Facebook Twitter

საქმე Nბს-1018(კს-19) 29 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - სსიპ შემოსავლების სამსახური (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები: შპს „...ი“, შპს „მ...ი (M... (M...))”, ლ. ყ-ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2016 წლის 28 ივნისს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების - შპს „...ის“, შპს „მ...ისა (M... (M…)“ და ლ. ყ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოპასუხედ დასახელებული პირების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მაისის განჩინებით განუხილველად დარჩა სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 აგვისტოს N3/4778-16 გადაწყვეტილებაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილზე და საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება აპელანტ სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელს გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე: თბილისი, გორგასლის ქუჩა N16 და ჩაჰბარდა პირადად 2019 წლის 14 იანვარს, რაც დასტურდება გზავნილზე სსიპ შემოსავლების სამსახურის ბეჭდით და ხელმოწერით. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიმართ სააპელაციო საჩივრის წარდგენის თაობაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართვა დათარიღებულია 2019 წლის 29 იანვრით; ასევე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარზე თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შტამპზე მითითებულია სააპელაციო საჩივრის წარდგენის თარიღად 2019 წლის 29 იანვარი.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება სსიპ შემოსავლების სამსახურს ჩაჰბარდა 2019 წლის 14 იანვარს, გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 15 იანვრიდან და ამოიწურა 2019 წლის 28 იანვარს, ორშაბათს 24 საათზე; შესაბამისად, 2019 წლის 29 იანვარს შეტანილი სააპელაციო საჩივარი სააპელაციო პალატის მოსაზრებით ჩაითვალა გასაჩივრების ვადის დარღვევით შეტანილ სააპელაციო საჩივრად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გადაწყვეტილება გასაჩივრდა კანონით დადგენილ ვადაში - 2019 წლის 28 იანვარს, რაც დასტურდება სარჩელზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახური საქმეს აწარმოებს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამის მეშვეობით, სადაც ხდება დოკუმენტების ატვირთვა და განაწილება. დოკუმენტბრუნვის ინფორმაციაზე დაყრდნობით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართ სააპელაციო საჩივარი აიტვირთა და ხელი მოეწერა 2019 წლის 28 იანვარს, რაც გულისხმობს, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრდა გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის ბოლო დღეს, რაც კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით დასტურდება სააპელაციო საჩივარზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და შესაბამის პროგრამაში გატარებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 აგვისტოს განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მაისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურმა გაუშვა სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადა.

კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება 2019 წლის 14 იანვარს ჩაჰბარდა სსიპ შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის საქმისწარმოების სამმართველოს. განსახილველ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე - 61-ე მუხლების საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა 2019 წლის 15 იანვრიდან დაიწყო და 2019 წლის 28 იანვარს 24:00 საათზე ამოიწურა, რომელიც იყო სამუშაო დღე ორშაბათი. სააპელაციო საჩივარი კი 2019 წლის 29 იანვარს არის შეტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოში. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის სააპელაციო საჩივრის 2019 წლის 29 იანვარს წარდგენის ფაქტს და მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების კანონით დადგენილ ვადაში - 2019 წლის 28 იანვარს გასაჩივრება დასტურდება სააპელაციო საჩივარზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერაზე მითითებული თარიღით, რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით არ შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის დადგენილ წესს. კერძო საჩივრის ავტორის მიერ ასევე არ არის წარმოდგენილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა კერძო საჩივარში მითითებული გარემოება - სააპელაციო საჩივრის 2019 წლის 28 იანვარს კანონით დადგენილი წესით წარდგენის შესახებ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონისა და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, გასაჩივრების კანონისმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება (იხ. სსკ-ის 59-ე მუხ.).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან, გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 - დღიანი ვადა კანონით, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადას წარმოადგენს, სასამართლო არ არის უფლებამოსილი აღადგინოს ან გააგრძელოს იგი, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე