Facebook Twitter

ბს-329-329(2კ-18) 11 ნოემბერი, 2019წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.12.2017წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...მა“ 27.01.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვა 243-ე და 244-ე პოზიციებთან მიმართებით საქართველო ფინანსთა მინისტრის 30.04.2015წ. N... ბრძანების ბათილად ცნობა, სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის მოსარჩელის მიერ 14.12.2015წ. და 28.12.2015წ. შემოტანილ სიგარეტებზე - „... ორიგინალ ფილტერსზე“ და "... ორიგინალ ბლუზე“ დარიცხული აქციზის ადვალური გადასახადის სახით გადახდილი თანხების კორექტირებისა და ზედმეტად გადახდილი აქციზის გადასახადის - 8 878 ლარის მოსარჩელისათვის დაბრუნების დავალება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის „2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდისათვის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნებისათვის ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე საცალო სარეალიზაციო ფასების დადგენის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.11.2015წ. N... ბრძანებაში იმგვარი ცვლილების შეტანის დავალება, რომლითაც სიგარეტების - „... კომპაქტ ფილტერსისა“ და „... კომპაქტ ბლუს“ საცალო სარეალიზაციო ფასი განისაზღვრება 1.80 ლარით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.02.2017წ. გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.04.2015წ. N... ბრძანება „... ორიგინალ ბლუს“ და „... ორიგინალ ფილტერსის“ დასახელების სიგარეტებზე საცალო სარეალიზაციო ფასის 2.67 ლარის ოდენობით განსაზღვრის ნაწილში; სსიპ შემოსავლების სამსახურს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა შპს „...ის" მიერ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.04.2015წ. N... ბრძანების საფუძველზე „... ორიგინალ ბლუს“ და „... ორიგინალ ფილტერსის“ დასახელების სიგარეტებზე ზედმეტად გადახდილი აქციზის გადასახადის დაბრუნება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათიილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.11.2015წ. N... ბრძანება სიგარეტების „... კომპაქტ ფილტერსისა“ და „... კომპაქტ ბლუს“ დასახელებით, საცალო სარეალიზაციო ფასისი 2 ლარის ოდენობით განსაზღვრის ნაწილში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში ახალი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.12.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩვირდა სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ.

კასატორმა - საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მ,უხლის 11 ნაწილზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010წ. N996 ბრძანების 771 მუხლზე და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას ადგილი არ ჰქონია. გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები შემოსავლების სამსახურის ვებ. გვერდზე გამოქვეყნდა 04.12.2015წ., სარჩელი წარდგენილია 27.01.2016წ., ამდენად, დარღვეული აქტების გასაჩივრების კანონმდებლობით დაგდენილი 30 დღიანი ვადა. კასატორმა აღნიშნა, რომ ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას წესი და საფუძვლები გაწერილია საგადასახადო კოდექსის 63-ე და 189-ე მუხლებსა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010წ. N996 ბრძანების მე-18 მუხლში. კონკრეტულ შემთხვევაში, თანხის უკან დაბრუნების არცერთი პირობა არ არის სახეზე.

კასატორმა - სსიპ შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 60.4 მუხლს, რომლის შესაბამისად აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან. კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ გააუქმა საცალო სარეალიზაციო ფასი, იმ პირობებში, როდესაც ამავე გადაწყვეტილებით არ დაწესდა ახალი ფასი. ამდენად, სასამართლომ გააუქმა აქციზის გადასახადი და შპს „...ს“ მიანიჭა ინდივიდუალური შეღავათი. ამასთანავე, მხარეს მოცემული სახით არ დაუყენებია სასარჩელო მოთხოვნა, შესაბამისად, სასამართლო გასცდა დავის საგნის ფარგლებს.

კასატორმა აღნიშნა, რომ გაშვებულია სარჩელის წარდგენის ვადა. ამასთანავე, მოსარჩელის მიერ დარღვეულ იქნა პრეიუდიციული გასაჩივრების წესი. ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნებასთან დაკავშირებით, სსიპ შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ სასამართლო გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რადგან ზედმეტად გადახდილი თანხა არ არსებობს. საგადასახადო ვალდებულების კორექტირება საჭიროებს სამართლებრივ საფუძველს. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს „...ს“ მიენიჭა ინდივიდუალური შეღავათი, თუმცა გადაწყვეტილება არ არის კანონიერ ძალაში შესული, ამდენად არ არსებობს აქციზის გადასახადის გადათვლის საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელის პირად ბარათზე იარსებებს ზედმეტად გადახდილი თანხები, იგი ვალდებულია თავდაპირველად მიმართო შემოსავლების სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროს და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.11.2015წ. N... ბრძანების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობასთან დაკავშირებით კასატორმა აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილ იქნა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს მეთოდოლოგიური მითითების შესაბამისად გადაანგარიშებული საცალო სარეალიზაციო ფასის ადეკვატურობას და შესაბამისობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, რომ „2015 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.04.2015წ. N... ბრძანების დანართით განსაზღვრული იყო სადავო დასახელების სიგარეტების შემდეგი სარეალიზაციო ფასები: "... ორიგინალ ფილტერსი" - 2,30 ლარი; "... ორიგინალ ბლუ" - 2,30 ლარი; "... კომპაქტი ფილტერსი" -2.00 ლარი; "... კომპაქტი ბლუ" - 2.00 ლარი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ 30.11.2015წ. მიღებულ იქნა N... ბრძანება, რომლითაც დადგინდა 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე საცალო სარეალიზაციო ფასი შემდეგი ოდენობით: "... ორიგინალ ფილტერსი" - 2,67 ლარი; "... ორიგინალ ბლუ" - 2,67 ლარი; "... კომპაქტი ფილტერსი" - 2.00 ლარი; "... კომპაქტი ბლუ" - 2.00 ლარი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 07.12.2015წ. N405 ბრძანებით ცვლილება იქნა შეტანილი „2015 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.04.2015წ. N... ბრძანებაში და "... ორიგინალ ფილტერსისა" და "... ორიგინალ ბლუს" საცალო სარეალიზაციო ფასად განისაზღვრა 2.67 ლარი. საგადასახადო ორგანომ დაადასტურა, რომ „... ორიგინალ ფილტერსისა“ და „... ორიგინალ ბლუს“ საცალო სარეალიზაციო ფასის ცვლილება გამოწვეული იყო გარკვეული უზუსტობით, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 28.12.2015წ. N433 ბრძანებით ,,2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნებისათვის ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.11.2015წ. N... ბრძანებაში შეტანილ იქნა ცვლილება და „... ორიგინალ ფილტერსისა“ და „... ორიგინალ ბლუს“ საცალო სარეალიზაციო ფასი კვლავ დაუბრუნდა ძველ ნიშნულს და გახდა 2.30 ლარი. ამდენად, დავას არ იწვევს ის, რომ მითითებული ორი დასახელების სიგარეტის საცალო სარეალიზაციო ფასად 2.67 ლარის განსაზღვრა არ ეფუძნებოდა კონკრეტულ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, სადავო „2015 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.04.2015წ. N... ბრძანებაში ცვლილება არ შეტანილა და "... ორიგინალ ფილტერსისა" და "... ორიგინალ ბლუს" ფასად კვლავ 2.67 ლარია მითითებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება, რომ „... ორიგინალ ფილტერსისა“ და „... ორიგინალ ბლუს“ საცალო სარეალიზაციო ფასად 2.67 ლარის განსაზღვრის ნაწილში საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.04.2015წ. N... ბრძანება კანონსაწინააღმდეგო აქტია და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.04.2015წ. N... ბრძანების სადავო რედაქციის („... ორიგინალ ფილტერსისა“ და „... ორიგინალ ბლუს“ საცალო სარეალიზაციო ფასი - 2.67 ლარი) მოქმედების პერიოდში შპს „...მა“ მოახდინა 960 ყუთი „... ორიგინალ ფილტერსისა“ და „... ორიგინალ ბლუს“ იმპორტი. შესაბამისად, აქციზის გადასახადის გამოანგარიშება მოხდა კანონსაწინააღმდეგო აქტის შესაბამისად, რომლის ბათილად ცნობის პირობებში, ზედმეტად გადახდილი თანხა უნდა დაექვემდებაროს დაბრუნებას.

რაც შეეხება „... კომპაქტი ფილტერსისა“ და „... კომპაქტი ბლუს“ საცალო სარეალიზაციო ფასს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს „...ის“ მიმართვის საფუძველზე, როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.04.2015წ. N... ბრძანებით, ისე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.11.2015წ. N... ბრძანებით ზემოხსენებული სიგარეტების საცალო სარეალიზაციო ფასი შეადგენდა 2.00 ლარს. შპს „...ის“ აღმასრულებელმა დირექტორმა 20.11.2015წ. და 03.12.2015წ. წერილობით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და აცნობა, რომ კომპანიამ გამონახა საშუალება „... კომპაქტი ფილტერსისა“ და „... კომპაქტი ბლუს“ რელიზაცია მოეხდინა უფრო დაბალ ფასად, რის გამოც საცალო სარეალიზაციო ფასად უნდა განსაზღვრულიყო 1.80 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით, სსიპ შემოსავლების სამსახურმა გადაამოწმა კონკრეტული დასახელების სიგარეტების საცალო სარეალიზაციო ფასები და აღნიშნა, რომ „... კომპაქტი ფილტერსისა“ და „... კომპაქტი ბლუს“ იმპორტი გახორციელდა მხოლოდ ნოემბერსა და დეკემბერში. საცალო სარეალიზაციო ფასი ნოემბრის თვეში შეადგენდა 2 ლარს, ხოლო დეკემბერში - 1.78 ლარს. ამასთანავე, შპს „...ის“ წარმომადგენელს 06.01.2016წ. ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ეცნობა, რომ „...ის“ მარკის სიგარეტებთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვთ მხოლოდ ერთხელ დათვლილი ფასებიდან და იგი საშუალოდ შეადგენს 1,80 ლარს, მაგრამ, ვინაიდან კომპანიის მიერ პირველად წარდგენილი სარეალიზაციო ფასი იყო 2.00 ლარი, მიუხედავად 6%-იანი ცდომილებისა მაინც კომპანიის მიერ წარდგენილი ფასი - 2.00 ლარი დადგინდა, რადგან სამინისტრომ არ ჩათვალა მართებულად ფასის კორექტირება. საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული ეწინააღმდეგება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010წ. N996 ბრძანების 771 მუხლის მე-7 ნაწილს, რომლის თანახმად, თუ საქონლის მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის მიწოდებულ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასსა და შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრულ ფასის შესახებ მონაცემებს შორის სხვაობა აღემატება 6 პროცენტს, გამოიყენება შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასი. ამდენად, დაუსაბუთებელია „... კომპაქტი ფილტერსისა“ და „... კომპაქტი ბლუს“ საცალო სარეალიზაციო ფასად 2.00 ლარის განსაზღვრა, რადგან აღნიშნულ ფასსა (2.00 ლარი) და შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრულ ფასს (1.80 ლარი) შორის სხვაობა 6%-ზე მეტია.

სარჩელის წარდგენის ვადისა და პრეიუდიციული გასაჩივრების წესის დარღვევასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შპს „...მა“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.04.2015წ. N... ბრძანებაში ცვლილების განხორციელებისა და ზედმეტად გადახდილი აქციზის თანხის გადაანგარიშების მოთხოვნით 29.12.2015წ. წერილით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს. აღნიშნულ წერილზე გაცემული პასუხი საქმეში წარმოდგენილი არ არის. შპს „...მა“ აგრეთვე მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.11.2015წ. N... ბრძანებაში ცვლილების შეტანის მოთხოვნით, რაზეც სსიპ შემოსავლების სამსახურის 08.01.2016წ. წერილით კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს ეცნობა, რომ მისი მოთხოვნები ვერ დაკმაყოფილდებოდა. ამასთანავე, საქართველოს საგადასახადო კოდექსისი 296.3 მუხლის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის ნებისმიერ ეტაპზე მომჩივანს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს. ამდენად, კასატორების მოსაზრება სარჩელის წარდგენის ვადისა და პრეიუდიციული გასაჩივრების წესის დარღვევასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.12.2017წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ.ვაჩაძე

ვ. როინიშვილი