ბს-513(კ-19) 17 ოქტომბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.12.2018წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. შ-მა 10.07.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 07.06.2017წ. N MOD 4 17 00532174 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელის ნამსახურების ვადად სულ მცირე 20 კალენდარული წლის დადგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.04.2018წ. გადაწყვეტილებით ზ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 07.06.2017წ. N MOD 4 17 00532174 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოპასუხეს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლის მიხედვით მოსარჩელეს ნამსახურობის ვადად ჩაეთვლება არანაკლებ 20 კალენდარული წელი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.12.2018წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის მიხედვით, კომპენსაცია ენიშნებათ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურება 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. ამავე კანონის 59.2 მუხლის თანახმად, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზევადიანი და ხელშეკრულებით (კონტრაქტით) სამსახურგავლილი პირებს ნამსახურობა ჩაეთვლებათ საერთო წელთა ნამსახურობაში, თუ ისინი გადაყვანილ იქნენ ზემოთ აღნიშნული ერთი უწყებიდან მეორეში. ზ. შ-ი შსს-დან გათავისუფლებული იქნა ავადმყოფობის გამო, მისი გადაყვანა შსს-დან საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არ მომხდარა, ამიტომ დაუშვებელია შსს-ში გავლილი სამხედრო სამსახურის პერიოდის ნამსახურობის საერთო ვადაში ჩათვლა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის 16.1 მუხლის მიხედვით პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: პროკურატურის ორგანოებში სამსახური, სამხედრო სამსახური, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური და სხვ.. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 14.06.2017წ. ცნობის მიხედვით დგინდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ზ. შ-ის სამხედრო წელთა ნამსახურობის საერთო ვადამ შეადგინა 12 წელი, 02 თვე და 22 დღე. თავის მხრივ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, მათ შორის სადავო აქტში, ადასტურებს, რომ ზ. შ-ი თავდაცვის სამინისტროში მსახურობდა 8 წელი, 07 თვე და 21 დღე, გარდა ამისა 1987 წლის 21 ნოემბრიდან 1989 წლის 19 დეკემბრამდე ზ. შ-ს გავლილი აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახური.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სადავოდ არ ხდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ზ. შ-ის მსახურობას და იმ ფაქტს, რომ სამხედრო წელთა ნამსახურობამ და არა შრომითმა სტაჟმა შსს-ში შეადგინა 12 წელი, 02 თვე და 22 დღე, თუმცა ამის მიუხედავად კასატორი „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის 59.2 მუხლზე მითითებით მიიჩნევს, რომ შსს-ში სამხედრო წელთა ნამსახურობის პერიოდი საერთო ნამსახურების ვადაში არ უნდა ჩაითვალოს. საკასაციო პალატა კასატორის ამ მოსაზრებას არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ ზ. შ-ი არ არის კანონის 59.2 მუხლის სუბიექტი. მითითებული ნორმა ეხება მხოლოდ ზევადიან და ხელშეკრულებით (კონტრაქტით) სამსახურგავლილ პირებს. სამინისტრომ ვერ დაადასტურა, რომ ზ. შ-ი წარმოადგენს რომელიმე მათგანს. ამდენად, კანონის 59.2 მუხლი არ ქმნის ზ. შ-ის ნამსახურობის ვადაში შსს-ში გავლილი სამხედრო სამსახურის პერიოდის ჩათვლის დამაბრკოლებელ გარემოებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.12.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი