Facebook Twitter

საქმე №ბს-1100(კ-19) 29 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი - ჯ. ი-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია;

მესამე პირი - ს. ჭ-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჯ. ი-ამ 2018 წლის 25 აპრილს სარჩელი აღძრა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მაგისტრატ სასამართლოში მოპასუხე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 29 მარტის №1 საოქმო გადაწყვეტილების, მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფის ნაწილში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 11 აპრილის №2 საოქმო გადაწყვეტილების; მოსარჩელის სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 11 აპრილის №2-1/207 ბრძანების ბათილად ცნობა; ჯ. ი-ას აღდგენა ... ადმინისტრაციულ ერთეულში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის ... თანამდებობაზე; მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ თანამდებობრივი სარგოს - შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ოდენობით განაცდურის ანაზღაურების დაკისრება სამსახურიდან გათავისუფლების თარიღიდან - 2013 წლის 6 აგვისტოდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მაგისტრატ სასამართლოში სამართალწარმოების ეტაპზე საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ჩაბმულ იქნა ს. ჭ-ა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ჯ. ი-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 29 მარტის №1 საოქმო გადაწყვეტილება სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 11 აპრილის №2-1/207 ბრძანება მოსარჩელისათვის სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის შესახებ; მოსარჩელე ჯ. ი-ა აღდგენილ იქნა ... ადმინისტრაციულ ერთეულში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის ... თანამდებობაზე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება თანამდებობრივი სარგოს - შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ოდენობით სამსახურიდან გათავისუფლების თარიღიდან - 2013 წლის 6 აგვისტოდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე; დარჩენილ ნაწილში ჯ. ი-ას სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება ჯ. ი-ას სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ჯ. ი-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ჯ. ი-ას სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება (თანამდებობრივი სარგოს საშემოსავლო დაქვითვის გათვალისწინებით) სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან - 2013 წლის 6 აგვისტოდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით; ჯ. ი-ას სარჩელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 29 მარტის N1 საოქმო გადაწყვეტილების, 2018 წლის 11 აპრილის N2-1/207 ბრძანების ბათილად ცნობისა და ... ადმინისტრაციულ ერთეულში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის ... თანამდებობაზე აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ი-ამ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტის საფუძველზე საჯარო დაწესებულებისათვის იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის დავალება მოითხოვა. კასატორმა ასევე მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების თარიღიდან - 2013 წლის 6 აგვისტოდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ანაზღაურება.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლი, რომლის თანახმად უნდა მომხდარიყო სამსახურში მისი აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სრულად. ასევე, სასამართლომ პროცესზე განაცხადა, რომ სარჩელი მთლიანად იქნებოდა დაკმაყოფილებული სამსახურში აღდგენითა და განაცდურის მთლიანად ანაზღაურებით, რაც შემდეგში გადაწყვეტილებაში არ იქნა ასახული, რის დასადასტურებლადაც კასატორი მიუთითებს სასამართლო სხდომის ჩანაწერზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ჯ. ი-ას საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. ი-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტებით ჯ. ი-ას შრომითი უფლებების აღდგენაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ვერ აღასრულებდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის განჩინებასა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებას სამართლებრივი რეჟიმის შეცვლის გამო, კერძოდ, მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი არ იცნობდა ატესტაციის ცნებას და ამიტომ დაინტერესებული პირის - ჯ. ი-ას მიმართ ვერ ჩატარდებოდა ატესტაციის მიზნებისათვის გასაუბრება“.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგინდა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები: ჯ. ი-ას მიერ გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე 2015 წელს საკონკურსო კომისიის დასკვნის საფუძველზე დაინიშნა ს. ჭ-ა. ამასთან, მოსარჩელეს კონკურსში მონაწილეობა არ მიუღია და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ან სამართალწარმოების რომელიმე ეტაპზე დავის განხილვისას პრევენციული დაცვის ღონისძიების გამოყენების უფლებით არ უსარგებლია. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2017 წლის 30 ივნისს მიღებულ იქნა №17 დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“, რომელიც გავრცელდა 2017 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. ამ დადგენილების მიხედვით, „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილების შესაბამისად ჯ. ი-ას გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობა გარდაიქმნა სამოქალაქო საშტატო ერთეულად და ამ ადგილზე მომუშავე მესამე პირს - ს. ჭ-ას გაუფორმდა შრომითი ხელშეკრულება 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელე ჯ. ი-აც მითითებულ თანამდებობაზე საქმიანობის პირობებში მოექცეოდა იმ რეგულაციაში, რაც ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტებით დადგინდა.

ასევე დადგენილია, რომ „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობის რანგირების, მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №3 დადგენილებით ჯ. ი-ას გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობა 2018 წლის 1 იანვრიდან კვლავ გარდაიქმნა საჯარო საშტატო ერთეულად. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის ... ვაკანტურ თანამდებობებზე (მათ შორის ... ადმინისტრაციულ ერთეულში) ჩატარდა კონკურსი და დაინიშნა მესამე პირი ს. ჭ-ა. მოსარჩელეს კონკურსში მონაწილეობა არ მიუღია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სამართლებრივად და ფაქტობრივად შეუძლებელია ჯ. ი-ას მიმართ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რეგულაციის გავრცელება, რადგანაც მას ... ადმინისტრაციულ ერთეულში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურში მონაწილეობა არ მიუღია, ამასთან, კონკურსის შედეგად ამ თანამდებობაზე განწესდა მესამე პირი, შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 29 მარტის N1 საოქმო გადაწყვეტილება და 2018 წლის 11 აპრილის N2-1/207 ბრძანება აღნიშნულ თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენის შესახებ კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები.

საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას იძულებითი განაცდურის მოთხოვნის თაობაზე სარჩელის საფუძვლიანობის ნაწილში, რადგან საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლების ფაქტი, ასევე ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შეცვლის გამო მის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა შეუძლებელია, შესაბამისად, მოსარჩელეს მართებულად მიეცა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი თანხა და აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან - 2013 წლის 6 აგვისტოდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ანუ იმ პერიოდამდე, როდესაც გათავისუფლებამდე არსებულ პოზიციაზე მუშაობის პირობებში დასრულდებოდა სამოქალაქო შრომითი ხელშეკრულება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილს გამართული სასამართლო სხდომის ოქმის ჩანაწერით არ დასტურდება საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოება, რომ „მოსამართლემ პროცესზე განაცხადა, რომ სარჩელი მთლიანად იქნებოდა დაკმაყოფილებული სამსახურში აღდგენითა და განაცდურის მთლიანი ანაზღაურებით, რაც შემდეგში გადაწყვეტილებაში არ იქნა ასახული“. სასამართლოს სხდომის ოქმის ჩანაწერით დგინდება, რომ მოსარჩელეს როგორც ადმინისტრაციული წარმოების, ისე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მხრიდან მიეცა შეთავაზება დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე დასაქმების თაობაზე, რაზედაც უარი განაცხადა.

შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ. ი-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება;

3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე