Facebook Twitter

ბს-605(კ-19) 17 ოქტომბერი, 2019წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.01.2019წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ტ.ჰ-მა 26.04.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 25.01.2018წ. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 04.04.2018წ. N7771 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.10.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 25.01.2018წ. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 04.04.2018წ. N7771 ბრძანება ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.01.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცველად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ უდავოა ტ. ჰ-ის მიერ სამართალდარღვევის ჩადენა, მას საქართველოს საბაჟო საზღვარზე განზრახ, მალულად გადმოჰქონდა 3000 ლარამდე ღირებულების უაქციზო საქონელი. მის მიერ ჩადენილი გადაცდომა მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების, აქციზური საქონლის მიმოქცევის სფეროში დამყარებული სამართლებრივი სტაბილურობის წინააღმდეგ, ანალოგიური სამართალდარღვევების მასშტაბმა მიაღწია ქვეყნისათვის არასასურველ ზღვარს, მიიღო საშიში ტენდენციის სახე და მისი პრევენციის მიზნით აუცილებელია კანონით დადგენილი უმკაცრესი სახდელის გამოყენება. ადმინისტრაციულმა ორგანომ კონკრეტული სახდელი შეარჩია თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. პასუხისმგებლობის შეფარდებული ზომა ჩადენილი დარღვევის თანაბარზომიერია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსის სადავო აქტების გამოცემისას მოქმედი რედაქცია საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3000 ლარამდე ღირებულების საქონლის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადმოტანის შემთხვევაში ითვალისწინებდა ვალდებული პირის დაჯარიმებას ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას (289.1 მუხ.). მართალია აღნიშნული ნორმა ძალადაკარგულია, თუმცა ამჟამად მოქმედი საბაჟო კოდექსის 168.3 მუხლი იმავე გადაცდომისათვის ანალოგიურ სახდელს ითვალისწინებს.

გასაზიარებელია კასატორის მოსაზრება, რომ ნორმაში დასახელებული სახდელების გამოყენებისას ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და მათი გამოყენება შეუძლია როგორც ალტერნატიულად, ასევე კუმულატიურად, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების საჭიროებას. სსიპ შემოსავლების სამსახურს სახდელის დაკისრებისას მხედველობაში უნდა მიეღო მისი პროპორციულობა და თანაზომიერება, სამართალდარღვევის სიმძიმე, სამართალდამრღვევის პიროვნება, რაც საბოლოო ჯამში სანქციის ადეკვატურობას განაპირობებს. ნორმაში ალტერნატიული სახდელის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობაზე იმ შემთხვევაში, უკეთუ ნაკლებად მკაცრი სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას (სუსგ 28.03.2012წ. Nბს-1332-1317(კ-11), 11.04.2012წ. Nბს-1655-1627(კ-11)). განსახილველ შემთხვევაში ტ. ჰ-ის დაჯარიმებისა და საქონლის ჩამორთმევის პირობებში, ადმინისტრციულ ორგანოს არ დაუსაბუთებია სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის აუცილებლობა, მით უფრო, რომ არ დასტურდება ავტომანქანაში სპეციალური სამალავის ანუ მანქანის კონსტრუქციით გაუთვალისწინებელი არაქარხნული, კუსტარულად დამზადებული დახურული სივრცის მოწყობა. ტ. ჰ-ის მიერ საქონელი დამალული იყო ავტომანქანის სავარძლის საზურგეებსა და საბარგულში, უკანა მარჯვენა ფრთაში შალითის შიგნით. ამდენად, არ დასტურდება საბაჟო კონტროლისაგან მალულად საქონლის გადაზიდვისათვის ავტომანქანაში სამალავის მოწყობა, ავტოსანტრანსპორტო საშუალების სამართალდარღვევის ჩადენის იარაღად გამოყენება. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ ტ. ჰ-ი აღიარებს ჩადენილ სამართალდარღვევას და სადავოდ არ ხდის საქონლის ჩამორთმევას და ჯარიმის შეფარდებას, სამართალდარღვევა ჩადენილია პირველად. აღნიშნულიდან გამომდინარე, არადეკლარირებული ქონების ოდენობისა და ღირებულების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას ეძლევა მხოლოდ სადამსჯელო, რეპრესიული ხასიათი, რაც არ შეესაბამება ადმინისტრაციული სახდელის მიზნებს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა სასამართლოს, როგორც ნორმის შემფარდებელ ორგანოს, ანიჭებს უფლებამოსილებას თავად აირჩიოს სამართლებრივი შედეგი ჩადენილი სამართალდარღვევისთვის. სასამართლო ხელისუფლება ამოწმებს აღმასრულებელი ხელისუფლების, ადმინისტრაციული ორგანოების ნორმაშეფარდებითი საქმიანობის კანონიერებას და იგი არ არის შეზღუდული ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციით (სუსგ 11.04.2012წ. Nბს-1655-1627(კ-11)). საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება გამოყენებული სანქციის არაპროპორციულობასთან დაკავშირებით. ისეთი სანქციის გამოყენება, რომელიც საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას ითვალისწინებს, აუცილებლად უნდა პასუხობდეს თანაზომიერების პრინციპს, რაც განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.01.2019წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ.ვაჩაძე

ვ. როინიშვილი