Facebook Twitter

ბს-532(2კ-19) 17 ოქტომბერი, 2019წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.03.2019წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. ზ-მა 08.06.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ მოპასუხედ დამატებით დასახელდა საქართველოს ფინანსთა სმაინისტრო. ვ. ზ-მა მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 12.04.2018წ. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 22.05.2018წ. N12122 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 13.07.2018წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.11.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 12.04.2018წ. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 22.05.2018წ. N12122 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 13.07.2018წ. გადაწყვეტილება ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.03.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცველად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ.

კასატორებმა აღნიშნეს, რომ უდავოა ვ. ზ-ის მიერ სამართალდარღვევის ჩადენა, მას საქართველოს საბაჟო საზღვარზე განზრახ, მალულად გადმოჰქონდა 3000 ლარამდე ღირებულების უაქციზო საქონელი. მის მიერ ჩადენილი გადაცდომა მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების, აქციზური საქონლის მიმოქცევის სფეროში დამყარებული სამართლებრივი სტაბილურობის წინააღმდეგ, ანალოგიური სამართალდარღვევების მასშტაბმა მიაღწია ქვეყნისათვის არასასურველ ზღვარს, მიიღო საშიში ტენდენციის სახე და მისი პრევენციის მიზნით აუცილებელია კანონით დადგენილი უმკაცრესი სახდელის გამოყენება. ადმინისტრაციულმა ორგანომ კონკრეტული სახდელი შეარჩია თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. პასუხისმგებლობის შეფარდებული ზომა ჩადენილი დარღვევის თანაბარზომიერია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსის სადავო აქტების გამოცემისას მოქმედი რედაქცია საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3000 ლარამდე ღირებულების საქონლის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადმოტანის შემთხვევაში ითვალისწინებდა ვალდებული პირის დაჯარიმებას ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას (289.1 მუხ.). მართალია აღნიშნული ნორმა ძალადაკარგულია, თუმცა ამჟამად მოქმედი საბაჟო კოდექსის 168.3 მუხლი იმავე გადაცდომისათვის ანალოგიურ სახდელს ითვალისწინებს.

გასაზიარებელია კასატორის მოსაზრება, რომ ნორმაში დასახელებული სახდელების გამოყენებისას ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და მათი გამოყენება შეუძლია როგორც ალტერნატიულად, ასევე კუმულატიურად, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების საჭიროებას. სსიპ შემოსავლების სამსახურს სახდელის დაკისრებისას მხედველობაში უნდა მიეღო მისი პროპორციულობა და თანაზომიერება, სამართალდარღვევის სიმძიმე, სამართალდამრღვევის პიროვნება, რაც საბოლოო ჯამში სანქციის ადეკვატურობას განაპირობებს. ნორმაში ალტერნატიული სახდელის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობაზე იმ შემთხვევაში, უკეთუ ნაკლებად მკაცრი სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას (სუსგ 28.03.2012წ. Nბს-1332-1317(კ-11), 11.04.2012წ. Nბს-1655-1627(კ-11)). განსახილველ შემთხვევაში ვ. ზ-ის დაჯარიმებისა და საქონლის ჩამორთმევის პირობებში, ადმინისტრციულ ორგანოს არ დაუსაბუთებია სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის აუცილებლობა, მით უფრო, რომ არ დასტურდება ავტომანქანაში სპეციალური სამალავის ანუ მანქანის კონსტრუქციით გაუთვალისწინებელი არაქარხნული, კუსტარულად დამზადებული დახურული სივრცის მოწყობა. ვ. ზ-ის მიერ საქონელი დამალული იყო ავტომანქანის ძრავის განყოფილებაში, ე.წ. „ტორპედოში“, წინა სავარძლების ქვეშ და ავტომობილშ არსებულ ჩანთებში. ამდენად, არ დასტურდება საბაჟო კონტროლისაგან მალულად საქონლის გადაზიდვისათვის ავტომანქანაში სამალავის მოწყობა, ავტოსანტრანსპორტო საშუალების სამართალდარღვევის ჩადენის იარაღად გამოყენება. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ ვ. ზ-ი აღიარებს ჩადენილ სამართალდარღვევას და სადავოდ არ ხდის საქონლის ჩამორთმევას და ჯარიმის შეფარდებას, სამართალდარღვევა ჩადენილია პირველად. აღნიშნულიდან გამომდინარე, არადეკლარირებული ქონების ოდენობისა და ღირებულების გათვალისწინებით, სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას ეძლევა მხოლოდ სადამსჯელო, რეპრესიული ხასიათი, რაც არ შეესაბამება ადმინისტრაციული სახდელის მიზნებს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა სასამართლოს, როგორც ნორმის შემფარდებელ ორგანოს, ანიჭებს უფლებამოსილებას თავად აირჩიოს სამართლებრივი შედეგი ჩადენილი სამართალდარღვევისთვის. სასამართლო ხელისუფლება ამოწმებს აღმასრულებელი ხელისუფლების, ადმინისტრაციული ორგანოების ნორმაშეფარდებითი საქმიანობის კანონიერებას და იგი არ არის შეზღუდული ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციით (სუსგ 11.04.2012წ. Nბს-1655-1627(კ-11)). საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება გამოყენებული სანქციის არაპროპორციულობასთან დაკავშირებით. ისეთი სანქციის გამოყენება, რომელიც საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას ითვალისწინებს, აუცილებლად უნდა პასუხობდეს თანაზომიერების პრინციპს, რაც განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.03.2019წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ.ვაჩაძე

ვ. როინიშვილი