#ბს-867(გ-19) 26 სექტემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე _ შპს „...ი“
მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 13 ივნისს შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 15 მარტის #ბ… გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 13 მაისის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის შპს „...ის“ რეგისტრირებულ მონაცემებში პარტნიორისა და წილის ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის განჩინებით შპს „...ის“ სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლზე, სადაც განსაზღვრულია ადმინისტრაციული წესით განსახილველ დავათა სახეები, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მითითებით, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნაა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 15 მარტის #ბ...გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 13 მაისის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, კერძოდ, შპს „...ის“ რეგისტრირებულ მონაცემებში პარტნიორისა და წილის ცვლილების რეგისტრაცია. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მითითებით, აღნიშნული მოთხოვნა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოთა გადაწყვეტილება მატერიალური თვალსაზრისით შემოწმებას ექვემდებარება კერძოსამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობის კუთხით. მხოლოდ ის გარემოება, რომ განსახილველ დავაში მონაწილეობს ადმინისტრაციული ორგანო, ვერ შეცვლის დავის კერძოსამართლებრივ ხასიათს და ვერ განაპირობებს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოცემული დავის განხილვას.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსზე, რომლის მიხედვითაც, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები ვერ მიიჩნევა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, ვინაიდან არ გამოიცემა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, არამედ მას საფუძვლად უდევს კერძო სამართლის კანონმდებლობა, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი. შესაბამისად, სასამართლოს მითითებით, საქმე გვაქვს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობიდან წარმოშობილ დავასთან, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
ამდენად, სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლზე მითითებით შპს „...ის“ სარჩელი განსჯადობის წესით განსახილველად გადაუგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის განჩინებით მოცემულ საქმესთან დაკავშირებით აღიძრა დავა განსჯადობის საკითხთან დაკავშირებით და განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქმე გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიუთითა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე და აღნიშნა, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 და 2.2 მუხლებში დაკონკრეტებული დავები, აგრეთვე სხვა დავები, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან არის წარმოშობილი. შესაბამისად, კანონმდებელმა აუცილებელ ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც მითითებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1, 2.2 და 2.3 მუხლებში, ამასთან აღნიშნული დავები წარმოშობილი უნდა იყოს იმ სამართალურთიერთობიდან, რომლებიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული. დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის ასევე აუცილებელი პირობაა, სადავო სამართალურთიერთობაში მონაწილეობდეს ადმინისტრაციული ორგანო.
სასამართლოს მითითებით, დადგენილია ის გარემოება, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებებს საფუძვლად უდევს ადმინისტრაციული ორგანოს შემდეგი შინაარსის მოტივაცია: საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (რომელიც ამოქმედდა 2018 წლის 16 დეკემბერს), სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით. მითითებული ნორმით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევები ორგანული კანონით დადგენილი არ არის. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობით, მოსარჩელის მიერ განცხადებით მოთხოვნილი უფლება არ ექვემდებარება რეგისტრაციას.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის დანაწესის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ უფლების უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილებებისა და მათი შეწყვეტის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობა, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობა არ ექვემდებარება რეგისტრაციას.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე: 2017 წლის 26 ივლისს შ. შ-ისა და დ. შ-ის წარმომადგენელმა ნ. ს-ემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურში წარადგინა #B... სარეგისტრაციო განცხადება და მოითხოვა წილის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ხელშეკრულების და პარტნიორის გადაწყვეტილების საფუძველზე, შპს „...ის“ რეგისტრირებულ მონაცემებში (პარტნიორის, წილის და დირექტორის) ცვლილების რეგისტრაცია; მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებულ იქნა რამდენჯერმე და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადად განისაზღვრა 1 თვე (26.07.2017 #B.../3; 30.08.2017 #B.../5; 03.10.2017 #B.../7 და 05.12.2017 #B.../10 გადაწყვეტილებები); მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 12 დეკემბერს მის მიერ შესაბამისი საფასური იქნა გადახდილი დაჩქარებული მომსახურებისთვის, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განცხადების განხილვა გაგრძელდა სამი თვე.
მოსარჩელე სადავოდ ქცეული განჩინებების ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძვლად უთითებს შემდეგ გარემოებებს:
მის მიერ 2018 წლის 12 დეკემბერს გადახდილ იქნა დაჩქარებული მომსახურების საფასური, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კი, გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ იქნა 2019 წლის 15 მარტს. ამდენად დარღვეულია აქტის გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი ვადა.
არ არსებობდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განცხადების/ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები, ვინაიდან 2018 წლის 7 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ მიღებულ იქნა N3/10/1267 1268 განჩინება, რომლითაც „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 33 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს უცხოელის მიმართ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედების „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე შეჩერებას, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი.
სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად ეფუძნება საჯარო-ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, მოსარჩელის მიერ მითითებული უფლების დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებულია მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით. შესაბამისად, დავა მიჩნეულ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივად.
სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული აქტები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია. სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 22-ე მუხლის პირველ ნაწილსა და ამავე კოდექსის 26-ე მუხლზე მითითებით საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შპს „...მა“ 2019 წლის 22 აგვისტოს მომართა განცხადებით, სადაც აღნიშნულია, რომ ის აღარ აპირებს სასამართლოში საქმის წარმოების გაგრძელებას, რის გამოც საქმის მასალებისა და გადახდილი ბაჟის უკან დაბრუნებას ითხოვს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ ქვემდებარეობას სასამართლოებისადმი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 მარტის #ბ...გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 13 მაისის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის შპს „...ის“ რეგისტრირებულ მონაცემებში პარტნიორისა და წილის ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, სამეწარმეო იურიდიული პირების რეგისტრაცია, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განეკუთვნება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არის იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანო. ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიიჩნევა არა მხოლოდ სადავო სამართალურთიერთობის სუბიექტური შემადგენლობის ანუ იმის გამო, რომ მოთხოვნის ადრესატი არის ადმინისტრაციული ორგანო, არამედ აგრეთვე სადავო სამართალურთიერთობის საჯარო-სამართლებრივი კანონმდებლობიდან წარმოშობის, სადავო სამართალურთიერთობის ბუნების გამო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს „...ის“ სასარჩელო მოთხოვნა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, რამდენადაც სამეწარმეო რეესტრში ცვლილების შეტანა რეგულირდება „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისი ნორმებით. სამეწარმეო საქმიანობა კი „მეწარმეთა შესახებ“ კანონით მოწესრიგებული კერძო-სამართლებრივი საქმიანობის ფორმაა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ სამართალურთიერთობას არ გააჩნია საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ძირითადი ელემენტი - დავა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, რის გამოც არ არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლით განსაზღვრული პირობები დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, განსჯადობის საკითხის ამგვარი გადაწყვეტა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებულ პრაქტიკას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 04.04.2013წ. განჩინება საქმეზე #ბს- 844-828(გ-12)).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს. ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით.
ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას ამახვილებს შპს „...ის“ მიერ წარმოდგენილ განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ მოსარჩელე აღარ აპირებს სასამართლოში საქმის წარმოების გაგრძელებას, რის გამოც საქმის მასალებისა და გადახდილი ბაჟის უკან დაბრუნებას ითხოვს.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოცემული საქმე შპს „...ის“ განცხადებასთან ერთად განსახილველად უნდა გადაეგზავნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „...ის“ სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, წარმოდგენილ განცხადებასთან ერთად, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი