ბს-651(2კ-19) 11 ნოემბერი, 2019წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილებისა და ქ. ქ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.03.2019წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ. ქ-ემ 16.10.2018წ. სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. სარჩელის დაზუსტების შემდეგ მოპასუხეებად დასახელდნენ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების ცენტრი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილება. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 08.10.2018წ. მიმართვის, ქ. ქ-ისათვის 18.05.2018წ. სარეიტინგო ქულის დადგენის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სსიპ სოცილაური მომსახურების სააგენტოს იმერეთის მომსახურების ცენტრისათვის ქ. ქ-ის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება/შესწავლის დავალება და 2017 წ. 01 აპრილიდან ოჯახის საბოლოო შეფასებამდე ქ. ქ-ისათვის შეწყვეტილი სოციაური დახმარების, ყოველთვიურად 60 ლარის ანაზღაურების დავალება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 29.10.2018წ. განჩინებით ქ. ქ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ტყიბულის მაგისტრატ სასამართლოს.
ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს 21.12.2018წ. გადაწყვეტილებით ქ. ქ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 08.10.2018წ. მიმართვა, ქ. ქ-ისათვის 18.05.2018წ. სარეიტინგო ქულის დადგენის შესახებ აქტი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონულ განყოფილებას დაევალა ქ. ქ-ის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება/შესწავლა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილებისა და ქ. ქ-ის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.03.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილებისა და ქ. ქ-ის მიერ.
კასატორებმა - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონულმა განყოფილებამ მიუთითეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 20.05.2010წ. N141/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესზე“, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ინფორმაციის მოპოვების პროცედურებზე, უფლებამოსილი პირისა და ოჯახის ვალდებულებებსა და დეკლარაციის შევსების წესებზე და აღნიშნეს, რომ ქ. ქ-ის ოჯახის დეკლარაცია შევსებულია ნორმატიულად განსაზღვრული პროცედურების დაცვით. ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი ხელს აწერს დეკლარაციას, რაც ადასტურებს დეკლარაციაში ასახული ინფორმაციის სისწორესა და დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ასახვაზე ოჯახის თანხმობას. საქმის მასალებით არ დასტურდება ოჯახის ვადამდე გადამოწმების საფუძველი.
კასატორი ქ. ქ-ე მიიჩნევს, რომ სადავო აქტები საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე გამოიცა, ორგანოს მიერ არსებული ფაქტობრივი გარემოებები სათანადოდ არ შეფასდა, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ქ. ქ-ის ოჯახს არასწორად შეუწყდა რეგისტრაცია, ამდენად, არსებობს რეგისტრაციის შეწყვეტიდან რეგისტრაციის აღდგენამდე მიუღებელი შემწეობის ანაზღაურების საფუძველი. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრულად ანაზღაურების უფლება. კასატორი თვლის, რომ სააგენტოს მიერ შემწეობის გაცემის დაუსაბუთებლად შეწყვეტის გამო მიადგა ზიანი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილებისა და ქ. ქ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ დეკლარაცია არ შეიცავდა სრულყოფილ მონაცემებს მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებელი პირობებისა და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რამაც ფაქტობრივი მდგომარეობისათვის შეუსაბამო სარეიტინგო ქულის მინიჭება გამოიწვია. კასატორების მოსაზრება, რომ დეკლარაცია ნორმატიულად განსაზღვრული პროცედურების დაცვით არის შედგენილი, არ ადასტურებს სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობას, რადგან ნორმატიული მოწესრიგების ფორმალური დაცვა იმთავითვე არ გულისხმობს აქტის/ქმედების მართლოზმიერებას. აქტის კანონიერების შემოწმებისას ფასდება მისი როგორც ფორმალური, ასევე მატერიალური კანონიერება. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. ქ-ის სარგებლობაში არსებული ფართის ნაწილი საცხოვრებლად გამოუსადეგარია. სააგენტოს უფლებამოსილ პირს შეეძლო აღნიშნული ფაქტის ვიზუალური დათვალიერების შედეგად დადგენა, მას საჯარო რეესტრში დაცული ინფორმაცია უნდა შეეჯერებინა არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობასთან.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ ოჯახის დეკლარაციის შევსებისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო აგრეთვე ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა, საქმეში დაცული სამედიცინო დოკუმენტაციით დასტურდება, რომ როგორც მოსარჩელეს, ასევე მოსარჩელის ოჯახის წევრებს აქვთ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, რაც ოჯახის დეკლარაციის შევსებისას და ქულის მინიჭებისას არ იქნა გათვალისწინებული. ბენეფიციარი ოჯახის რეალურად არსებული მდგომარეობის დადგენა და შეფასება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან თითოეული გარემოების დეტალურად შესწავლასა და გაანალიზებას უნდა ეფუძნებოდეს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. ქ-ის ოჯახს სახელმწიფო გასაცემლისა და ოჯახის წევრის სოციალური პაკეტის გარდა, სხვა შემოსავალი არ აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დეკლარირების შედეგად ქ. ქ-ის ოჯახისათვის იმ ქულათა ოდენობის განსაზღვრა, რომელიც მას ართმევს შემწეობის მოპოვების უფლებას, არ არის დასაბუთებული და არ გამომდინარეობს საქმეში დაცული მასალებიდან. ამდენად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების, სასამართლოს მიერ მთითებული გარემოებების გათვალისწინების შედეგად უფლებამოსილმა ორგანომ ხელახლა უნდა მოახდინოს ქ. ქ-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება.
კასატორ ქ. ქ-ის მოთხოვნა განაცდური კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ ამ ეტაპზე მოკლებულია სათანადო დასაბუთებას, რადგან ჯერ არ არის განხორციელებული ქ. ქ-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი შეფასება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილებისა და ქ. ქ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილებისა და ქ. ქ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.03.2019წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
ვ. როინიშვილი