საქმე №ბს-1022(კ-19) 29 ოქტომბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე - ნ. მ-ი
მესამე პირი - გ. ყ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. მ-მა 2018 წლის 22 მარტს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ ნ. მ-ის ნაწილში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 20 დეკემბრის №99 სხდომის ოქმისა და დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 1 თებერვლის №101 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ნ. მ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციულ დავაში მესამე პირად, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე–16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ჩაბმულ იქნა გ. ყ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის N99 სხდომის ოქმი (2017 წლის 20 დეკემბრის) ნ. მ-ის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 1 თებერვლის №101 ბრძანება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე და დაევალა მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ. მ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით საქმეში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 მარტის განჩინებით განსახილველ საქმეში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 მარტის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ. კასატორმა იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდა სააპელაციო საჩივარს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გაზიარებული პირველი ინსტანციის სასამართლოს ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება იმ მტკიცებულებების არსებობის პირობებში, რომელიც გაცილებით მეტი ინფორმაციის მომცველია და თვალნათლივ ასახავს მოსარჩელის ოჯახის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის შეუზღუდავ სარგებლობაში არსებობის ფაქტს, რასაც მოცემული დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება მოსარჩელის შპს „...ში“ რეგისტრაციის ფაქტს, არ დგინდება მოსარჩელის იქ ფაქტობრივად ცხოვრება უტყუარი მტკიცებულებებით. ვინაიდან, საყოველთაოდ ცნობილია, რომ დევნილთა გარკვეული ნაწილის რეგისტრაციის და ფაქტობრივი მისამართი განსხვავებულია, რაც ხშირ შემთხვევაში განპირობებულია იმით, რომ ორგანიზებულად განსახლების ობიექტებში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირები სარგებლობდნენ განსხვავებული, უფრო მეტი შეღავათებითა და სიკეთეებით სახელმწიფოს მიერ, ვიდრე განსახლებული იძულებით გადაადგილებული პირები.
კასატორის განმარტებით, სამინისტროს მიერ მოცემულ ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების გადამოწმება მიმდინარეობდა რამდენიმე თვის განმავლობაში, რაც სრულიად საკმარისია იმის დასადგენად, ამ ხნის განმავლობაში ცხოვრობდა თუ არა ესა თუ ის პირი რეგისტრაციის მისამართზე. კასატორი ფიქრობს, რომ სასამართლო თავისი მსჯელობით ეწინააღმდეგება იმ კანონის მიზანს, რომლის საფუძველზეც ხდებოდა კონკრეტულად ამ საცხოვრებელ ფართში ფაქტობრივად მაცხოვრებელი დევნილი ოჯახებისათვის პრიორიტეტის მინიჭება. სწორედაც, რომ არსებითი მნიშვნელობა ენიჭებოდა იმ გარემოებას, ფაქტობრივად იმყოფებოდა და ცხოვრობდა დევნილი ოჯახი მოცემულ საცხოვრებელ ფართში, თუ გააჩნდა მათ ალტერნატიული საცხოვრისი შეუზღუდავ სარგებლობაში, რადგან სწორედ ამგვარ პირობებში ცხოვრება განაპირობებდა დევნილი ოჯახებისათვის პრიორიტეტის მინიჭებას და არა მხოლოდ რეგისტრაციის არსებობა მოცემულ ობიექტში. სწორედ იმიტომ იქნენ ეს პირები დაყენებულნი სხვა დევნილ ოჯახებზე წინ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებელ პირთა რიგებში, რომ ისინი ფაქტობრივად ცხოვრობდნენ მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტში და საჭიროებდნენ დაუყოვნებლივ განსახლებას. ის დევნილი კი, რომლებსაც მოსარჩელეთა ოჯახის მსგავსად ჰქონდათ ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართზე ხელმისაწვდომობა, კმაყოფილდებიან სახელმწიფოს მიერ რიგითობით, მინიჭებული ქულების შესაბამისად. ამდენად, კასატორი არ ეთანხმება სასამართლოების განმარტებას იმის თაობაზე, რომ მოკვლევის პერიოდში მოსარჩელის ოჯახის შპს „...ში“ ცხოვრების დაუდასტურებლობა და ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობა, არ უნდა გახდეს მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ამ ეტაპზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 აგვისტოს განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, რადგან დადგენილია, რომ ქ. გორში ... ქუჩა N63-ში არსებული შპს „...ი“, რომელიც წარმოადგენს ნ. მ-ის ოჯახის, როგორც დევნილის სტატუსის მქონე პირების დროებითი რეგისტრაციის ადგილს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ შეფასებულია ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ნგრევად ობიექტად.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქმის გადაწყვეტისათვის დადგენილ მნიშვნელოვან გარემოებებზე, რომ ნ. მ-ს უძრავი ქონება საკუთრებაში არ გააჩნია, იგი მუშაობდა და მუშაობს სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მისი შვილი გ. ყ-ი სწავლობდა ქ. გორის ბაგა-ბაღში, ხოლო ახლა სწავლობს ქალაქ გორის საჯარო სკოლაში. ამასთან, მოწმეები მიუთითებენ, რომ ნ. მ-ი, დედასთან - მ.ფ-თან და შვილთან - გ. ყ-თან ერთად ნამდვილად ცხოვრობს შპს „...ში“; გათხოვებამდე და გათხოვების შემდეგაც ცხოვრობდა და ცხოვრობს შპს „...ში“; სხვაგან არასოდეს უცხოვრია. შესაბამისად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნა, რომ საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასება არ ქმნის გონივრულ და დასაბუთებულ ეჭვს მოსარჩელის სხვა მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების შესახებ.
შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების (სუს. გ. საქმე №ბს-1522(კ-18) 12.03.2019წ.; საქმე №ბს-9(კ-19), 11.04.2019წ.) არსებობის პირობებში კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. აღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საკასაციო პალატის მიერ დამატებითი სამართლებრივი შეფასების საჭიროება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 მარტი განჩინება;
3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე