Facebook Twitter

ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

№ზ-219-6(ა-19) 20 ივნისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 მაისის №ბს-495-490(2კ-კს-11) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე ე. წ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი.

2010 წლის 22 თებერვალს ე. წ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს მიმართ.

მოსარჩელემ ი. წ-ზე №005 მიწის ნაკვეთის გასხვისების ნაწილში აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა და შპს „...ისათვის“ სოფელი ... წყალმომარაგების წყლის ობიექტზე წყალშემკრები ავზისათვის აუცილებელი სანიტარული დაცვის ზონის – სამი სარტყელის მოწყობის დავალდებულება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 17 მარტის საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაება ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა. ამავე საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ი. წ-ი და შპს „...ი“.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 აპრილის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „ს...ი“.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 10 მაისის საოქმო განჩინებით მესამე პირად მითითებული შპს „...ი“ საქმეში ჩაება მოპასუხედ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით ე. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო მთავარი სამმართველოს მიერ ჭიათურის რაიონის სოფელ ... ტერიტორიაზე მდებარე 1.10 ჰექტარი №005 სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის (სარეგისტრაციო ზონა – ჭიათურის რაიონი, კოდი – ..., სექტორი – ..., კვარტალი - №05, ნაკვეთი - №..., ფართობი – 11000 კვ.მ დაუზუსტებელი) ი. წ-ზე გასხვისების ნაწილში 2008 წლის 25 ივლისის სააუქციონო კომისიის №3 ოქმი და მიწისა და უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი 2008 წლის 17 სექტემბრის №1864 ოქმი; დანარჩენ ნაწილში ე. წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2010 წლის 27 აგვისტოს ე. წ-მა განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, რომელმაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 31 აგვისტოს განჩინებით ე. წ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 31 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. წ-მა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. წ-მა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 სექტემბრის განჩინებით ე. წ-ის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. წ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ნოემბრის განჩინებით ე. წ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 სექტემბრის განჩინება.

2010 წლის 29 დეკემბერს ე. წ-მა შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და №005 მიწის ნაკვეთის განმეორებით პრივატიზების აკრძალვა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 დეკემბრის საოქმო განჩინებით ე. წ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის მოტივით დარჩა განუხილველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 დეკემბრის საოქმო განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ე. წ-მა. კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმება და შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ე. წ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2010 წლის 31 აგვისტოს განჩინება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა ე. წ-მა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის განჩინებით ე. წ-ის საკასაციო საჩივარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, კერძოდ, მოპასუხისათვის სოფელი ... წყალმომარაგების წყლის ობიექტზე წყალშემკრები ავზისათვის აუცილებელი სანიტარული დაცვის ზონის – სამი სარტყელის მოწყობის დავალდებულების ნაწილში დარჩა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 მაისის განჩინებით ე. წ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 დეკემბრის საოქმო განჩინება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 მაისის განჩინებით ე. წ-ის საკასაციო საჩივარი №005 მიწის ნაკვეთის განმეორებით პრივატიზების აკრძალვის ნაწილში დარჩა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ივნისის განჩინებით ე. წ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტისა და 11 მაისის №ბს-495-490(2კ-კს-11) განჩინებებში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 სექტემბრის განჩინებით განუხილველი დარჩა ე. წ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ივნისის №ბს-495-490(2კ-კს-11) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.

2019 წლის 10 ივნისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ე. წ-მა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 მაისის №ბს-495-490(2კ-კს-11) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე. განმცხადებლის მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ შეეძლო მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

საკასაციო სასამართლო ე. წ-ის განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე თავი აწესრიგებს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესსა და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421.1 მუხლის შესაბამისად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს; თ) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება. შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია არა მხარის მიერ მითითებული ნებისმიერი საფუძვლით, არამედ მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას. აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს. მან უნდა დაადასტუროს, რომ მის მიერ მითითებული გარემოებები თუ მტკიცებულებები არსებობდნენ გადაწყვეტილების გამოტანამდე და არ წარმოშობილან შემდგომში. ასევე დადასტურებას საჭიროებს ის გარემოებაც, რომ ახალი ფაქტების თუ მტკიცებულებების შესახებ მხარისთვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და მას დავის განხილვის მიმდინარეობისას არ ჰქონდა აღნიშნულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითების შესაძლებლობა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ე. წ-ის განცხადებაში არ არის მითითებული, თუ რომელი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით გათვალისწინებული რომელი საფუძვლებით ითხოვს განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას. განცხადებაში არ არის მითითებული რაიმე ისეთი ახალი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს რომ ყოფილიყო წარდგენილი, მოსარჩელისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას გამოიწვევდა.

ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლი განსაზღვრავს განცხადების შეტანის ვადას, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა. ამასთან, ამავე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ე. წ-მა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 მაისის №ბს-495-490(2კ-კს-11) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისს მომართა, შესაბამისად, მან გაუშვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის 5-წლიანი ვადა, ე. წ-ს კანონით დადგენილ ვადაში არ დაუყენებია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა, რაც ასევე დაუშვებლობის მოტივით მისი განცხადების განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს წარმოდგენილ განცხადებაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 მაისის №ბს-495-490(2კ-კს-11) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე ე. წ-ის განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს, დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე, 426-ე და 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. წ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 მაისის №ბს-495-490(2კ-კს-11) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველი, დაუშვებლობის გამო;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი