Facebook Twitter

ბს-850 (2კ-19) 17 ოქტომბერი, 2019 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ა. ა-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.05.2019წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ა-მა 30.08.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვა „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 09.12.2016წ. ოქმის ბათილად ცნობა, ა. ა-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 30.07.2018წ. N04/43074 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა და ა. ა-ის ოჯახის, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციის 09.12.2016 წლიდან აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.11.2018წ. გადაწყვეტილებით ა. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 09.12.2016წ. ოქმი და ა. ა-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 30.07.2018წ. N04/43074 წერილობითი მიმართვა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და ა. ა-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.05.2019წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ა. ა-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ა. ა-ის მიერ.

კასატორმა - სსიპ სოციალური მომხახურების სააგენტომ აღნიშნა, რომ ა. ა-ის ოჯახში სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ვიზიტი განხორციელდა სამჯერ, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. ქვედა ინსტანციის სასამართლოებს უნდა ეხელმძღვანელათ საქართველოს მთავრობის 24.04.2010წ. N126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-11 მუხლის დანაწესით, რომელიც სააგენტოს უფლებამოსილი პირის ფუნქციებსა და უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს. „სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ინსტრუქციის“ თანახმად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია ოჯახში ვიზიტამდე მოიძიოს ოჯახის შესახებ მისთვის აუცილებელი ინფორმაცია მონაცემთა ბაზიდან, ამასთანავე უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია ნებისმიერი წყაროდან (მაგ. მეზობლებისაგან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან და სხვა წყაროებიდან ოჯახის შემადგენლობის, შემოსავლების, სახელმწიფო საზღვრის კვეთის, უძრავი და მოძრავი ქონების, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შესახებ) და ინტერვიუირების პროცესში შეადაროს იგი ოჯახის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-10 მუხლის 21 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება, ოჯახისათვის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, განმეორებითი რეგისტრაციის აკრძალვის გაუქმების შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს ა. ა-ის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

კასატორმა - ა. ა-მა აღნიშნა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებს სრულად უნდა დაეკმაყოფილებინათ სარჩელი, რადგან საქმის მასალებით დასტურდება სადავო აქტების უკანონობა და სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობა. ამდენად, სადავო გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. სსკ-ის 249-ე მუხლი იმპერატიულად ადგენს ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანის ვალდებულებას. სამართლიანი სასამართლოს უფლება გარანტირებულია ასევე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით. კასატორი აღნიშნავს, რომ თითოეული ადამიანის უფლება სოციალურ უზრუნველყოფაზე გარანტირებულია როგორც ეროვნული კანონმდებლობით (საქართველოს კონსტიტუცია, „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონი, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.04.2010წ. N126 დადგენილება), ასევე ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, ევროპის სოციალური ქარტიითა და „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ ქარტიით. კასატორი მიუთითებს, რომ მის მისამართზე ვიზიტი განხორციელდა მხოლოდ ერთხელ 08.12.2016 წელს, რაც დასტურდება მეზობლების წერილობითი განცხადებით. მეზობლები ხელმოწერით ადასტურებენ კასატორის და მისი ოჯახის უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, კასატორის 05.12.2016წ. თბილისში სამკურნალოდ გამგზავრებას, ასევე 08.12.2016წ. სოციალური მუშაკის ინფორმირებას კასატორის თბილისში გამგზავრებასთან დაკავშირებით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი ნამდვილად სამჯერ იმყოფებოდა ა. ა-ის ოჯახში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მიზნით. სადავო ოქმში მითითებული პირების დასტურები გაქარწყლებულია თვით ამ პირთა განმარტებებით. კასატორი მიუთითებს, რომ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“, „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“, „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ პირობების დარღვევის არ არსებობის შემთხვევაში, დაუსაბუთებელი და უკანონოა ა. ა-ის ოჯახისათვის საარსებო შემწეობის შეწყვეტა და მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის გაუქმება. ამდენად, სზაკ-ის 96.1 და 60.1 მუხლების საფუძველზე არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობისა და სასარჩელო მოთხოვნების სასამართლოს მიერ სრულად დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ა. ა-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 22.08.2006წ, N225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ 16.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად საარსებო შემწეობის შეწყვეტის საფუძველია ოჯახის მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმება, ხოლო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 20.05.2010წ. N141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ 14.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით სააგენტოს უფლებამოსილი პირი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეწყვეტის შესახებ ოქმს ავსებს თუ ვერ ხერხდება ოჯახის წევრებთან ან უფლებამოსილ წარმომადგენელთან შეხვედრა, რაც ოჯახის მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია. ამასთან, ამავე წესის 14.7 მუხლის მიხედვით ზემოაღნიშნული საფუძვლით ოქმის შესავსებად აუცილებელია სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სამი ვიზიტის განხორციელება შესაბამის ოჯახში. მოცემულ შემთხვევაში სწორედ ზემოაღნიშნული საფუძვლით შედგა გასაჩივრებული ოქმი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა ხელახლა გამოკვლევის საჭიროების შესახებ, რადგან საქმის მასალებით უტყუარად არ დასტურდება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ა. ა-ის ოჯახში სამჯერ განხორციელებული ვიზიტის შესახებ. სადავო ოქმზე დაფიქსირებულია მეზობლების ხელმოწერები, რომლებიც სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენილის ვიზიტს ხელმოწერითვე ადასტურებენ, თუმცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მათ მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები, სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლის ა. ა-ის ოჯახში ვიზიტთან დაკავშირებით, ბუნდოვანი და ურთიერთსაწინააღმდეგოა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოსა და ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსლებების ფარგლების გათვალისწინებით, სასამართლო მოკლებულია დავის არსებითი გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შესაძლებლობას, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საჭიროებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ა. ა-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ა. ა-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.05.2019წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი