ბს-6 (კ-19) 11 ნოემბერი, 2019წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. ც-ემ 21.12.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 22.11.2017წ. N MOD71701127581 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 1994 წლის 8 სექტემბრიდან 2000 წლის 11 ივნისამდე მოსარჩელის შსს შინაგანი ჯარების რიგებში ნამსახურობის საერთო ნამსახურობაში ჩათვლის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.04.2018წ. გადაწყვეტილებით დ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 22.11.2017წ. N MOD71701127581 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა დ. ც-ის მიმართ წელთა ნამსახურობის ანგარიშის შედგენა, მოსარჩელის შსს შინაგანი ჯარების რიგებში 1994 წლის 8 სექტემბრიდან 2000 წლის 11 ივნისამდე ნამსახურობის ჩათვლით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.04.2018წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის 59.2 მუხლი, რომლის თანახმად ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით ასევე სარგებლობენ საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზევადიანი და ხელშეკრულებით (კონტრაქტით) სამსახურგავლილი პირები, თუ ისინი გადაყვანილ იქნენ ზემოთ აღნიშნული ერთი უწყებიდან მეორეში. დ. ც-ის წელთა ნამსახურობა თავდაცვის სამინისტროში შეადგენს 15 წელს, 9 თვესა და 3 დღეს, ხოლო მითითებული კანონის 59.2 მუხლიდან გამომდინარე, 1994-2000წწ. შსს შინაგანი ჯარების რიგებში ზევადიანი სამსახურის პერიოდი მოსარჩელეს ვერ ჩაეთვლება საერთო ნამსახურობაში, რადგან არ მომხდარა მისი გადაყვანა შსს-დან თავდაცვის სამინისტროში, არამედ მისი დათხოვნა განხორციელდა პირადი პატაკის საფუძველზე. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ გაამახვილა ყურადღება ამავე კანონის მე-11 მუხლის ჩანაწერზე, იგი ვერ გავრცელდება მოპასუხეზე, რამეთუ დ. ც-ე შსს შინაგან ჯარში მუშაობის დროს არ წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურეს. შინაგან ჯარში მსახური არ ითვლება შეიარაღებულ ძალებში მსახურად, რადგან შინაგან ჯარში მსახური წარმოადგენს სამხედრო ძალებში და არა შეიარაღებულ ძალებში მსახურს. ამდენად არ არსებობს სადავო გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის 16.1 მუხლის მიხედვით პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: პროკურატურის ორგანოებში სამსახური, სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური და სხვ. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო პერიოდში, კერძოდ 1994 წლის 8 სექტემბრიდან 2000 წლის 11 ივნისამდე დ. ც-ე მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ძალების სამხედრო ნაწილში, ხოლო 19.06.2000წ. გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს შინაგანი ჯარების შესახებ“ კანონის (ძალადაკარგულია 22.03.2005 წლიდან) 1-ელ მუხლზე, რომლის თანახმად, საქართველოს შინაგანი ჯარები შედიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და წარმოადგენენ საქართველოს სამხედრო ძალების შემადგენელ ნაწილს. „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 1-ლი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე („სამხედრო ვალდებულების და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სამხედრო უწყებებში, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ სადავო პერიოდი ვერ ჩაითვლება წელთა ნამსახურობაში, რადგან აღნიშნულ პერიოდში დ. ც-ე არ წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურეს, რამეთუ იგი მსახურობდა შინაგან ჯარში, რაც არ წარმოადგენს შეიარაღებულ ძალებში სამსახურს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის 1-ლი მუხლი განსაზღვრავს კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირთა წრეს, რომლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში/თავდაცვის ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში და სხვ. ამდენად დ. ც-ე მიეკუთვნება ზემოაღნიშნული მუხლით დადგენილ კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირთა წრეს, რამეთუ სადავო პერიოდში იგი მსახურობდა სამხედრო ძალების შემადგენელ ნაწილში, კერძოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში და იყო სამხედრო მოსამსახურე. ზემოაღნიშნული კანონის 16.4 მუხლის მიხედვით წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან. შესაბამისად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა საკასაციო საჩივარში კასატორის მიერ გაკეთებული განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ დ. ც-ეს წელთა ნამსახურობაში ვერ ჩაეთვლება სადავო პერიოდი, რამეთუ მისი გადაყვანა არ მომხადა ერთი უწყებიდან მეორეში ზემოაღნიშნული კანონის 59.2 მუხლის საფუძველზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დ. ც-ის გათავისუფლება მოხდა სწორედ თადარიგში დათხოვნით, ხოლო დასახელებული მუხლის დანაწესი ვერ გავრცელდება სადავო ურთიერთობაზე, რამეთუ აწესრიგებს განსხვავებულ შემთხვევას და დ. ც-ე არ არის კანონის 59.2 მუხლის სუბიექტი. ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი დ. ც-ის წელთა ნამსახურობაში შსს შინაგან ორგანოებში მუშაობის პერიოდის ჩათვლასთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, შესაბამისად არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი