითი შედეგის მართებულობა.

საკასაციო პალატა, აგრეთვე, განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ზემოაღნიშნული გაუთვალისწინებელი გარემოებების პარალელურად, არ იქნა დასაბუთებული ის, თუ კონკრეტული თანამდებობის დაკავებისათვის საჭირო რა პირობებს ვერ აკმაყოფილებდა მოსარჩელე, კონკრეტულად რომელმა პიროვნულმა თვისებამ, უნარ-ჩვევებმა, მახასიათებლებმა თუ სხვაგვარმა მოცემულობამ განაპირობა ა. ტ-თან შედარებით ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის … განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად დანიშნული ოთხი პირისათვის უპირატესობის მინიჭება, ამასთან, რა გამორიცხავდა პირადი მიზეზებითა და საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე გათავისუფლებული მოხელის იმავე თანამდებობაზე ხელახალი დანიშვნის შესაძლებლობას.

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ა. ტ-ის 2017 წლის 23 ოქტომბერს #2552294 პატაკს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ გაეცა სათანადო პასუხი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის დასაქმების საკითხის შესაბამის განხილვასა და შეფასებას შესაძლოა არ მოჰყოლოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 31 ოქტომბრის #2619538 ბრძანების გამოცემა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 31 ოქტომბრის #2619538 ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მოპასუხეს უნდა დაევალოს ა. ტ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში დასაქმების საკითხის განხილვა.

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საკასაციო სასამართლო უპირველესად მიუთითებს, რომ მოპასუხის მხრიდან ა. ტ-ის მოთხოვნილ თანამდებობაზე დანიშვნის საკითხის შეუფასებლობის პირობებში, ამ ეტაპისათვის არ არსებობს მისი თანამდებობაზე აღდგენისა და მისთვის იძულებითი განაცდურის მიცემის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით, თავისი არსით განსახილველ დავასთან მიმართებით უსაფუძვლოა, რამდენადაც სამსახურში აღდგენის უმთავრეს წინაპირობას მოხელის სამსახურიდან უკანონო გათავისუფლება წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, საგულისხმოა ის, რომ დავა ფაქტობრივად შეეხება არა მოხელის სამსახურიდან შესაძლო უკანონო გათავისუფლებას, არამედ მისთვის კონკრეტულ თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის შემთხვევას. ამდენად, ზემოაღნიშნული შემთხვევები ქმნის ორ ურთიერთგანსხვავებულ მოცემულობას, რის გამოც ა. ტ-ის მიერ წარმოდგენილი სარჩელი სამსახურში აღდგენის ნაწილში იმთავითვე უსაფუძვლოდ უნდა იქნეს მიჩნეული.

ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საკითხი თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლებას უკავშირდება. რამდენადაც მოცემული დავა შეეხება მოსარჩელისთვის კონკრეტულ თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის შემთხვევას, ასევე უსაფუძვლოა მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოსარჩელის დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენისა და მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ტ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 8 მაისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ტ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ბათილად იქნეს ცნობილი „შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 31 ოქტომბრის #2619538 ბრძანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა დაევალოს ა. ტ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში დასაქმების საკითხის განხილვა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ა. ტ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 8 მაისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ა. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ბათილად იქნეს ცნობილი „შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 31 ოქტომბრის #2619538 ბრძანება;

5. მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს ა. ტ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში დასაქმების საკითხის განხილვა;

6. ა. ტ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი