ბს-714 (კ-19) 17 ოტომბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2019წ. განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ა-ამ 27.07.2018წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 13.07.2018წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის 2018 წლის 1 აგვისტოდან სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.10.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 13.07.2018წ. გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ.ა-ასთვის სახელმწიფო გასაცემელის - პენსიის 2018 წლის 1 აგვისტოდან დანიშვნის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2019წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
კასატორი უთითებს საქართველოს კონსტიტუციის 39-ე, 44-ე მუხლებზე, საკონსტიტუციო სასამართლოს 12.09.2014წ. №2/3/540 გადაწყვეტილებაზე, ევროპის სოციალური ქარტიის მიზნებზე და აღნიშნავს, რომ სახეზე არ არის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ გაკეთებული სამართლებრივი შეფასება, რომელსაც სავალდებულო ძალა აქვს ყველა ინსტანციის სასამართლოსთვის. კასატორი აღნიშნავს, რომ პენსიის შეწყვეტის საფუძველია საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდი.
საჯარო სამართალში მოქმედებს პრინციპი, ყველაფერი აკრძალულია, რაც კანონით ნებადართული არ არის, შესაბამისად თუ ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს მინიჭებული გარკვეული უფლებამოსილება, მისი მხრიდან საქმიანობის განხორციელება ჩაითვლება უფლებამოსილების გადამეტებად. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესაებ“ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. სსიპ-ს შეუძლია განახორციელოს მხოლოდ შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან/და თავისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებული საქმიანობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ საქმე მოიცავს მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას, რის გამო საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივრში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საპენსიო ასაკს მიღწეულმა ნ. ა-ამ (დაბადებული …წ.) 10.07.2018წ. განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრს სახელმწიფო პენსიის დანიშვნის მოთხოვნით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 13.07.2018წ. #51694/18-1 გადაწყვეტლებით ნ. ა-ას უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ მუშაობის მოტივით, ვინაიდან აღნიშნულ დაწესებულებაში მუშაობა მიჩნეული იქნა საჯარო საქმიანობად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამავე საკითხზე მიღებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.2015წ. #ბს-77-75(კ-15) გადაწყვეტილება, რომლითაც სამართლებრივად შეფასდა სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ საქმიანობა და მიჩნეული იქნა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებით, თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით და სახელწოდებით დასტურდებოდა საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი, რის გამოც საკასაციო პალატის განჩინებით კანონსაწინააღმდეგოდ იქნა მიჩნეული „დელტაში“ დასაქმებული პირისთვის საჯარო სამსახურში საქმიანობაზე მითითებით პენსიის გაცემაზე უარის თქმა. საკასაციო პალატა იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.2015წ. #ბს-77-75(კ-15) გადაწყვეტილებაში ასახულ სამართლებრივ შეფასებებს და ამავე გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით თვლის, რომ მართებულია სადავო აქტის ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის პენსიის დანიშვნის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შეესაბამება საკასაციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას (იხ. სუსგ 07.03.2018წ. ბს-944-940(კ-17), 13.12.2018წ. ბს-493-493 (კ-18) და სხვ.). ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასტორის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო პრეტენზიებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2019წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი